მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"გერმანიაში განიხილება კანონი ლეგალური შრომითი მიგრაციის წესებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება" - 18 დეკემბერი 2018

ufleba.ge

გერმანიაში განიხილება კანონი ლეგალური შრომითი მიგრაციის წესებზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა გერმანიაში საქართველოს ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რომელიც „ელჩების კონფერენცია 2018“-ს ესწრება.

„გერმანიაში ე.წ. დასავლეთ ბალკანეთის რეგულაციები არსებობს, რომელიც გულისხმობს, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეებზე ლეგალური შრომითი მიგრაციისთვის გამარტივებული პროცედურები არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისინი გერმანიაში დამსაქმებელს ნახავენ და შესაბამისი სამუშაო ხელშეკრულება აქვთ მაშინ შეუძლიათ, რომ დროებითი სამუშაო ვიზა მიიღონ და დასაქმდნენ. ასევე, ეს გერმანიაში პროფესიული განათლების კურსების დამთავრებაზე, შესაბამისი სამუშაო ადგილის მოძებნასა და დასაქმებაზე ვრცელდება.

გერმანიის ბუნდესტაგი დღეს მიგრაციის კანონს განიხილავს, რომელმაც უნდა დაარეგულიროს, როგორც ახლა არსებული მიგრაციის პროცედურები, ასევე ლეგალური შრომითი მიგრაციის წესები. ახალ კანონპროექტში საქართველო, როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა ხვდება და კანონი საქართველოს მოქალაქეებზეც გავრცელდება. ეს ერთი მხრივ შეეხება, როგორც მაღალ კვალიფიციურ კადრებს, ასევე იმ სამუშაო ადგილის მძებნელებს, რომელთაც პროფესიული განათლების კურსი აქვთ დამთავრებული ან გერმანიაში დამსაქმებელს იპოვიან“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

მისი თქმით, ლეგალური დასაქმება რამოდენიმე სექტორს ეხება. მისი განცხადებით, დაახლოებით სამი კვირის წინ გამოქვეყნდა გერმანიის ერთ-ერთი ინსტიტუტის კვლევა, რომ გერმანიას შემდეგი წლების განმავლობაში დაახლოებით 400 ათასი სამუშაო ძალა სჭირდება, რათა გერმანიის ეკონომიკამ განვითარებისთვის ის ტემპები შეინარჩუნოს, რაც შემდეგი წლების განმავლობაში აუცილებელია.

„აქედან გამომდინარე, გერმანიას სჭირდება კადრები ორივე მიმართულებით, როგორც მაღალი კვალიფიკაციის, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით. ეს კანონპროექტი კვოტებს არ ითვალისწინებს და პრიორიტეტული სექტორები იქნება, სადაც უფრო მეტი სამუშაო ადგილია. ასევე, დამოკიდებული იქნება სამუშაო ბაზრის მოთხოვნებზეც“, – განაცხადა ელგუჯა ხოკრიშვილმა.

ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს. 

"გერმანიაში მუშავდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება", - ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტისას, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ შორის საქართველოსთვის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის ჩვენ ამ კვოტებს შევქმნით, ჩამოვაყალიბებთ, რათა დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზები არსებობდეს“, – განაცხადა კანცლერმა.

ამასთან, მისი თქმით, მათ შორის საუბარია პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებაზე.

ანგელა მერკელმა გერმანული ენის სწავლების ხელშეწყობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„გარდა ამისა, გერმანული ენის ხელშეწყობა, უმაღლესი განათლების მიღება იმ დონეზე, რათა ათვისებული და გაძლიერებულ იქნას გერმანიაში აღიარებული პროფესიული ხელობა. ეს არის ძალიან რთული. რასაც ადამიანები სწავლობენ და ითვისებენ, ამის გამოყენება უნდა შეეძლოთ ისევ და ისევ გერმანიაში ლეგალურად. ვფიქრობ, საქართველოს სწორ ადგილზეა“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია