მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ცესკო - საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია - 28 ნოემბერი 2018

მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს და ერთი ხმაც გადამწყვეტია, გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს

ufleba.ge

ამომრჩეველთა აქტივობამ დღის 12:00 საათისთვის 19.6 პროცენტი შეადგინა, რაც ჯამში 688 551 ამომრჩეველია, – ამის შესახებ ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

აქტივობის მაჩვენებელი მეორე ტურში, პირველი ტურის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. 28 ოქტომბერს დღის 12:00 საათისთვის საკუთარი არჩევანი 15.96 პროცენტს ჰქონდა დაფიქსირებული.

ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურში ფიქსირდება, სადაც რეგისტრირებულ მოქალაქეთაგან 25-მა პროცენტმა უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 14 პროცენტი კი ხულოშია.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ საარჩევნო უბნებზე თითოეულმა ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.

საქართველოს მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 73 საარჩევნო ოლქში გახსნილია 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი.

საზღვრებს გარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა 55-ს შეადგენს. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურისთვის, ამომრჩევლები ხმას იმავე საარჩევნო უბანზე აძლევენ, რომელიც მათთვის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურისთვის გახსნა და, სადაც ამომრჩევლებმა ერთხელ უკვე მისცეს ხმა.

28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაა 3 528 658.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორი კანდიდატი მონაწილეობს. მოქალაქეებს საარჩევნო ბიულეტენში პირველი ტურის ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატების სახელი და გვარი დახვდება – #5 გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და #48 სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი. ამომრჩეველს არჩევანის გაკეთება სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის მოუწევს.

პირველი ტურისგან განსხვავებით, მეორე ტურში 50%-იანი ბარიერი აღარ არსებობს და ერთი ხმაც გადამწყვეტია. გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც უფრო მეტ ხმას მიიღებს.

28 ნოემბერი, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოში უქმე დღეა.

https://www.youtube.com/watch?v=u5fpNhm7wKw

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია