ufleba.ge
დღეს პარლამენტში ყველაზე ღირსეულად იჯდა ზაზა სარალიძე და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს უპასუხა.
დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას გიორგი გახარიამ კიდევ ერთხელ მიმართა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისიის წევრ ოპოზიციონერ დეპუტატებს და განაცხადა, რომ მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.
„მე გპირდებით ამას პირდაპირ იქიდან გამომდინარე, როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ კომისიის მუშაობა. მეორე, თქვენ შეძელით და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის იდეა სამწუხაროდ დააზიანეთ. იმედი მაქვს,პასუხისმგებლობა გეყოფათ, საპარლამენტო კონტროლსაც ისე არ მოექცეთ, როგორც გააკეთეთ კომისიაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
„შს მინისტრს ვერ დავეთანხმები იმ ნაწილში, რომ არ არის საფუძველი მ.კ-ს სამართლებრივი დევნის დაწყების, სრული საფუძველი აქვთ, საჭიროა ვიღაცის კეთილი ნება, არ ვიცი ეს ვინ არის“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ პარლამენტში შს მინისტრის, გიორგი გახარიას გამოსვლის შემდეგ.
როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, დღეს მინისტრმა ისაუბრა სამოხელეო ნაწილზე, რასაც ამდენი ხნის განმავლობაში თავად ითხოვდა.
„რაც შეეხება სამოხელეო ნაწილს, მართლაც სიახლეა, აქამდეც ანალოგიურს ვითხოვდი. უცნაური აქ არაფერი ყოფილა. როგორც ჩანს, ახლა მიხვდნენ და გამოძიება უნდა დაიწყონ ამ პირებზე, რაც ჩემი აზრით, საფუძველი იქნება ამ საქმის ბოლომდე მიყვანის. თავიდან გამოძიება არ დაიწყება. მინისტრმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს დასრულების შემდეგ თვლის მიზანშეწონილად, რატომ ელოდება სააპელაციო სასამართლოს არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, ჩემი შვილის მკვლელი გარეთ არის და ამ ნაწილში ვერ დავეთანხმები“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, პროკურატურა და შს მინისტრი რაღაცაზე არიან შეთანხმებული, ამიტომ აპირებს, გააგრძელოს ბრძოლა, ვიდრე ჭეშმარიტება არ აღდგება.
„ხელს აფარებენ მიხეილ კალანდიას, მირზა სუბელიანს, მათ ახლობლებს, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებს, პროკურორებს, მიხეილ შაყულაშვილს, ზვიად ფხაკაძეს, ინა გუგუშვილს და სხვებს. პოლიტიკური ნება არ არსებობს, ეშინიათ. დავუშვათ, შოთაძე რომ დაიჭირონ, იმდენი საქმე აქვთ გაყალბებული, ალბათ, მოაღებს პირს და ილაპარაკებს, იგივეს ვიტყვი გაბიტაშვილსა და ფხაკაძეზე“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ ასევე ისაუბრა პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე და აღნიშნა, რომ კომისიამ ზუსტად ის დასკვნა დაწერა, რაზეც თავად საუბრობდა.
„კომისიამ გამოააშკარავა ყველაფერი, რაზედაც რეაგირება, თავადაც აღნიშნა უკვე მინისტრმა, სააპელაციო სასამართლოს შემდეგ დაიწყება. ეტაპობრივად ყველაფერი გამოაშკარავდა“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ ასევე ისაუბრა ბრალდებაზე ოპოზიციასთან გაიგივების შესახებ და განმარტა: „მინისტრს ჩემზე არ უთქვამს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიაო ან რომელიმე პარტიიდან არის, მაგრამ თითქოს გამოიყენესო. რატომ მისცეს უფლება ოპოზიციას, გამოეყენებინა გინდა ჩემი და გინდა მაჩაკილაშვილის საქმე. თავის დროზე დაეყენებინათ სამართალი, ხომ არ დავდგებოდით ქუჩაში და ხომ არ ექნებოდა ვინმეს პრეტენზია“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.