„70 ათასმა ადამიანმა გამოიარა ომი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმები, სახელმწიფოს ვალია და გაცნობიერებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც გვაკისრია თქვენს წინაშე“
ufleba.ge
ვეტერანების დღესთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში საზეიმო მიღება გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ: საქართველოს ვიცე -პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი დავით სუჯაშვილი, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი შალვა ჯაბახიძე, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კობა კობალაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია, გენერალი გიორგი ყარყარაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ალექსი ბარბაქაძე, „საქართველოს გენერალთა კლუბის“ წევრები, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელი საქართველოში სევერნიან შაპაზი, გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ბონდო მაკარაძე.
მიღებას ასევე ესწრებოდნენ თურქეთის თანამშრომლობისა და განვითარების სააგენტოს (TIKA), გერმანული კომპანია „ოტობოკის“, თვალის კლინიკის "ლაიონსების", ორგანიზაცია „ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავალის“, ვეტერანთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მრჩეველთა საბჭოს წევრები, უწყების თანამშრომლები და ვეტერანები.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ, რომელმაც ვეტერანების სახელით მადლობა გადაუხადა პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებს ვეტერანებზე ზრუნვისათვის და მათ წინაშე დააყენა ის პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ ოპერატიულ გადაწყვეტას.
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ვეტერანებს ვეტერანის დღე მიულოცა. მისი თქმით, სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღების გამოხატულებაა ის გადაწყვეტილება, რომ ვეტერანთა სამსახური ცალკე შენობაში და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა.
„ჩვენი ისტორიის, მათ შორის უახლესი ისტორიის განმავლობაში, იმდენი კონფლიქტი გამოვიარეთ, რომ 70 ათას ვეტერანამდე გვყავს საქართველოში. ისეთი მასშტაბისა და ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს ძალიან ბევრია. ყველაზე ტრაგიკულია ის, რომ 70 ათასმა ადამიანმა გამოიარა ომი, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმები. სახელმწიფოს ვალია და გაცნობიერებული გვაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც გვაკისრია თქვენს წინაშე.
მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ბევრი რამ გავაკეთეთ კონკრეტული საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის. ეს ეხება ჯანდაცვის სფეროში გაზრდილ დაფინანსებას, ვეტერანთა ოჯახებისთვის გაზრდილ შესაძლებლობებს განათლების სფეროში, ბევრი სხვა სოციალური საკითხიც გადაწყდა, თუმცა ვიცით მეტია საჭირო იმისთვის, რომ შესაბამისი პატივით მოვეკიდოთ თქვენს დამსახურებას. მუდმივად გვაქვს საუბარი ვეტერანებთან, მათ შორის მათთან, ვინც დღეს ხელისუფლებაში, პარლამენტშია, მათი შესაძლებლობების, უსაფრთხოებისა და სხვა სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების უკეთ გამოყენების შესახებ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე.
ვეტერანებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კობა კობალაძემ. მათ ასევე შემდგომი მხარდაჭერა აღუთქვეს პრობლემატური საკითხების მოგვარებაში.
ვეტერანების სახელით დამსწრეებს მიმართეს: გენერალ-მაიორმა გიორგი ყარყარაშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარემ დოდო გუგეშაშვილმა და ომის ვეტერანთა უფლებების დაცვის ასოციაცია „პატრიოტის“ თავმჯდომარემ ვახტანგ მაჭავარიანმა.
საქართველოში ვეტერანის დღე 2014 წლიდან აღინიშნება. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართა.