ufleba.ge
დღეის მდგომარეობით 100 ათას მოსახლეზე გრიპის 221 შემთხვევაა. ეს კი, ნიშნავს, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეპიდემიური მზადყოფნა 100 ათას მოსახლეზე 450 შემთხვევას გულისხმობს.
„ეპიდემიურ მზადყოფნასთან მიახლოებულები საბედნიეროდ, არ ვართ. მოსახლეობის მხრიდან აუცილებელია შესაბამისი რეკომენდაციების შესრულება. გრიპს ახასიათებს სწრაფი დასაწყისი, მაღალი ცხელება, თავისა და სახსრების ტკივილი. ასეთ შემთხვევაში თვითმკურნალობის ნაცვლად, ჯობს დარჩნენ სახლში და გამოიძახონ ექიმი. სასწრაფო დახმარების ექიმები მომზადებულები არიან გადაუდებელი შემთხვევის მართვისთვის, ხოლო ოჯახის ექიმები – გრიპის შემთხვევების მართვისთვის. ამიტომ აუცილებელია, ოჯახის ექიმს მიმართონ და არა სასწრაფო დახმარებას“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრმა ვაქცინაციის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არსებობს ფასიანი და უფასო ვაქცინა.
„სახელმწიფო ყიდულობს მაღალი ხარისხის ვაქცინებს. ვაქცინაცია არის მიმართული, რომ ბავშვთა კალენდარი იქნას შესრულებული და ბავშვი მთელი ცხოვრება დაცული იყოს ამ დაავადებებისგან. ეს ვაქცინაცია არის უსაფრთხო და ყველას ვთხოვთ, დაიცვან ვაქცინაციის კალენდარი. კლინიკები მზად არიან მაღალი მიმართვიანობისთვის. მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ დაიცვას რეკომენდაციები, რასაც დარგის სპეციალისტები აწვდიან“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
ამასთან, 1-ელი იანვრიდან აცრები სავალდებულო ხდება. როგორც დავით სერგეენკომ აღნიშნა, პირველ ეტაპზე სავალდებულო აცრები ვაქცინაციაზე საზოგადოების ყურადღების გამახვილებას ეხება.
„სავალდებულო ჯერ რაიმე საჯარიმო სანქციებს არ მოიაზრებს. ჩვენი ამოცანაა კიდევ ერთხელ ხაზგასმა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მიღწევაზე, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. აცრები განსაკუთებით ბავშვებში ძალიან მნიშვნელოვანია. ვაქცინაციაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ჩვენ განუწყვეტლივ ვახდენთ. მათ შორის სკოლებში და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში, რომ იქ მომუშავე ადამიანებსა და ბავშვების მშობლებს ამის მნიშვნელობა კიდევ ავუხსნათ”, – განაცხადა სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, 2019 წლის პირველი იანვრიდან ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების გაკეთება სავალდებულო ხდება. თუმცა ცვლილება ამ ეტაპზე მხოლოდ შესაბამისი ჩანაწერის გაკეთებას გულისხმობს და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში მშობლის მიმართ რაიმე სანქციას არ ითვალისწინებს.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ არსებობს კვლევა, რომლის თანახმად, ამგვარი ჩანაწერის გაჩენა ამცირებს აცრაზე უარის თქმის მაჩვენებელს.
ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 2 წლამდე ბავშვთა 5%-ს პროფილაქტიკური აცრები არ აქვს გაკეთებული, 5 წლის ბავშვებში კი ეს მაჩვენებელი 10%-ია.