მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"წუნწურა წყარო" - 13 ივნისი 2019

ufleba.ge

(ჩანახატი)

პატარაობისას, ზაქათლის რაიონის სოფელ მოსულიდან ფეხბურთის სათამაშოდ მეზობელ ჰენგიანში დავდიოდით. ჯერ სოფლის განაპირა მინდვრებზე, მერე მოსაზღვრე მდინარე "ბიჰტუზე" გადავდიოდით და უკვე ჰენგიანი იყო, თავისი თხილის ბაღებში მოქცეული საფეხბურთო სტადიონით. ყოველთვის დიდი სიხარულით გვხვდებოდნენ იქაური თანატოლები, ბურთის საგორებლად მოწყურებულნი. 

ისინი ხომ გარეგნული იერითაც ჩვენგან არაფრით განსხვავდებოდნენ. ჩვენ შორის ერთადერთი განსხვავება სალაპარაკო ენაში იყო - ჰენგიანელი ძმები არაქართულად, „თათრულად“ (იგივე აზერბაიჯანულად) საუბრობდნენ. მაგრამ იმასაც ადვილად ვამჩნევდით, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი, ნებისმიერ სხვა ადგილას მოსმენილი „თათრული“, რაღაცნაირად ყურში გხვდებოდა მათი უცხო მეტყველება. 

მალევე აღმოვაჩინეთ, რომ ჰენგიანელების „თათრულში“ ბევრი ქართული სიტყვა იყო გარეული, ისიც ერთგვარად დამახინჯებული, მაგრამ მაინც. ერთ-ერთი ასეთი „წუნწურა წყარო“ იყო. სოფლის ცენტრში ქვა-ბეტონისგან გაკეთებული, მოკრძალებული კონსტრუქცია იდგა, საიდანაც, მიწის სიღრმიდან ყინულივით ცივი წყალი მცირე ნაკადად მოედინებოდა. ზაფხულობით კი, სულაც წვეთ-წვეთობით მოდიოდა, ისე, რომ მცხუნვარე მზის მიუხედავად, ნაკადი ბოლომდე მაინც არ წყდებოდა. 

ერთი-ორჯერ ფეხბურთის თამაშის შემდეგ ვკითხეთ თანატოლებს, თუ საიდან ჰქონდათ სალაპარაკო ენაში შემორჩენილი ქართული სიტყვები, მათ შორის წუნწურა წყაროს სახელწოდება. მაშინ ხელჩასაჭიდი ვერაფერი გვითხრეს. ის კი დაამატეს, რომ მეტყველებაში თავად სიტყვა „ქართულიც“ გვაქვსო. კერძოდ, ასეთი მნიშვნელობით - „მე შენ ქართულს გეუბნები იმას ნიშნავს, რომ სრულ ჭეშმარიტებას მოგახსენებო“. 

მერე ნელ-ნელა ბევრი სხვა ქართული სიტყვაც აღმოვაჩინეთ მათთან ურთიერთობაში, რაც ძალიან გვახარებდა. 

ჰენგიანში რამდენიმე წყარო მოსჩქეფდა, მაგრამ ყოველთვის განსაკუთრებით წუნწურა წყარო გვიზიდავდა. გვეგემრიელებოდა მისი ცივი წვეთები, შუა მცხუნვარე ზაფხულში მომდინარე. ფეხბურთის შემდეგ ჯერ მას დავაგემოვნებდით, თან დავასუფთავებდით ზედმეტი რაღაცეებისგან და გზას სოფლის შემდეგ წყარომდე ვაგრძელებდით. 

მთელი ბავშვობა, სკოლის დამთავრებამდე წუნწყურა წყარო არ შეწყვეტილა. და ჩვენ სულ გვეგონა, რომ ის დედამიწის გულიდან წამოსული მარადიული ნაკადი იყო, რომელსაც დასასრული არ ეწერა. 

სკოლის დამთავრება მე-11 კლასელებმა ასევე ჰენგიანთან გამყოფ „მაჰმადის წყაროზე“ აღვნიშნეთ. ბევრი გულიდან მოსული სადღეგრძელო წარმოვთქვით დედა ენაზე, ბედკრულ სამშობლოზე, ობლად დარჩენილ შვილს ნუკრის ხვედრზე... პატარა საინგილოს თამადობით დიდ საქართველოს გამარჯვება-გაბრწყინება ვუსურვეთ. სუფრასთან პატრიოტიზმით არ ვიღლებოდით. ნეტავ ასეთი შემართება, მებრძოლი სული მთელი შემდგომი ცხოვრება შეგვენარჩუნებინა. 

სადღეგრძელოებს შუა, იქვე მდინარე „ბიჰტუზე“ ჩავედით გასაგრილებლად. შავი მორევი მრავალწლიანი ხეების ჩრდილში იყო მოქცეული და თავისთვის გაურკვეველ ენაზე დუდღუნებდა. ამ ზღაპრულ ჩრდილში მდინარეს მეორე ნაპირიდან სულ მთლად გათეთრებული მოხუცი მოადგა და... სუფთად ქართულად მოგვესალმა. საპასუხოდ გამარჯვება ვუსურვეთ და გაოგნებულებმა ვკითხეთ, თუ საიდან იცოდა ასე კარგად ჩვენებური ენა. იდგა პატრიარქივით თეთრი, სიმარტოვის მწუხარებითა და ტკივილით აღსავსე მოხუცი და... 

"ჩემო შვილებო, ოდესღაც ჰენგიანელებიც ქართველები ვიყავით, ჩვენი მამა-პაპაც ამ დალოცვილ ღმერთების ენაზე საუბრობდა. მაგრამ ვაი, რომ დროის ჩარხს ვერ გავუძელით; ქართული სკოლა არ გვეღირსა და ჩვენი შთამომავლობაც ძალით გაათათრეს. დავრჩით ასე მოხუცები ჩვენი ტკბილი ქართულით, რომელიც ახალ თობას უკვე აღარაფერში სჭირდება. რა არ მოვიმოქმედეთ, რომ სკოლის, ქართულის მასწავლებლის გარეშე სოფელში მშობლიური ენა შეგვენარჩუნებინა, ვერაფერი მოვახერხეთ. მტკივა და თან მიხარია თქვენ რომ გხედავთ, დედა ენაზე მოსაუბრეებს. გთხოვთ, გემუდარებით არ დაკარგოთ ისე, როგორც ჩვენ დავიკარგეთ უღრან ტყეს და ალბათ, ვეღარასოდეს, ვეღარასოდეს დავუბრუნდებით ჩვენი გმირი მამაპაპის გზას“, - გვითხრა ეს გულიდან ამოხეთქილი სიტყვები, ცრემლები მარცხენა სახელოთი მოიწმინდა და ჩრდილს მიღმა ისე ნელ-ნელა გაუჩინარდა, რომ არც დაგვემშვიდობა. 

ამოვედით და დავლიეთ „თეთრი პატრიარქის“ დღეგრძელობა, რომელმაც მთელ დარჩენილ სიცოცხლესა და ქარტეხილებში იოანე ზოსიმეს ღმერთების ენის მოვლა-პატრონობა დაგვიბარა. ისე, რომ გემშვიდობებითო არ უთქვია. 

მოგვიანებით, ჩვენი მშობლებისგანაც შევიტყვეთ, რომ მეზობელ სოფელში მცხოვრებნიც ადრე ისტორიული ელისენიდან (ახლანდელი ალიაბადი) წამოსული ჰერელები ყოფილან. მერე ალიაბადისგან და მოსულისგან განსხვავებით, ჰენგიანში ქართული სკოლა ვერ გაუხსნიათ და ამის გამო, სოფლის ახალგაზრდობა ნელ-ნელა "გათათრებულა". თუმცა ქართულ ნიადაგზე ისეთი აზერბაიჯანულით ამეტყველებულან, რომ მთელ რესპუბლიკაში თითით საჩვენებელი გამხდარა ეს უცნაური კილო-კავი. დროთა სიავემ ის მოიტანა, რომ მხოლოდ მოხუცებიღა საუბრობდნენ მშობლიურ ქართულზე ამ სოფელში.   

ტრაგიკული წარსულის შესახებ ყველაფერი იცოდნენ-განიცდიდნენ, მაგრამ სიმართლე ნირშეცვლილ ახალ თაობას ვერაფერს არგებდა. 

... ამასწინათ, როგორღაც შემთხვევით სოფელ ჰენგიანში მოვხვდი და პირველი რაც გამახსენდა და მისი მონახულება მომინდა, ბავშვობის ერთ-ერთი საუკეთესო მოგონება, წუნწურა წყარო იყო. მივედი და ვაი ამ მისვლას. ზაფხული არ იყო, მაგრამ მისი პირიდან ცივი წყალი წვეთობითაც კი აღარ მოედინებოდა, წყარო ბოლომდე დამშრალი იყო. გულში ძალიან ღრმად რაღაც ჩამწყდა. თითქოს, ისედაც მოკლე სიცოცხლის ულამაზესი პერიოდი, ბავშვობა ძალით წამართვეს და მისი დაბრუნება არაფრით არ შემეძლო. ამ განცდით ბევრი ვუტრიალე გარშემო, ისევ დავასუფთავე, როგორც ამას პატარაობისას ვაკეთებდი, ჩემს თანატოლებთან ერთად.  ამაოდ. წუნწურა წყარო მყარად დადუმებული იყო და წყალი წვეთობითაც კი აღარ სდიოდა. 

ვიდექი ასე მარტოდმარტო სოფლის ცენტრში და ველოდებოდი, იქნებ ვინმემ, ბავშვობის ფეხბურთის მეგობარმა გამოიაროს, მისგან მაინც გავიგებდი ქართულ სიტყვას, თუ ასეთი რა დაემართა ჩვენს საერთო სიყვარულს - წუნწურა წყაროს. 

ასე დიდხანს ვიდექი და სამწუხაროდ, მათგან არავინ გამოჩენილა. ბოლოს ერთ უცნობ ჰენგიანელს ვკითხე, სად არიან, რატომ არ ჩანან სოფელში ახალგაზრდები-მეთქი. 

- აბა რა გითხრა, მათი უმრავლესობა სოფლიდან გასულია. აქ ნორმალური სამუშაო არ არის და არსებობისთვის ბრძოლაში თურქეთში ან რუსეთში მიემგზავრებიან. 

- თბილისში არ მიდიან? 

- არა, მეგობარო. რაც ამ სოფელში წინაპართა ენა, ქართული დავკარგეთ, თბილისთან ძველი კავშირებიც გაწყდა. ყველამ ყველაფერი ვიცით, რაც ჩვენს თავს დატრიალდა, მაგრამ ეს ამ სოფლელების რა ბრალია? ჩვენ ხომ მიგვატოვეს?, - რიტორიკულ კითხვაზე პასუხი არ მქონია. 

- ერთადერთი, როდესაც ჩვენებურებს შავი სამუშაოსგან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნებათ და ექიმი დასჭირდებათ, პირდაპირ თბილისში მოდიან; რადგან მთელ დედამიწისზურგზე, უსიტყვოდ, მხოლოდ ქართველ მკურნალებს ენდობიანო, - ესეც დაამატა. 

დავტოვე ჩემი მეზობელი სოფელი ჰენგიანი ისე, რომ მეც არ ვიცოდი, აქ როდის ან რისთვის უნდა დავბრუნებულიყავი.       

... ჰენგიანელების ტრაგედიიდან ასი წლის შემდეგ, ალიაბადისა (ელისენი) და მოსულის ქართულენოვანი სკოლები დღესაც დახურვის საფრთხის წინაშე დგანან.       

---------------------------------------------------------------------------------------- 

„ჰენგიანი“, ინგილოს დამახინჯებული ფორმა - ახლად მოქცეულ-მორჯულებულს (გამუსულმანებული ქართველი) ნიშნავს 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია