„ნუ გვაიძულებთ ომის ვეტერანები ქუჩაში გამოვიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ“
ufleba.ge
საერთაშორისო ორგანიზაცია „დაიცავი შენი წილი სამშობლო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას კატეგორიულად გმობს. ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან (დოდო) გუგეშაშვილი აცხადებს, რომ საქართველო ისედაც მცირემიწიანი ქვეყანაა და უცხოელებზე გასხვისება კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს.
„კატეგორიულად ვგმობთ ჩვენი წინაპრების სისხლითა და ძვლებით გაპოხიერებული მიწების უცხოელებზე გადაცემას. წინა ხელისუფლებების პირობებში, ისედაც უამრავი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო მიწა გაიყიდა და დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იგივე დანაშაულებრივ ტენდენციას აგრძელებს.
თუნდაც ერთკვირიანი ვადა საშუალებას იძლევა, რომ მიწები ელექტრონულად გასხვისდეს. ამიტომ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა, ადრე თუ გვიან, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, იუსტიციის სახლებსაც დაეკისრება.
მოვუწოდებთ შესაბამის სტრუქტურებს, თუნდაც 16-მდე შეაჩერონ აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედება. ჩვენ ვიცავდით საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ამაში, უპირველესად, ქართული მიწა-წყალი მოიაზრება. იძულებულს ნუ გაგვხდით, რომ ომის ვეტერანები ქუჩაში გამოვიდეთ საკონსტიტუციო სასამართლოს წინააღმდეგ“, - აცხადებს „დაიცავი შენი წილი სამშობლოს“ თავმჯდომარე დოდო გუგეშაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად გამოაცხადა.
მორატორიუმის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში საბერძნეთის მოქალაქეებმა შეიტანეს, რომლებიც საქართველოში მემკვიდრეობით მიღებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში დარეგისტრირებას მორატორიუმის გამო ვერ ახერხებდნენ.
პლენუმმა გადაწყვეტილება საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოაცხადა, რადგან სასამართლოს ანალოგიური გადაწყვეტილებები 2012 და 2014 წლებში მიღებული აქვს.
უცხოეთის მოქალაქეებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისების შესახებ შეზღუდვებს კვლავ აწესებს.