ufleba.ge
ვეტერანთა ჰოსპიტლის დირექტორის, ლევან ჯუღელის ბაბუა მეორე მსოფლიო ომის დროს, ქერჩში, დივიზიის სამედიცინო სამსახურს ხელმძღვანელობდა. თუნდაც ამიტომ თავს ვალდებულად მიიჩნევს, რომ ყოველ წელს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს სათანადო პატივი მიაგოს. ამბობს, რომ დღეს ქართველ ერს ისეთი კონსოლიდაცია სჭირდება, როგორც ეს გამარჯვების წლისთავზე ხდება.
ufleba.ge ვლადიმერ სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის დირექტორს, ლევან ჯუღელს ესაუბრება:
- სადღესასწაულო დამოკიდებულება გვაქვს. კარგად ვიცით, რა მოვლენა იყო მეორე მსოფლიო ომი, სადაც კეთილი ბოროტს ებრძოდა და გაიმარჯვა. ფაშიზმის დასამარცხებლად მთელი მსოფლიო იბრძოდა, რაშიც ქართველმა ხალხმა უდიდესი წვლილი შეიტანა. ჩვენები, მამაკაცები, ქალბატონები წავიდნენ ომში, შეწირეს სიცოცხლე, ძალიან ბევრმა ჯანმრთელობა და საბოლოო გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულეს.
ჩვენი, როგორც მათი შთამომავლების ვალია, რომ 9 მაისი მუდმივად გვახსოვდეს და სათანადოდ აღვნიშნოთ. ეს ყველაფერი ჩვენს შვილებსაც უნდა ახსოვდეთ, რადგან კეთილისა და ბოროტის ასეთი გრანდიოზული დაპირისპირება კაცობრიობას არ ახსოვს.
მე, როგორც სამხედრო, ვეტერანი, თავს ვალდებულად მივიჩნევ, რომ ყოველთვის პატივისცემა გამოვხატო იმ ხალხის მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლე ჩვენს მშვიდობიან ცხოვრებას შესწირა. ძალიან შემცირებულ ომის ვეტერანებს კი დიდი პატივისცემა სჭირდებათ.
სხვათაშორის, ბაბუაჩემიც ქერჩში სხვადასხვა მიმართულებით იბრძოდა, დივიზიის სამედიცინო სამსახურის უფროსი იყო. ჩემი ქმედებით მსურს მის მიმართაც განსაკუთრებული პატივისცემა გამოვხატო.
- რამდენად დაფასებული არიან ვეტერანები სახელმწიფოს მხრიდან?
- ვხედავთ, რამდენი ხალხია მოსული. აქ ბრძანდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე. ბევრი პროექტია, რომლის მიხედვითაც ვეტერანებს არსებული შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარებიან. ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურს აკეთებს იმისთვის, რომ მათდამი თანადგომა მატერიალურადაც გამოხატოს.
- ამ მხრივ, ვეტერანთა ჰოსპიტალს რა გეგმები აქვს?
- პრობლემები ბოლო 15 წლის განმავლობაში დაგროვდა. ბოლო წლებში ჰოსპიტალი საერთოდ დანგრეული და უმოქმედო იყო. სადღეისოდ, მთავრობის მხარდაჭერით ახალ მისამართზე, კეიდიას ქუჩაზე ჰოსპიტლის ამბულატორიული ნაწილი უკვე 80%-ით გარემონტდა, ანუ პოლიკლინიკა აღჭურვილია. ეს ყველაფერი ძალიან მაღალი გამტარუნარიანობით არის შესრულებული.
მაგრამ გარკვეული დრო გვჭირდება, რომ გავიხსნათ და სრულფასოვნად ვიმუშაოთ; რადგან არის რაღაც შემაფერხებელი ფაქტორები, ურთიერთობა ჩვენს პატნიორებთან, რომლებიც გვეხმარებიან და ა.შ. დიდი იმედი აქვს, ჰოსპიტალი უახლოეს თვეებში გაიხსნება და მივიღებთ ჩვენს ვეტერანებს.
- რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანამ ისევ გამარჯვების გზით იაროს?
- უპირველესად, აუცილებელია ჩვენი ხალხის კონსოლიდაცია, გაერთიანება, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, აღმშენებლობა დაიწყოს. ვფიქრობ, ეს პროცესი გარკვეულწილად დაწყებულია. შეიძლება პროცესები ცოტა ნელი ტემპებით მიდის, მაგრამ ამას ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები აქვს.
მაგალითისთვის, გვჭირდება ის, რასაც ახლა გამარჯვების წლისთავზე ვუყურებთ, ამდენი ხალხის საერთო სულისკვეთებას, ერთად დგომას. დარწმუნებული ვარ, საერთო-სახელმწიფოებრივ საქმეში ერისა და ბერის გაერთიანებით ცოტა ხანში იმას მივაღწევთ, რაც ქვეყანას სჭირდება.