ufleba.ge
საახალწლო ღონისძიებებში დედაქალაქის მერი 2 მილიონ 700 ათას ლარზე მეტს დახარჯავს. ამის შესახებ საკრებულოს დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილის განცხადებით, ორი კვირის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ გაასაჯაროვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც საახალწლო ღონისძიებები ორი მილიონი ლარი ჯდებოდა, თუმცა მისივე თქმით, კახა კალაძემ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ საახალწლო ღონისძება მხოლოდ მილიონი ლარი დაჯდებოდა. მისი თქმით, დღეს კი ირკვევა, რომ პრემიერის მიერ ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი 1 მილიონ 700 000 ათასი ლარი მომღერლების ჰონორარებისთვის დაიხარჯება.
„20 დეკემბერს პრემიერმა გამოსცა განკარგულება, 1 მილიონ 700 ათასი ლარი გამოჰყო ტენდერის გარეშე რომ საახალწლო ღონისძიებებისთვის დახარჯოს კახი კალაძემ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ განკარგულებაში წერია, რომ 1 მილიონ 758 800 ლარი დაიხარჯება ჰონორარებისთვის. საზოგადოებისთვის რომ კარგად გასაგები იყოს 1 მილიონ 700 ათას ლარს დავხარჯავთ მომღერლებისთვის. მაშინ, როცა 10 ათასობით ბავშვი შიმშილობს, მაშინ როცა 1 მილიონ 700 ათასი ლარი 4000 სოციალურად დაუცველისთვის საკმარისია რომ წლიდან წლამდე გამოიკვებონ.
„მოვუწოდებთ დედაქალაქის მერს უარი თქვას ამ, გადაწყვეტილებაზე და თბილისელებს ნუ გადაახდევინებს ხარკს კონკრეტული მომღერლებისთვის, რომლებიც ემსახურებოდნენ ქართულ ოცნებასა და სალომე ზურაბიშვილს,"-ამბობს ხაბეიშვილი.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განმარტა საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული შესყიდვის გამარტივებული წესით განხორციელების აუცილებლობა და განაცხადა, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებისთვისაა განკუთვნილი.
„1 778 800 ლარია გათვალისწინებული გამარტივებული შესყიდვისთვის და ამ თანხის ძირითადი ნაწილი არის მომღერლების ჰონორარები. ამ ტიპის მომსახურების შესყიდვა, რა თქმა უნდა, ტენდერით ვერ მოხდებოდა და თუ ვინმე მეტყვის, ტენდერით როგორ შევარჩიო მომღერალი, ხმით შევარჩიო თუ ტემბრით შევარჩიო, რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, რომ ტენდერის გზით წავიდეთ და რაიმე კითხვები არ გაჩნდეს გამარტივებულ შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ესეც კანონიერების ფარგლებში მიმდინარეობს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში 1200-მდე მუსიკოს-შემსრულებლის და 270 ტექნიკური თანამშრომლის ჰონორარი, სხვადასხვა სახის საახალწლო ატრიბუტიკა და ბუტაფორია, 50-მდე კონცერტი, აქტივობა და გალაკონცერტის მომზადება ფინანსდება.