ufleba.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერის 1988 წელს დაბადებული შ.დ.-ს გამოკითხვით გაირკვა, რომ მას 16 დეკემბერს სოფელ ველისციხეში ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიაყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„პოლიციის მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ქ. გურჯაანში დაკავებული არიან შ.დ.-ზე ძალადობაში მონაწილე პირები: 1967 წელს დაბადებული გ.მ. და 1971 წელს დაბადებული მ.უ. რომლებიც აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
ამასთან, დავით კირკიტაძესთან ერთად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე კი პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს.
"დაკავებულთა წრე იმის მიხედვით გაფართოვდება, რის შესაძლებლობასაც კონკრეტული საქმის მასალები მოგვცემს", – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 16 დეკემბერს გურჯაანში, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მტკიცებულებების შესწავლა გრძელდება.
„გრძელდება მტკიცებულებების შესწავლა. ზოგი არის სისხლის სამართლის, ზოგიც ადმინისტრაციული დარღვევები. დავით კირკიტაძე და კიდევ ერთი პირი, რომელიც მასთან ერთად თავდასხმაში მონაწილეობდა, სისხლის სამართლის წესით არიან დაკავებულები.
ასევე ოპოზიციის წარმომადგენელზე თავდასხმის გამო ორი პირია დაკავებული. ვაგრძელებთ საქმის მასალების შესწავლას და თუ ვინმეს პასუხისმგებლობა გამოიკვეთა, სამინისტრო შესაბამის ზომებს მიიღებს. წინასწარ ვერ გეტყვით, იქნება თუ არა მათ შორის რომელიმე პოლიტიკური ფიგურა, რადგან ვნახულობთ ვიდეომტკიცებულებებს, ვკითხვათ მოწმეებს“,- განაცხადა მეზვრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, ველისციხესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სამინისტროს მიკერძოებაზე საუბარი ზედმეტია.
„ძალიან სამწუხაროა, მათ აქვთ უფლება ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია. საზოგადოებამ კარგად იხილა როგორც კირკიტაძის ქმედებები. ამ ლოგიკით შეიძლება ყველა საქმეს დავუდოთ პოლიტიკური სარჩული. სამინისტროს მიკერძოებაზე საუბარი ზედმეტია. თუ ვინმე ადევნებს თვალს შსს-ს ქმედებას არჩევნების პერიოდში მომხდარ დარღვევებზე, იგივე სისხლის სამართლის საქმეებზე და ბოლოს ველისციხეში მომხდარ ფაქტზე, ნახავს, რომ ვაკავებთ ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა. მარტო კირკიტაძე კი არა, დაკავებულია ოპოზიციაზე თავდასხმისთვის ორი პირი“,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.