ufleba.ge
„ქალთა მოძრაობას“ ვურჩევდი, გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.
შაბათს „ქალთა მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებულ კითხვაზე დიმიტრი გაბუნიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე სიმულაციები უნდა დასრულდეს.
„რა კომენტარი უნდა გავაკეთო. ბევრჯერ ვისაუბრე. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ეს სიმულაციები ყოველგვარ ცრუ და უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებით. ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა საკმაოდ კომპეტენტური განცხადება. გაერო-ს კონვენციის მე-18 მუხლის შესაბამისად არ შეიძლება ადვოკატის გაიგივება კლიენტთან. აქ არის გაიგივებული, თითქოს მე თუ წარმოვადგენდი ერთი კონკრეტული პირის ინტერესებს, მე ვიზიარებ“, – აღნიშნა დიმიტრი გაბუნიამ.
მისივე თქმით, ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გააკეთებს, რადგან არასერიოზული და სასაცილოა „ქალთა მოძრაობის“ განცხადებები, არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური.
„ვურჩევდი, გაიარონ იურიდიული კონსულტაციები, ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარი სადაც იქნება გადაცილებული, მიიღებენ იმ სამართლებრივ პასუხს, რომელიც არის გათვალისწინებული მოქმედი კანონდებლობით. ის ტექსტიდან ამოგლეჯილი კონტექსტი, რომელიც აქვს ხელზე დახვეული „ქალთა მოძრაობას“, ძალიან გთხოვთ დაინტერესებულ პირებს, ნახოთ, არის გაშუქებული ჩემი არაერთი კომენტარი და არის მოჭრილი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზა და ტექსტი.
რაც შეეხება არგუმენტს, თითქოს მე, როგორც საპარლამენტო მდივანი ხელს შევუშლი სექსუალური შევიწროების კანონპროექტს და ა.შ., მე მინდა დავამშვიდო ისინი, საპარლამენტო მდივანს არანაირი კომპეტენცია არ გამაჩნია ამ კანონპროექტზე რაიმე სახის გავლენა მოვახდინო. აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტი არის თითიდან გამოწოვილი. დაანებონ თავი ორმაგი განცხადებების კეთებას. მეორე ტურის პერიოდში ეს ხალხი არცთუ ისე სასიამოვნო ტერმინებით ამკობდა საპრეზიდენტო კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. მიგვაჩნია, რომ ეს არის ჩვენი გუნდის მიმართ მცდელობა, ჩირქი მოსცხონ აბსურდული არგუმენტებით. მეტი კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით არ მინდა“, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.
„ქალთა მოძრაობა“ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნას აპროტესტებს და აქციის გამართვას გეგმავს, - ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.
მანამდე, ქალთა მოძრაობამ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართეს.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოუწოდებენ სალომე ზურაბიშვილს, გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.
„საქართველომ რიგით მეხუთე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში კი პირველი ქალი პრეზიდენტი აირჩია. ქალთა მოძრაობა ულოცავს სალომე ზურაბიშვილს გაპრეზიდენტებას და შეახსენებს, რომ მას, როგორც ქალ პრეზიდენტს, მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში.
ამის გათვალისწინებით, ქალთა მოძრაობა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციები მოვუწოდებთ სალომე ზურაბიშვილს გადახედოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურის განხილვის გადაწყვეტილებას.
„რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?“ – რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოეხმაურა დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს და სწორედ ამ ფრაზით დაგვამახსოვრა თავი ჩვენ, ქალთა მოძრაობის წევრებს.
ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროება სახალხო დამცველმა სამ საქმეზე დაადგინა. ამიტომაც, ჩვენთვის განსაკუთრებით მძიმე იყო იმის მოსმენა, რომ სწორედ დიმიტრი გაბუნია განიხილება საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.
ქალთა მოძრაობის წევრებსა და სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ #metoo-ს ეპოქაში, სახელმწიფო სამსახურში ასეთ მაღალ და საპასუხისმგებლო პოზიციას არ უნდა იკავებდეს გენდერულად არამგრძნობიარე ადამიანი, რომელმაც სექსუალური შევიწროება ლამის ნორმად და მისსავე პირად პრაქტიკად წარმოგვიჩინა“, – აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვის ავტორები იმედოვნებდნენ, რომ საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი მათ მიერ მითითებულ გარემოებას გაითვალისწინებდა და ისე მიიღებდა გადაწყვეტილებას.
„საქართველოს პირველი ქალი პრეზიდენტისგან ქალები სწორედ ჩვენი უფლებების ადვოკატობას ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ პრეზიდენტი მხარს დაუჭერს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა საკანონმდებლო თუ სხვა ტიპის ინიციატივას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და პოლიტიკურ გავლენას გამოიყენებს ქალთა მიმართ ნებისმიერი ტიპის ძალადობის აღმოსაფხვრელად”, – აღნიშნულია მიმართვაში.
მიმართვას ხელს აწერს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის: „ქალთა მოძრაობა“, „საფარი“, „ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) საქართველო“, „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ასოციაცია საზოგადოების კეთილდღეობისთვის“, „ფონდი ტასო“, ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად“, „ახალგაზრდა ფემინისტები“, „თანასწორობის მოძრაობა“, „რეალური ხალხი, რეალური ხედვა“, „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), „თანაზიარი“, „განათლებისა და შრომის ასოციაცია“, „სტუდიომობილი – აქცენტი მოძრაობაზე“, განვითარებისა და მიგრაციის ინსტიტუტი, Action Global Communications Georgia.
ქალთა მოძრაობის წარმომადგენელთა მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გამოეხმაურა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადვოკატთა ასოციაცია განუხრელად ემხრობა ქალთა და გოგონათა უფლებრივი თანასწორობის იდეას და თავისი კომპეტენციის ფარგლებში – იქნება ეს, შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებები, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კუთხით პრობონო პროექტები თუ სხვა, თავისი წვლილი შეაქვს აღნიშნული იდეის პრაქტიკულ განხორციელებაში.
„ადვოკატის მიმართ მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ადვოკატის სპეციფიკური როლი მართლმსაჯულების განხორციელებაში. კერძოდ, აუცილებელია გვახსოვდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით „დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით…ადვოკატის უფლებების შეუფერხებელი განხორციელება გარანტირებულია კანონით.“ ამასთან, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, დაცვის უფლების განხორციელებისას, ადვოკატი ვალდებულია დაიცვას კლიენტის უფლებები და ინტერესები და ამ პროცესში გამოიყენოს ყველა საშუალება, რომელიც აკრძალული არ არის კანონმდებლობით ან პროფესიული ეთიკის ნორმებით.
ხაზგასასმელია, რომ კლიენტის ინტერესების დაცვის პროცესში ადვოკატის მიერ შესაძლებელია გამოყენებულ იქნას დაცვის ისეთი სტრატეგია, რომელიც შესაძლოა, არ გამოხატავდეს ადვოკატის პირად მოსაზრებებსა თუ შეხედულებებს და მიმართული იყოს მხოლოდ დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელებისკენ.
იგივე პრინციპები განმტკიცებულია იურიდიული პროფესიის მარეგულირებელ საერთაშორისო მექანიზმებშიც. კერძოდ, ადვოკატის როლის შესახებ გაეროს ძირითადი პრინციპების 18-ე მუხლის თანახმად: „ადვოკატები, თავიანთი ფუნქციების შესრულების გამო, არ უნდა იყვნენ იდენტიფიცირებული მათ კლიენტებთან ან მათი კლიენტების ქმედებასთან“,- აღნიშნულია ადვოკატთა ასოციაციის განცხადებაში.
ასოციაციაში აცხადებენ, რომ ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებები წარმოადგენს ადვოკატის კლიენტთან გაიგივების ფაქტს, ეწინააღმდეგება ადვოკატის საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო ინსტრუმენტებს და მიუღებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესებისათვის.
„ადვოკატ გაბუნიას მიმართ გაკეთებული ნეგატიური განცხადებები ეწინააღმდეგება სასამართლო სიტყვის თავისუფლების აღიარებულ პრინციპს.
აქვე გვსურს, ყველას მოვუწოდოთ, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ადვოკატის როლის და ფუნქციის სწორად გააზრებისკენ და ისეთი ქმედებებისგან თავის შეკავებისკენ, რომელიც ზიანს მიაყენებს საადვოკატო საქმიანობის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და შესაბამისად, დააზიანებს მართლმსაჯულების ხარისხიანად განხორციელების პროცესს“,- აღნიშნულია განცხადებაში.