ufleba.ge
საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლოსა (თავმჯდომარე - დოდო გუგეშაშვილი) და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა (ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამაზ სირაძე, მონიტორინგისა და აუდიტის სამმართველოს წარმომადგენელი ბახვა სურმანიძე და დათო ცინცაძე) ვაზიანში, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა საერთო საცხოვრებელი მოინახულეს და ადგილობრივთა პრობლემებს გაეცნენ.
დათვალიერების შედეგად საჭირბოროტო საკითხთა წრე გამოიკვეთა, რომელიც დროულ გადაწყვეტას მოითხოვს. კერძოდ, შენობა დიდი ხნის გაურემონტებელი, ავარიულ მდგომარეობაშია, ბევრგან წყალი ჩამოდის და ოჯახებს, პატარა ბავშვებს სინესტეში უწევთ ცხოვრება, ზოგიერთი ბინა გამოკეტილია, როდესაც ბევრ ომის ვეტერანს დღემდე საკუთარი ჭერი არ აქვს და ა.შ.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ შენობა თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა და უწყებამ ან საკუთარ თავზე უნდა აიღოს სათანადოდ მოვლა-პატრონობა, ან ტერიტორია გარდაბნის გამგეობას უნდა გადაეცეს, შესაბამისი ვალდებულებებით.
საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლოსა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა მასპინძლებს პრობლემების დღის წესრიგში დასმა და გადაწყვეტა აღუთქვეს.