ufleba.ge
კობახიძეს ვექტორები ერევა - ეს განცხადება, მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.
ჭიჭინაძე „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას და პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მათ შორის ფრაქცია „პატრიოტების“ წევრმა კობახიძის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელმა უკრაინის ავტოკეფალიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მხარდაჭერის საკითხს საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად განიხილავს.
დავით ჭიჭინაძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ კობახიძე საპატრიარქოს საქმეებში აპირებს ჩარევას, სჯობს „თმის ნაცვლად, წვერი მოუშვას“.
„კობახიძე საერთოდ მე ვფიქრობ საერთოდ ზღვარს გადადის. გუშინწინდელი მისი განცხადება, რომ საპატრიარქოსთან ერთად უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს განიხილავს ეს ადამიანი, მე ვფიქრობ მას საკმაოდ ერევა ვექტორები, სად შეიძლება მისი ჩარევა და სად არ შეიძლება. შესაბამისად თუ უკვე სინოდის საკითხებში აპირებს ჩარევას, სჯობს თმების მაგივრად წვერი მოუშვას ამ ადამიანმა,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილსაც მიმართავს და ახსენებს რომ მმართველი გუნდის ე.წ. ახლებთან ყოფნა, ქართველ ხალხთან ყოფნას არ ნიშნავს.
„მე ვფიქრობ ახლების გვერდში დგომა სერიოზული პრობლემა იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ, რომ ეს ხალხის გვერდში დგომას არ ნიშნავს და მან როდესაც გაუჭირდა პირველი ტურის მერე, დახმარებისთვის ხალხს მიმართა და არა კობახიძის გუნდს. შესაბამისად უნდა დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი სიმართლისკენ იყოს თუ უსამართლობისკენ.
„ქართული ოცნება“ რაც უფრო მეტ ადამიანს გარიცხავს სიმართლისთვის, მით მალე დაამთავრებს თავის მოღვაწეობას. 2020-ს კი არა 2019-ს ვეღარ გადააგორებენ ესენი,“-ამბობს ჭიჭინაძე.
"ქართული ოცნების" ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.
ეკა ბესელიას განცხადებას არალოგიკური უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები, მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან, - აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციაში.