ufleba.ge
9 მაისის დღესასწაული, ვაკის პარკში, მეორე მსოფიო ომის ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში მონაწილეებმაც აღნიშნეს. ufleba.ge აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანს, ამჟმად ჯანდაცვის სამინისტროს მთავარ სპეციალისტს, მაიზერ გელოვანს ესაუბრება:
- 20 წლის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში, ბოლოს თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ძალების ქვედანაყოფის მეთაურად ვმსახურობდი. წოდებით მაიორი ვარ.
9 მაისი უაღრესად ღირსშესანიშნავი დღეა, რომელიც ბრწყინვალე გამარჯვებასთან ასოცირდება. სამწუხაროდ, ქართველებმა დროებით აფხაზეთი და სამაჩაბლო წავაგეთ, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს კი დიდ პატივს ვცემ იმისთვის, რომ ამხელა ფაშისტური ურჩხული გაანადგურეს.
მამაჩემიც, 1943 წელს, მარუხის უღელტეხილის ბრძოლებში იღებდა მონაწილეობას და, სხვათაშორის, პარტიაშიც იქვე მიიღეს. მერე მთელი ცხოვრება სკოლაში მუშაობდა.
- ქვეყანა რამდენად აფასებს ომის ვეტერანებს?
- სათანადოდ დაფასებული არ არიან, ისევე, როგორც დანარჩენები. ეს ხალხი ყველანაირად უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ჰქონდეთ დიდი პენსია, შესაბამისი ჯანდაცვა და ა.შ.
- დიდ სამამულო ომში ქართველების შეტანილ წვლილზე რა შეგვიძლია ვთქვათ?
- საქართველოს შვილებმა პროცენტულად უდიდესი წვლილი შეიტანეს. ყველაზე მთავარი, უმაღლესი მთავარსარდალი ქართველი იყო. ჩემი ღრმა რწმენით, სტალინის გარეშე ომს ვერ მოვიგებდით.
- დღეს ქართულმა სახელმწიფომ რა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ამდენი წაბორძიკების შემდეგ ისევ გამარჯვების გზაზე გავიდეთ?
- უპირველესად, ისევ ამ ხალხს, ვეტერანებს სათანადო პატივი უნდა სცენ. შემდეგ ჩვენ, რათა მომავალმა თაობამ სამშობლოს დაცვის საქმისადმი რწმენა არ დაკარგოს. ისე კი არა, ჯარს რომ გაიგონებენ, მარტო იმას ცდილობენ თავი რით გამოიხსნან.
სამხედრო სამსახურში ყველა სიხარულით უნდა მიდიოდეს, რადგან სამშობლოს დაცვა ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი პატივია. ხოლო ჯარში ისეთი სულისკვეთება და დისციპლინა უნდა სუფევდეს, რომ ახალგაზრდებს ქვეყნის დაცვის გარდა სხვა ზედმეტი საფიქრალი არ ჰქონდეთ.
საქმე ისე უნდა იყოს აწყობილი, როგორც ეს ჩვენთან სულ თავიდანვე იყო. ჯერ კიდევ გამსახურდიას ხელისუფლების დროს შევედი ეროვნულ გვარდიაში და მას მერე სულ ვმსახურობ. მემაყება, რომ ერთ-ერთი პირველი გვარდიელი ვარ. ასევე, ახლანდელ ახალგაზრდებსაც უნდა ეამაყებოდეთ ჯარში ყოფნა და სამშობლოს სადარაჯოზე დგომა.
ჩვენი ხელისუფლება ამ პროცესს ყველანაირად ხელს უნდა უწყობდეს. ჯარისკაცი, ოფიცერი, ვეტერანი მაქსიმალურად წახალისებული უნდა იყოს, რომ ქართველთა მეომრული ტრადიციები გაგრძელდეს და განმტკიცდეს.