ufleba.ge
„ქვეყანაში არსებული სიღარიბე კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება,“ - ასე ეხმაურება ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს. აბესაძე აცხადებს, რომ იმ ინფლაციურ პროცესებში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, დიდწილად, მთავრობაა დამნაშავე, რომელიც გაზრდილ ბიუროკრატიაზე უარს ვერ ამბობს.
„ქვეყანაში არსებული სიღარიბე კვლავ უმთავრეს გამოწვევად რჩება და რა თქმა უნდა, ამ ფონზე, ის ინფლაციური პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, დამატებით ტვირთად აწვება მოსახლეობას. ამ ყველაფერში, დიდწილად დამნაშავე არის მთავრობა, რომელიც ვერ ახერხებს უარი თქვას გაზრდილ ბიუროკრატიაზე, ხარჯავს 500 მილიონ ლარზე მეტს, ვიდრე წინა ხელისუფლება ხარჯავდა ბიუროკრატიაზე,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მოსახლეობის გაღარიბებასა და პროდუქტებზე ფასების ზრდაზე საუბრობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზურაბ მელიქიშვილი.
„ინვესტიციები აღარ შემოდის ქვეყანაში. ხელოვნურად ამცირებენ ეკონომიკას და აღარიბებენ ქვეყანას. როდესაც კარტერული გარიგებები არის საწვავის ფასებზე, როდესაც ენერგო რესურსებზე ტარიფები იზრდება, როგორც მოქალაქეებისთვის, ასევე კომერციული ობიექტებისთვის. ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებს, რა თქმა უნდა, პროდუქტების ფასებზე და კიდევ უფრო გაღარიბებული მოსახლეობა კიდევ უფრო ღარიბდება და ხელმიუწვდომელი ხდება მთელი რიგი პროდუქტები. ამ ხელისუფლების პირობებში, ყოველდღე დამატებით ახალი უბედურება ემატება საქართველოს მოქალაქეებს,“ - განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.
საქართველოში ცხოვრება გაძვირდა - საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 1.5%-იანი ინფლაცია ყველაფერზე აისახა. ფასები გაიზარდა როგორც საკვებ პროდუქტებზე, ასევე გაზრდილია გადასახადი კომუნალურ გადასახადებზეც.
კიდევ ერთი სფერო, სადაც ფასებია მომატებული, ეს არის ჯანდაცვა. ამ მიმართულებით გაზრდილია როგორც საავადმყოფოებში სხვადასხვა მომსახურება, ასევე ამბულატორიული მომსახურებაც.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ რეალობა ფასების ამ მაჩვენებელზე კიდევ უფრო მძიმეა, რადგან მეთოდი, რომლითაც საქსტატი ინფლაციას და ფასების ზრდას ითვლის, მოძველებულია.
„ეს ინფლაციის მაჩვენებელიც რაღაც მოძველებული მეთოდოლოგიით არის, როგორც ჩანს. იმიტომ, რომ არ აისახება რეალური ზრდა ფასების. მაგალითად, თუ კარაქი ღირდა 200გრ. 3 ლარიდან 4 ლარამდე ერთი წლის წინ, ახლა 6-დან 7-მდეა და უფრო მაღალი ფასებიც არის. ამიტომ, ალბათ მოსახლეობის უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება ასეთ გაძვირებულ საქონელზე. ბევრ მაღაზიაში შეხვალ და საერთოდ ვერაფერს ვერ იყიდი,“ - განაცხადა გია ჯანდიერმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საზოგადოება და ბანკების” გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე სწორი ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
„თუ გაძვირდა მედიკამენტი, მე ეს გაცილებით მეტად მაწუხებს, მით უმეტეს, თუ მე ვარ პენსიონერი და დამოკიდებული ვარ ჩემს პენსიაზე და ჩემი ძირითადი მოხმარების საგნები არის მედიკამენტები და საკვები პროდუქტები. შესაბამისად, მე ნაკლებად ვნერვიულობ იმას, რომ ტანსაცმელი გაიაფდა და მსუბუქი ავტომობილები. საჭიროა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, სწორი რეფორმების გატარება და ფიქრი იმაზე, რომ მეტი ინვესტიცია მოიზიდო ქვეყანაში და ამით წასწიო წინ ქვეყნის ეკონომიკა,“ - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.