ufleba.ge
ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, კონფლიქტის ზონა ვინ გააფართოვა და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა, ვინ დატოვა კოჯორში მთელი ჩვენი ძვირადღირებული შეიარაღება და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები, ამ კითხვებზე პასუხი უსათუოდ გასაცემია, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარი საარჩევნო შტაბის პრეზენტაციაზე განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ომთან დაკავშირებით მის მიმართ „დაჟინებული და უაზრო კითხვები ისმის, რომელიც დაფუძნებულია კონტექსტიდან ამოგლეჯილ სიტყვებზე“.
მისი თქმით, არსებობს ძალიან ბევრი სხვა კითხვა, რომელსაც პასუხები სჭირდება.
„რატომ არ მოუსმინა იმ დროინდელმა ხელისუფლებამ, რასაც კარნახობდნენ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, რასაც ფაქტობრივად ყოველდღიურად კარნახობდნენ, რატომ არ გამოაცხადა იმთავითვე ხელისუფლებამ რუსეთი აგრესორად, დღეს რომ მეკითხებით და რატომ დაელოდა სამ დღეს.
ვინ იყო აგრესორი, მანამდე რა გვესმოდა, რომ რუსეთმა არ იცის, სეპარატისტები არიან დამნაშავეები და რუსეთი ვერ აკონტროლებს თურმე თავის მიერ მართულ სეპარატისტებს.
ამას გვეუბნებოდნენ ქვეყნის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, ქვეყნის კონფლიქტთა მინისტრი, ქვეყნის პრეზიდენტი. როგორც ჩანს, ამაზე კითხვა არ გაგაჩნიათ“, – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა მედიას.
ამასთან, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის ერთ-ერთი კითხვაა, რატომ არავინ მიმართა საერთაშორისო საზოგადოებას პირველივე დღეს, როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო.
„რატომ არ ვთქვით მაშინვე, რომ რუსეთმა ომი დაიწყო, რას ელოდა ქვეყნის იმ დროინდელი ხელისუფლება?
და ბოლოს, ვინც მაბრალებს, რომ სამართლებრივი კუთხით, საერთაშორისო სასამართლო დავების წარმართვის დროს შეიძლება, ჩემი ართქმული, კიდევ ვიმეორებ, ციტატები იყოს გამოყენებული ქვეყნის წინააღმდეგ, რატომ არავინ მიიჩნევს, რომ ჩვენი ქვეყნის მაშინდელი პრემიერის, პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრის იმ დროინდელმა განცხადებებმა და ნათქვამმა იმ დღეებში, არ შეიძლება ავნოს საქართველოს საქმეს საერთაშორისო სასამართლოებში, რატომ ამაზე არ ვფიქრობთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის თქმით, მას არ უყვარს სიტყვა მოღალატე, მაგრამ ბევრ კითხვაზეა პასუხი გასაცემი.
„ვინ არის მოღალატე, ეს სიტყვა არ მიყვარს, არ ვიყენებ და მერიდება კიდეც რომ გამოვიყენო მათ მიმართ, მაგრამ ვიკითხოთ – ვინ დაარქვა ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ვინ გააფართოვა კონფლიქტის ზონა და ცხინვალის რეგიონი სამხრეთ ოსეთად ოფიციალურად მონათლა, ვინ დატოვა კოჯორში მთელი ჩვენი ძვირადღირებული შეიარაღება და ვინ დატოვა ტყეში ჩვენი ბიჭები, ამ კითხვებზე როდესაც გავცემთ ერთად პასუხს და ეს უთუოდ იქნება გასაცემი.
ეს არ არის დამოუკიდებული იმაზე, ვიქნები პრეზიდენტი თუ არა, მაგრამ მე ვიქნები. ა, კითხვებზე პასუხი სხვა რამეზეა დამოკიდებული, რომ ჩვენ ბოლოს და ბოლოს, ჩვენს წარსულზე, ჩვენი ხელისუფლების დანაშაულებებზე ვიცოდეთ რეალობა, რადგან წინ გვაქვს მომავალი. ამ მომავალში საქმე უნდა ვაკეთოთ, გავამთლიანოდ და რომ გავამთლიანოდ, ჩვენს ძმებს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთის ე.წ რესპუბლიკებში, კიდევ რამე რომ არ დამაბრალოთ, უნდა მივმართოთ, რომ ისინი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომ მათ არ სჭირდებათ რუსეთის დაცვა ჩვენგან, რომ აუცილებელად გავმთლიანდებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 2008 წლის ომთან დაკავშირებით კითხვა ჟურნალისტმა შემდეგი ფორმულირებით დაუსვა:
„აგვისტოს ომთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია თქვენი პოციზია? თუკი პრეზიდენტი გახდებით, ხმამაღლა დააფიქსირებთ, რომ ომი დაიწყო საქართველომ?“
აღნიშნულ კითხვას ზურაბიშვილმა შემდეგი პასუხი გასცა:
„ჯერ ერთი, უნდა ვიყოთ ტერმინებში სწორი. მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციები, რომლებზეც მაშინ გვაფრთხილებდნენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები, პროვოკაციებს არ ავყვები. როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენ მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო“.
სალომე ზურაბიშვილს ისევე, როგორც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამჯერადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა არ დააყენა.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება.