„მარცხენასაჭიან და ოთხკარიან იმ ტაქსის მძღოლებს, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემათ“
ufleba.ge
დედაქალაქის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა და იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომლითაც 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები რეფორმის ფარგლებში მიიღებენ.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებულ მარცხენასაჭიან და ოთხკარიან იმ ტაქსის მძღოლებს, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემათ.
მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი ტაქსის მფლობელების მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს და რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.
„თბილისის მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა და კონცეფცია, რომლის ფარგლებში, მფლობელს, რომლის ტაქსი რეგისტრირებულია 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც კერძო ავტომობილებისთვის პირველი იანვრიდან სავალდებულო ხდება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. კარგად მესმის, რომ ეს ადამიანები აღნიშნული სერვისის განხორციელებით, ოჯახებს არჩენენ. შესაბამისად, მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ და არ დაეხარჯებათ არცერთი თეთრი”, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ტაქსების მოწესრიგებასთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების პროცესში დედაქალაქის მერიას საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა აქვს.
„პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა. პროცესი მსურველებზე ახლაც მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ ვინც არ არის დარეგისტრირებული, ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან. აქვე მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძემ რეფორმის მეორე ეტაპზეც ისაუბრა, რომელიც მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში და ტაქსის ვიზუალური სტანდარტის ამოქმედებას ითვალისწინებს.
„ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს. იცით, რომ საკრებულოში ჩვენს მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომელთა ოჯახებისთვის ტაქსის მომსახურებით მიღებული შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები გარკვეულ შეღავათებს მიიღებენ. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან; ექნებათ სპეციალური ადგილები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რეკლამა განათავსონ; ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე გამოყოფილი იქნება სპეციალური საპარკინგე ადგილები, რომელიც ტაქსის მძღოლებისთვის უფასო იქნება; მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ტაქსების რეფორმის ფარგლებში, კიდევ ერთი სიახლე მძღოლებისთვის ქიმიური წმენდის ვაუჩერების გადაცემაა. აღნიშნული შეღავათით ასევე, 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული იმ ტაქსების მფლობელები ისარგებლებენ, რომელთაც ტექნიკური ინსპექტირება აქვთ გავლილი.
კახა კალაძის განცხადებით, ტაქსის მფლობელებს აღნიშნულ ვაუჩერებს გადასცემს კომპანია, რომელიც დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვებს.
„ტაქსების ჰიგიენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საზოგადოების მხრიდან უკმაყოფილება დიდია. შესაბამისად, გვაქვს სიახლე, რომელიც მომხმარებელთა მოთხოვნაზეა მორგებული. ტაქსებში მეტი სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული ტაქსების მფლობელებს, რომელთაც ასევე, გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი, სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები გადაეცემათ. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მფლობელებს არ მოუწევთ არც ერთი ლარის გადახდა და არც ქალაქის ბიუჯეტიდან დაიხარჯება არცერთი ლარი. აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, რომელიც ტაქსებზე ორი წლით რეკლამის განთავსების სანაცვლოდ, ტაქსების გადაღებვის სამუშაოებს დააფინანსებს და სალონის ქიმიურ წმენდას ჩაატარებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, ტაქსებისთვის სამღებრო და ქიმიური წმენდის სამუშაოები 2018-2019 წლის პერიოდში განხორციელდება.
„2019 წლის პირველი ოქტომბრიდან დედაქალაქში ერთი ფერის ტაქსები გვეყოლება, რომლებიც ყველა თვალსაზრისით, მოწესრიგებული იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა და მგონია, რომ საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება. მინდა კარგად გვესმოდეს, რომ ტაქსის რეფორმა აღნიშნული სფეროს განვითარებასა და მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება უკეთესი მომსახურების მიწოდებას ემსახურება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ დედაქალაქის მასშტაბით, შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში, 250-მდე სადგომით, რომლითაც ტაქსის მძღოლები უფასოდ ისარგებლებენ. ტაქსის რეფორმის ფარგლებში, ეკონომიკურად აქტიურ ზონებში, ტაქსებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებზე სხვა ავტომანქანების გაჩერება აიკრძალება.
„დღეის მდგომარეობით, უკვე შერჩეულია 60-ზე მეტი ლოკაცია, ჯამში, 250-მდე ტაქსის სადგომით. ეს ლოკაციები განკუთვნილი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის და იქ სხვა ავტომანქანების განთავსება აიკრძალება, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამოიწერება ჯარიმა. ამ ადგილებზე სპეციალურად აღინიშნება, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ტაქსებისთვის. რასაკვირველია, ტაქსის მძღოლები აღნიშნული ადგილებით უფასოდ ისარგებლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აღნიშნული რეფორმის მნიშვნელობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მთავრობა დამატებითი ადგილების გამოსაყოფად მუშაობას განაგრძობს.
„მგონია, რომ ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელიც დედაქალაქის ვერცერთმა მთავრობამ ვერ განახორციელა. საზოგადოების მხარდაჭერით, აღნიშნული გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ კეთდება. პარალელურად, ვითარდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემოგვყავს ახალი ავტობუსები, უნდა დავამატოთ მეტროს ვაგონები და მოვაწესრიგოთ მეტროსადგურები. 2019 წლის ბოლოსთვის დედაქალაქს სრულად განახლებული ავტობუსების პარკი ეყოლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი პოპულარული, კომფორტული და რაც შეიძლება სწრაფი უნდა გავხადოთ, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქში ყველაზე მოხერხებული იყოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უზნაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია ასრულებს. ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.
„მთავრობის წინა სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვისაუბრე, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა რაიონებში წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა არის კონკრეტული ადგილი - უზნაძის ქუჩა, სადაც სერიოზული პრობლემაა, სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა, სამუშაოები მიატოვა და დღეს ქუჩა გადათხრილი და მიტოვებულია. მაინტერესებს ამჟამად რა მდგომარეობაა“, - მიმართა მან მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს.
ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უზნაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, საჯარიმო სანქციები დაეკისრა.
„გასულ კვირას შემსრულებელ კომპანიას შევხვდით, რომლის მიმართაც საჯარიმო სანქციები გატარდა. ასევე, დღეის მდგომარეობით, მათთან ხელშეკრულება შეწყვეტილია. აღნიშნულ ქუჩაზე ახალი გამარჯვებული კომპანიაა შესული და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გვაქვს დავალება მიცემული, რომ უახლოეს დღეებში, მთლიანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდეს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.
კახა კალაძის თქმით, მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რადგანაც ეს ყველაფერი დედაქალაქის მოწესრიგებისთვის კეთდება.
„სწორი მიდგომა უნდა გვქონდეს ჩვენ ყველას, მათ შორის კომპანიებსაც, რადგან ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, თავიანთი ოჯახებით და ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მათ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, სამუშაოებს გულით მოეკიდონ და კარგად ჰქონდეთ გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხვალინდელი დედაქალაქი მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა კი, გამართული იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ყურადღება გამახვილდა, „თბილისობა 2018“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებია. კულტურულ-გასართობი ღონისძიებები თბილისში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და დედაენის ბაღში, რიყის პარკში, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ევროპის მოედანსა და ლეღვთახევში გაიმართება.
„ღონისძიებები, რომელიც „თბილისობა 2018“-ის აღსანიშნავად დედაქალაქში 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება, საკმაოდ დატვირთული იქნება. 6 ოქტომბერს ევროპის მოედანზე შედგება „თბილისური ვოდევილის“ პრემიერა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული სცენის ვარსკვლავები ყველა იმ ეთნოსითა და ნიუანსით, რომელიც თბილისს ახასიათებს. სცენაზე მულტიკულტურული თბილისი გაცოცხლდება. „თბილისობის“ დღესასწაულის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი იქნება „გვიდირიჟორე“. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე განთავსებული ორკესტრი მსმენელს პოპულარულ მელოდიებს შესთავაზებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, 7 ოქტომბერს, კონკას მიმდებარე სკვერში, კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტი გაიხსნება და „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება. პირველი რესპუბლიკის მოედანზე კი, თბილისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება და გრანდიოზული გალა-კონცერტი შედგება, რომელიც ასევე, რევაზ ლაღიძის შემოქმედებას მიეძღვნება.
„კონცერტს მუსიკალურად გააფორმებს ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, ხოლო სცენაზე იდგება ყველა ის მომღერალი, რომელიც სიმღერებს გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის რეპერტუარიდან ასრულებს. ასევე, რიყის პარკში მოეწყობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ყვავილების ინსტალაცია, რომლის გარშემოც სხვადასხვა კულინარიული კუთხეები განთავსდება. საზეიმო ღონისძიებების პროგრამა საკმაოდ საინტერესო იქნება. ამიტომ, მივმართავ ყველას, ვისაც გაუხარდება, მოვიდეს, მოიყვანონ შვილები, შვილიშვილები და „თბილისობა“ ერთად ვიზეიმოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.