ufleba.ge
სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა სცადა. ანა ტყეშელაშვილმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თითქმის ყველა საჯარო უწყება სამსახურის დაწყების თხოვნით შემოიარა, თუმცა მუშაობის დაწყებაზე უარი ყველგან ერთი და იგივე მიზეზით უთხრეს.
ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით არ ასაქმებენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. უკიდურესად გაჭირვებული ახალგაზრდა ქალი მეტეხის ხიდიდან მტკვარში გადახტა.
მანამდე კი მან „ფეისბუქ ლაივში“ ისაუბრა საკუთარი პრობლემის შესახებ. მისი დახმარება პოლიციელებმა დროულად შეძლეს. ამ დროისათვის ტყეშელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„ეძებს სამსახურს, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახა. აქვს ბანკის ვალები, ჰყავს თავდებები, იმ თავდებებს ეჭრებათ ეს თანხა, ურეკავენ და ვერ აიტანა.
თვითონაც საუბრობს, „ნაციონალების“ პარტიაში ვარ, ამას მისახელებენ მიზეზად და ამიტომ ვერსად ვნახულობ სამსახურსო,“-ამბობს ნათესავი ლიზა მელიანოვა.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ქვეყანაში სუიციდის მაჩვენებელი 170 პროცენტით გაიზარდა - ათ თვეში 1518 თვითმკვლელობა მოხდა, - ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.
ოფიციალური ინფორმაციით, წინა წლის ათ თვეში თვითმკვლელობამდე მიყვანის, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 562 საქმე იყო აღძრული, მიმდინარე წლის ათ თვეში კი ეს მაჩვენებელი 1518-მდე გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2018 წლის ათ თვეში თვითმკვლელობების რიცხვი 956 ერთეულით არის გაზრდილი.
http://rustavi2.ge/ka/news/121470