ufleba.ge
თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე გვარდიელებს 28 წლის იუბილეს ულოცავს.
„გვარდიელებო, გილოცავთ!
...იდარდოს იმან, ვისაც არასოდეს გამოუცდია ის წამი, როდესაც შენსკენ გამოსროლილ ტყვიას წამოუდგები, ვისაც არასოდეს გამოუცდია ამ წამის სიდიადე და არ უგრძნია, რას ნიშნავს ამ დროს სისხლში გადმოღვრილი ადრენალინი, ვინც ისე წავა ამა სოფლიდან, რომ არასოდეს უბრძოლია საქართველოსთვის... ვყვარებივართ ღმერთს, ვინაიდან ასეთი წამებისთვის ღირდა სიცოცხლე...“, - წერს დავით თევზაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს ეროვნული გვარდია 28 წლისაა. ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობასა და ვეტერან გვარდიელებს იუბილე თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცეს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საზეიმო ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ცერემონიის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ დაღუპული გვარდიელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ეროვნული გვარდიის სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სიტყვით მიმართა. ლევან იზორიამ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე გაამახვილა ყურადღება და ტერიტორიული რეზერვის საპილოტე პროგრამის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო ცეცხლსასროლი იარაღებითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ. ცერემონიის დასასრულს ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის საბრძოლო დროშა აკურთხა და პირადი შემადგენლობა დალოცა.
საიუბილეო ღონისძიებას ეროვნული გვარდიის სარდალი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭუმბურიძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე და ვეტერანი გვარდიელები დაესწრნენ.
საქართველოს ეროვნული გვარდია 1990 წლის 20 დეკემბერს დაარსდა. ის იყო პირველი სამხედრო ფორმირება, რომლის ბაზაზეც ქართული შეიარაღებული ძალები ჩამოყალიბდა და განვითარდა. სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებულ ბრძოლებისას 650-ზე მეტი გვარდიელი დაიღუპა.
საქართველოს ეროვნული გვარდია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან, ესტონეთის თავდაცვის ლიგასთან, დანიისა და ნორვეგიის სამეფო შიდა გვარდიებთან, ლიეტუვას ეროვნული თავდაცვის მოხალისეთა ძალებთან, ლატვიისა და უკრაინის ეროვნულ გვარდიებთან.
საქართველოს ეროვნული გვარდია — სამხედრო ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში დეპარტამენტის სახით. მისი დანიშნულებაა: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა; სამხედრო ოპერაციების დროს მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება; საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა.
გვარდია შეიქმნა 1990 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით „საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარების, ეროვნული გვარდიის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღებით, როგორც რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარები, რითაც დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება.
XX საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს ერთიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში ეროვნული გვარდია წარმოადგენდა ქართული შეიარაღებული ძალების ძირითად ბირთვს. 600-ზე მეტმა გვარდიელმა სამშობლოს ერთიანობასა და თავისუფლებას საკუთარი სიცოცხლე შესწირა. 2000 წლამდე ეროვნულ გვარდიაში თავმოყრილი იყო საბრძოლო და სასწავლო ქვედანაყოფები, ხოლო 2000 წლიდან აშშ-ის ევროპული სარდლობისა და გენერალ დევიდ პოიტრესის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ეროვნულ გვარდიას ახალი როლი და ფუნქციები განესაზღვრა, განხორციელდა შესაბამისი სტრუქტურული ცვლილებები.
საქართველოს თავდაცვის 2004-2006 წლის სამხედრო დოქტრინიდან გამომდინარე, ეროვნული გვარდიის პრიორიტეტებია: შეიარაღებული ძალების რეზერვის მომზადება-გადამზადება, სამობილიზაციო რესურსების მართვა, საბრძოლო წვრთნების ორგანიზება და განხორციელება, რეზერვის მობილიზაციის დაგეგმვა და მართვა, საჯარისო მობილიზაციის ჩატარება სრული მოცულობით ყოველგვარ პირობებში. სამხედრო ოპერაციების დროს, მხარდამჭერი და უსაფრთხოების ოპერაციების ჩატარება (ზურგის ოპერაციები), საგანგებო სიტუაციების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, შეიარაღებული ძალების შენაერთების, დანაყოფების და ნაწილებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე მოქალაქეთა შერჩევა და დაკომპლექტება.