"მივმართავ ფინანსთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას! იქნებ ჩვენ ყველა ძალიან გაუნათლებლები ვართ და არ გვესმის როგორ გადავანაწილოთ ეს ოცდაორი ლარი"
ufleba.ge
საერთაშორისო ასოციაცია ”დაიცავი შენი წილი სამშობლოს” თავმჯდომარემ დოდო გუგეშაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების პრობლემებზე ისაუბრა. გუგეშაშვილი ხელისუფლებას ვეტერანების მწირი დახმარების პრობლემის მოგვარებას სთხოვს. ვეტერანები ასევე ბიძინა ივანიშვილთან პირადად შეხვედრას ითხოვენ.
„წინა ხელისუფლების პირობებში, ვეტერანებს აკადრეს 22 ლარი და ეს იყო მათი ერთადერთი შემოსავალი. დღევანდელი ხელისუფლების დროს, კონკრეტულად ივანიშვილის მეცადინეობით, მოხდა ის, რომ თუ ადრე ვეტერანებს კანტორასავით დეპარტამენტი ჰქონდათ, გვაქვს უკვე სახელმწიფო სამსახური, თავისი ბიუჯეტით. რომელიც გასცემს საგარანტიო წერილებს, თუ ვეტერანის დაზღვევა ვერ წვდება იმ მოთხოვნას, რომელიც აქვს ვეტერანის ჯანმრთელობას, მხედველობაში მაქვს წამალი, გამოკვლევა. ომში დაღუპული გმირების ოჯახებს აქვთ 1000-ლარიანი სუბსიდია.
პრობლემაა ის, რომ დარჩა ისევ 22-ლარიანი სუბსიდია. მივმართავ, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, მთავრობას: არ ვიცით და არ გვესმის, იქნებ მათ აგვიხსნან და გვასწავლონ 22 ლარი ვეტერანმა როგორ გადაანაწილოს – გადაიხადოს შუქის, გაზის ფული, საჭმელი მიიტანოს სახლში. 73 000 ვეტერანია საქართველოში. ძალიან კარგია, რაც გაკეთდა და მადლობა დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ დიდ საყვედურს ვეუბნებით 22 ლართან დაკავშირებით, ვეტერანების შესახებ კანონის მიუღებლობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა გუგეშაშვილმა.
ამავე აზრს იზიარებს უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების მოძიების არასამთავრობო ორგანიზაცია „მოლოდინის“ წევრი ბელა ზალდასტანიშვილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ვეტერანებთან პირისპირ შეხვედრას და მათი გასაჭირის მოსმენას სთხოვს.
„მე მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, რომ ამ ვეტერან საცოდავ ბიჭებს მიხედონ. ვთხოვ, ბატონ ივანიშვილს, რომ შეგხვდეს ჩვენ, რომ ჩვენი გულისტკივილი პირადად მოვასმენინოთ და გაიზიაროს რაც ჩვენ გვაწუხებს“,- აცხადებს ზალდასტანიშვილი.
https://www.youtube.com/watch?time_continue=79&v=vHUQJKG16EM