მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბავშვთა იძულებითი შრომის საზარელი სახე - მათხოვრობა - 04 აპრილი 2019

ufleba.ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოში 2 ათასზე მეტი ბავშვი ქუჩაში მოწყალებას ითხოვს. მთლიანობაში, ასაკისთვის შეუსაბამო ფიზიკურ სამუშაოზე გარეთ გასული პატარების რიცხვი 5 ათასამდეა. ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.

ნებისმიერი საზოგადოების განვითარების დონე იმით იზომება, თუ როგორ ზრუნავს ის ბავშვებსა და მოხუცებზე, - ამ მხრივ, რა ნიშნული უკავია ქართულ საზოგადოებას?

იმას, რასაც ყოველდღიურად თბილისის ქუჩებსა და, თუნდაც მეტროში ვხედავთ, ხელგაწვდილი და განწირული მცირეწლოვნების უმოწყალო ჩაგვრა-ექსპლუატაციას, ბოლო უნდა მოეღოს! 

დიკენსის რომან „ოლივერ ტვისტის“ საზიზღარ პერსონაჟ ფეიჯინს შეშურდებოდა იმ სასტიკი მეთოდების, რითაც დედაქალაქის ბინძურ ჯურღმულებში პატარებს მონებად ზრდიან და აყალიბებენ. შედეგად, ვიღებთ თაობას, რომელიც არათუ "ფიზიკურად და გონებრივად ჩამორჩენილია", არამედ სასიკვდილოდ დეგრადირებულ-დამახინჯებულია. 

დამოუკიდებლობის ასმეერთე წლისთავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ქუჩებში თუ სხვაგან მოწყალების მთხოვნელთა უზარმაზარი არმიითაც ვეგებებით. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რომ მათი რაოდენობა მატულობს. სამი ათწლეულის განმავლობაში, სახელმწიფომ იმასაც ვერ მიაღწია, რომ ადამიანებს არსებობის პურის საშოვნელად ჰაერში ხელის გაწვდენა არ სჭირდებოდეთ.

დღეს მეტროში ვაგონს ვერ ნახავთ, მთხოვნელები რომ არ იყვნენ. განსაკუთრებით თვალშისაცემი და მტკივნეული მცირეწლოვნების მათხოვრობაა. ამ გზაზე რა კრეატივს აღარ იგონებენ, მუსიკალურ ინსტუმენტებზე დაკვრა და გულამოსკვნილი სიმღერა უკვე გუშინდელი დღეა.

შევდივარ ვაგონში და 8-9 წლის ბიჭი უხმოდ მომყვება. იქვე ბოლოში გადის, საეკლესიო ხატისა და სანთლის დარიგებას იწყებს ისე, რომ მგზავრების ნებართვას არც ელოდება. სალონის ბოლოში ბრუნდება და ყველას თითით ანიშნებს, რომ საჩუქარში ლარი უნდა გადაიხადონ. ბევრმა უკვე იცის ეს „ოინი“ და უკან უბრუნებს, მაგრამ ერთ ვაგონში ორი-სამი გადამხდელი მაინც ჰყავს. ზოგი საერთოდ არ იღებს და ისე აძლევს ხურდას. მისია შესრულებულია, მეზობელ ვაგონში სულ სხვა საზოგადოება ელოდება.

ვაკეში, ე.წ. პიქსელის მოპირდაპირე მხარეს, მაღაზია „საბვეის“ წინ 5-6 წლის გოგონა გამვლელებისგან დახმარებას ითხოვს. სიცივისგან სახეზე ეტყობა, გაძლებაზეა. მეზობლად ბანკში სასწრაფო საქმე მაქვს და შევრბივარ, გამოვალ თუ არა ვიკითხავ მაინც, აქ ვინ მოგიყვანა-მეთქი. როგორც ყოველთვის, ბანკში "ვიჭედები", 15-20 წუთის მერე მთხოვნელი აღარ მხვდება. გული მწყდება, კოორდინატს მაინც ჩავიწერდი და ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს დავუკავშირდებოდი.

იქვე მიწისქვეშა გვირაბის თავზე, მზესუმზირის გამყიდველ, შაოსან ქალბატონს ვეკითხები, - ეს ბავშვი საით წავიდა-მეთქი. - გვირაბის მეორე ბოლოში დედამისი მათხოვრობს და, ხანდახან, რომ დაიღლება, მასთან გარბისო. მეც გავრბივარ და იქაც აღარ მხვდება, ვბრუნდები ბებოსთან, - რამე კოორდინტი ხომარ გაქვთ ამ ადამიანების-მეთქი. - არაო.

- თავი გაანებე, ეგენი ხომ ბოშები არიან და მათი საქმე მათხოვრობაა, სხვანაირად ცხოვრება არ შეუძლიათ; თუ რამე დახმარება შეგიძლია, აგერ ამ ყავარჯნიან კაცს დაეხმარე, დილიდან საღამომდე აქ რომ ზის და პატრონი არ ყავს, - მაინც ვერ გავიგე, იმ ულამაზეს ბავშვს რატომ არ შეეძლო დილიდან საღამომდე ქუჩაში მათხოვრობის გარეშე ცხოვრება?

ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელის ბოლოში, კიბეებზე, ნ. ს. ითხოვს მოწყალებას. შემომჩივის, რომ სახელმწიფო მარტო სოციალურად დაუცველის თანხით ეხმარება, რაც მის ოთხულიან ოჯახს საარსებოდ არ ყოფნის. ხანდახან, აქ მისი მეუღლე და შვილებიც (გოგონები) მოდიან სათხოვნელად, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სამსახურებმა რამდენჯერმე აუკრძალეს:

„ცოტ-ცოტა ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ფიზიკურად ვერ ვმუშაობ. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ სამედიცინო დახმარების პოლისი წინა ხელისუფლების დროს მქონდა და ახლა აღარ მაძლევენ. აქ უკმაყოფილო არ ვარ, ბევრმა იცის ჩემი მდგომარეობა და მეხმარებიან. უფასო სასადილოში არ დავდივარ, იქაურ საჭმელებს ჩემი ოჯახის წევრები ვერ მიირთმევენ. იქ მარტო ჩემთვის ხომარ ვივლი“.

სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე მ. ბ.–მ. მან განაცხადა, რომ თბილისში პეკინის ქუჩაზე შეამჩნია 2 წლის ბავშვი, რომელიც დედასთან ერთად მათხოვრობდა. განმცხადებლის განმარტებით, ბავშვი იყო მუდმივად მშიერი და უგონო მდგომარეობაში. დედა მას გაურკვეველ სითხეებს ასმევდა და ძალადობდა ფიზიკურად. 

აღნიშნული საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე–საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრს, საიდანაც სახალხო დამცველს ეცნობა, რომ სოციალური მუშაკი მივიდა მითითებულ მისამართზე, სადაც ნახა 2 წლის მძინარე ბავშვი მარტო; მიუხედავად მცდელობისა, ბავშვის გაღვიძება ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც სოციალურმა მუშაკმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რათა ბავშვი გადაეყვანათ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ფილიალში – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში. 

ბავშვის მანქანაში ჩასმის დროს, სოციალური მუშაკის ინფორმაციით, მას და ბავშვს თავს დაესხა 4–5 უცხო ქალი და პატრულის მცდელობის მიუხედავად, მათ შეძლეს ბავშვის გატაცება და გაქცევა. ამის შემდეგ სოციალური მუშაკი ერთი თვის განმავლობაში ატარებდა მონიტორინგს აღნიშნულ ადგილას, მაგრამ ბავშვი იქ აღარ უნახავს. სააგენტოს არ გაუტარებია ბავშვის მოძიებისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის დამატებითი ღონისძიებები.

მოქალაქე თ. დ.–მ ომბუდსმენს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნავდა, რომ გლდანი–ნაძალადევის რაიონში, კონკრეტულ მისამართზე, უცნობ ქალბატონს ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათხოვრობაში) ჰყავდა ჩაბმული არასრულწლოვანი. ბავშვი მუდმივად იყო საძილე საშუალებების ზემოქმედების ქვეშ. სახალხო დამცველის აპარატის ბავშვისა და ქალის უფლებათა ცენტრმა აღნიშნული საქმე შესასწავლად გადაუგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი–ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრს, საიდანაც ეცნობათ, რომ სოციალური მუშაკი მივიდა ადგილზე და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა მხოლოდ მისთვის სახელის დაძახებითა და ზედაპირული დათვალიერებით. 

ვინაიდან ბავშვი რეაგირებდა საკუთარ სახელზე, სოციალურმა მუშაკმა დაასკვნა (სამედიცინო შემოწმების გარეშე), რომ ბავშვი არ იმყოფებოდა ტოქსიკური საშუალების ზემოქმედების ქვეშ და არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში ჩამბმელ პირს შესთავაზა ნებაყოფლობითი სამედიცინო დახმარება. ამ უკანასკნელზე უარის თქმის შემდეგ სოციალურმა მუშაკმა დატოვა ტერიტორია, რადგან ჩათვალა, რომ არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, უსაფრთხო გარემოში იმყოფებოდა. 

სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე შ. გ.–მ, რომელმაც განაცხადა, რომ მრავალჯერ გახდა თვითმხილველი, თუ როგორ სცემენ 2 წლის ბავშვს და როგორ აიძულებენ მას მათხოვრობას თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე. საქმე შესასწავლად გადაეგზავნა სოციალური მომსახურების სააგენტოს ძველი თბილისის სოციალური მომსახურების ცენტრს. სახალხო დამცველს ეცნობა, რომ მიუხედავად სოციალური მუშაკის მრავალჯერადი ვიზიტისა, ბავშვის პოვნა ვერ მოხერხდა, თუმცა იქვე ახლომდებარე მაღაზიების თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ ბავშვს პერიოდულად სძინავს მაღაზიის წინ. 

ა. ი. 15 წლისაა. მცირე ასაკიდან დროის უმეტეს ნაწილს ატარებდა ქუჩაში, ე. წ. ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სეზონის შეუსაბამოდ შემოსილი და გამუდმებით ჰიგიენის პრობლემების მქონე. ამავე ტერიტორიაზე დედა მწვანილს ყიდდა, დახლთან ახლოს კი, ა. ი. სისტემატურად ითხოვდა თანხას გამვლელებისგან. ა.ი.-მ 13 წლის განმავლობაში არ იცოდა მისი ნამდვილი გვარი. პირადი დოკუმენტაცია, მისთვის უცნობი მიზეზის გამო, არ გააჩნდა (მოქალაქის დაბადების დამადასტურებელი მოწმობა და პირადი ნომერი). 

ამჟამად ა. ი. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ბენეფიციარია. დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველოს აქტიური მუშაობის შედეგად განისაზღვრა ბავშვის საჭიროებები და გაეწია შესაბამისი მომსახურება: მოძიებულია ინფორმაცია დედის შესახებ; დადასტურდა მისი საქართველოში დაბადების ფაქტი; დედის პირადი დოკუმენტაციის მოძიებისა და მოწმეების ჩართულობით შესაძლებელი გახდა ბავშვის დაბადების მოწმობის დამზადება; ბავშვის მიმართ არასათანადო ზრუნვის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი შეტყობინება გაეგზავნა; ჩაირიცხა საჯარო სკოლაში და მიიღო მოსწავლის სტატუსი; მონაწილეობს მედიაციის სახლში გამართულ აქტივობებში (არაფორმალური განათლება და სხვ.).

15 წლის ტ. ტ.-ის მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი ამჟამად ცხოვრობს თბილისში. ტ. და მისი და-ძმა ხშირად აგროვებდნენ ჯართს, ასევე ვაჭრობდნენ წვრილმანი ნივთებით. ტ. ტ. სწავლობს სკოლაში, ამავდროულად, ეუფლება მამაკაცის სტილისტის პროფესიას და გატაცებულია ფოტოგრაფიით. ოცნებობს გახდეს წარმატებული ფოტოგრაფი.

ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველომ უზრუნველყო მისი ჩართვა პროექტში „ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვთა იდენტიფიცირებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა“, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ტ. ტ. წარმატებით დაეუფლა ფოტოგრაფიისთვის საჭირო უნარებს, მოგვიანებით კი, „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა სპონსორის მოძიება, რომელმაც ტ.-ს პროფესიონალური ფოტოაპარატი შეუძინა. ცენტრი აგრძელებს ტ.-ის მხარდაჭერას პროფესიონალ ფოტოგრაფად ჩამოყალიბებისა და მისი ამ კუთხით დასაქმების თვალსაზრისით.

2015 წლიდან დღემდე დანაშაულის მეორე დონის პრევენციის სამმართველოში ტ. ტ. აქტიურად  ერთვება სხვადასხვა სერვისში. კერძოდ: ზღაპართერაპია; ფილმების ჩვენება მედიაციის სახლში; გასართობი აქტივობები „თბილისის ასტრა პარკში“; პიროვნული უნარების განვითარების ტრენინგი; „ანაკლიის ბანაკი“; ექსკურსიები ქალაქგარეთ; მიუსაფარ ბავშვთა საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა; ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის კოორდინებული, ინდივიდუალური მომსახურება ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

ბოლო ორი ისტორია „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ მოგვაწოდა.

საბჭოთა საქართველოში მათხოვრობა (სექსივით) არ არსებობდა. თავისუფლების მოპოვებისთვის ბორჯომის წყალი და ციტრუსები საკმარისი არ აღმოჩნდა. „გარდამავალი პერიოდი“ დაუსრულებლად გაგრძელდა და „ველური კაპიტალიზმის“ პირობებში,  არნახულმა სოციალურმა უთანასწორობამ საზოგადოების დიდი ნაწილი ცხოვრების ფსკერზე გადაისროლა. გადარჩენილებს ინსტინქტი კარნახობდა, რომ ბიბლიური „ითხოვე და მოგეცემასთვის“ მიემართა, - უმძიმესი დარტყმის ქვეშ ისევ და ისევ ჩვენი ბავშვები აღმოჩნდნენ. 

შეუძლებელია კანონით და სხვა აქტებით მოაწესრიგო სფერო, რომელსაც ქვეყანაში გამეფებული სიღარიბე კვებავს. ხელისუფლებამ დროულად განგაშის ზარები უნდა შემოკრას და პატარა თანამოქალაქეების გარდაუვალი დაღუპვის წინააღმდეგ გაილაშქროს. მთავრობამ არასამთავრობო სექტორისა და უცხოელი ექსპერტების ჩართულობით სამუშაო ჯგუფი უნდა შექმნას, რათა კვლევებით, გამოკითხვებით, ფოკუს ჯგუფებითა და სხვა დეტალების გათვალისწინებით საქმე გაკეთდეს. 

ერთ-ერთი უპირველესი საკითხი, რომელიც სამუშაო ჯგუფმა უნდა შეისწავლოს, - ხომ არ აქვს ბავშვების მათხოვრობაში ჩაბმას ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ფორმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია