ufleba.ge
საპროტესტო აქცია გურჯაანის რაიონის სასამართლოსთან დასრულებულია. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა დატოვეს გურჯაანი. მანამდე კი გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა მოსამართლის გადაწყევტილება შეაფასეს, რომლის მიხედვითაც დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მიმართავენ ყველა ზომას იმისთვის, რომ დავით კირკიტაძე არ დარჩეს პატიმრობაში.
„პირველად ცხოვრებაში ვიყავი პოლიტიკურ პროცესზე, სადაც მოსამართლეს განჩინება უკვე გამოტანილი ჰქონდა და არც დაფიქრებულა, სათათბიროდაც კი არ გასულა. სადაც ორი უტიფარი ტიპი, რომელსაც პროკურორები ჰქვია და რომელიც მარტო ლექსიკით კი არა, სახეებითაც კი ჰგავდნენ ანდრეი ვიშინსკის და რონალდ ფრაისნერს. აი ესენი ისხდნენ იქა და ადამიანს გამოუტანეს განაჩენი. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოში დაიწყო პოლიტიკური ტერორი და რომ გაჩუმდებით მეგობრებო, მერე დათო კირკიტაძის შემდეგ, თქვენთანაც მოვლენ. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი და ფარცხალაძისგან განსხვავდება აზროვნებით, ეს ადამიანი საფრთხეს უქმნის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ პოლიციამ თავად დაარღვია კანონი ველისციხეში, აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.
„ჩაგვიხერგეს გზა დამნაშავე პოლიციელებმა, ფორმა რომ ეცვათ და მათ წინააღმდეგობა რომ გავუწიეთ ე.ი. ჩვენ ვართ დამნაშავეები. რა არის ეს თუ არა დიქტატურა. ბელორუსიაში იგივე ხდება, რუსეთში იგივე ხდება. ლიდერებს აპატიმრებენ მაშინ, როდესაც გამოთქვამენ პროტესტს. ძალიან მწვავე ბრძოლა პარლამენტში, საკრებულოში, ქუჩაში მანამ სანამ არ დავამარცხებთ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და ბრძოლა გაგრძელდება.
„დათომ თქვა სასამართლოს მიმდინარეობისას, რომ ბრძოლა შეიძლება ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი ადგილიდან. ციხეში იქნება თუ თავისუფლებაზე იქნება, ის გააგრძელებს ბრძოლას და თითოეული ჩვენთაგანიც გააგრძელებს ბრძოლას,“-განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
ოპოზიციის წევრების განცხადებით სამოქმედო გეგმა უცვლელია. ეს არის პროტესტი იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც ხელისუფლება ჩადის.
„გეგმა უცვლელია - ხელისუფლება, რომელსაც უზურპირებული ჰყავს სასამართლო, პარლამენტი, ამ ხელისუფლების პირობებში ბუნებრივია პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ფორმათ ჩნდება პროტესტი და პროტესტი ქუჩაში. დათო კირკიტაძე არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი. დღეს ქვეყანაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ დამყარდა დიქტატურა. ჩვენ ვცხოვრობთ ჩრდილოეთ კორეაში,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.
გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მხარემ სხდომაზე კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა და მიზეზად მიმალვის საფრთხე დაასახელა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ დავით კირკიტაძე თავს დამნაშავედ არ ცნობს და მისი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
სხდომის დაწყებისას დავით კირკიტაძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდობლობას უცხადებს, თუმცა მზად არის, სასამართლოსთან ითანამშრომლოს.
სასამართლო პროცესის პარალელურად, დილიდან გურჯაანში სასამართლოსთან კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, პარლამენტის 27 დეპუტატი მზადყოფნას გამოთქვამდა, დავით კირკიტაძეს თავდებში ჩადგომოდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის, მოსამართლის განჩინებით 17 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი გუშინ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.