მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ერთი დღე „სინათლისა და ბედნიერების ქოხში“ - 30 ოქტომბერი 2019

შენი სოფლის პატრონი უნდა გახდე შენ თვითონ და თუ მოინდომებ, სწორი მიდგომებით ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია“

ufleba.ge

ცნობილია, რომ ორი გზა არსებობს, ერთი მუდმივი განათლების მიღება, მეორე - პერმანენტული კატასტროფა. საფუძვლიანი განათლების და უნარ-ჩვევების შეძენას ადამიანი მაშინ იწყებს, როდესაც სკოლაში მიღებული ცოდნა ნელ-ნელა ავიწყდება. შესაბამისად, ზრდასრულთა განათლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

დღეს არსებული გამოწვევები უფრო კონკურენტუნარიან საზოგადოებას მოითხოვს. საჭიროა სპეციალური მომზადება, მუდმივი მზადყოფნა წარმოქმნილი სირთულეების გადასალახავად. უწყვეტი განათლების პროცესზე საქართველოს ზრდასრულთა განათლების ქსელი მუშაობს, რომელიც ქვეყნის შვიდ რეგიონში ათ სათემო ცენტრს აერთიანებს. 

25 წლის შალვა თამაზაშვილი ახალბედა ხის ოსტატია, სუვენირების დამზადებას სწავლობს. ახალციხის ზრდასრულთა განათლების ცენტრში 9 თვეა და 15-მდე ნამუშევარი აქვს შესრულებული:

ცოდნის გაღრმავება მსურს. გხვდება რაღაცები, გგონია, რომ იცი, არადა, არ იცი და კეთებისას ახალს სწავლობ. ფრინველის ან ცხოველის სახე ან ფიგურები მომწონს, ვდილობ გამომივიდეს.

პირველი ნამუშევარი ძალიან კარგი გამომივიდა და გაჩუქებულიც მაქვს. შეყვარებულისთვის გავაკეთე სუვენირი, საქართველოს რუკა გულებით, სასანთლეებით. მეორე ვაზა გავაკეთე, იქით ყველაზე ბოლოს დევს“, - გვაჩვენებს შალვა.

ხეზე მუშაობა ბავშვობიდანვე უნდოდა, ამის შესაძლებლობა ზრდასრულთა ცენტრში მიეცა. მისი მიზანია საყვარელი პროფესია შემოსავლის წყაროდ ექცეს:

გამოცდილება დამეხმარა და სწავლას ვაგრძელებ. აქამდე საშუალება არ მქონია, ინსტრუმენტები, რაღაც ყოველთვის მაკლდა. მასწავლებელიც არ მყოლია, დამოუკიდებლად ამეღო და დამეწყო ეგრე არ გამოვიდოდა. ამიტომ ეს სივრცე გამომადგა, სასწავლოდ ძალიან კარგი ადგილია. ჩემი აზრით, ვისაც სურვილი აქვს, გამოსდის, აქ უნდა იაროს და ისწავლოს, ამით თავისი ნიჭი გამოავლინოს“.   

/„მინდა დავანახო ჩემს ნაცნობ-მეგობრებს, რომ ქალთა უფლებების დაცვისთვის მამაკაცების ჩართულობა მნიშვნელოვანია“/

აფხაზეთიდან დევნილი ბადრი ვეკუა ქალთა კლუბის წევრია. 2010 წლიდან სენაკის სათემო განათლების ცენტრის აქტიური ბენეფიციარია. სხვადასხვა ტრენინგი და კურსი გაიარა, უამრავ საჯარო შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ცენტრის მოხალისე და ახალგაზრდული კლუბის წევრიცაა: 

ალბათ გაგიკვირდებათ, რატომ ვარ ქალთა კლუბის წევრი. როცა თქვეს მამაკაცებისთვის ქალთა კლუბში გაწევრიანება შესაძლებელი იყო, მე და ჩემი მეგობრები დიდი ენთუზიაზმით ჩავერთეთ. თითქმის არცერთი შეხვედრა-ტრენინგი არ გამიცდენია და იცით რატომ? მაინტერესებს თემები, რაც განიხილება და მინდა დავანახო ჩემს ნაცნობ-მეგობრებს, რომ ქალთა უფლებების დაცვისთვის მამაკაცების ჩართულობა მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გამოწვევების წინ დგას საზოგადოება, ის პრობლემები, რასაც განვიხილავთ გენდერულ ჭრილში, მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. ზოგადად, როცა ლაპარაკიაგენდერზე“, რატომღაც საზოგადოება,  განსაკუთრებით რეგიონში,  არასწორად იგებს და ღიზიანდება.

ამიტომ მსურს ამ საკითხებში ჩაღრმავება. საკუთარი თავიც დამანახა ამ პროექტმა სხვა კუთხით,  მომწონს ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში. პარალელურად, პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსებზეც დავდიოდი, ელექტრომემონტაჟის და გიდის პროფესიული კურსი გავიარე. დღეს დასაქმებული ვარ, ენერგო პრო ჯორჯიაში ოპერატორის თანამდებობაზე,

ბიზნესგრანტების კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა და მეგობრებთან ერთად გავიმარჯვე. სენაკში ჩამოსულ ტურისტებს შევთავაზებთ გიდის საჯომარდო მომსახურეობას და ეს ყველაფერი ამთბილი ქოხისდამსახურებაა. ასე ვეძახით სენაკის სათემო განათლების ცენტრს ბენეფიციარები.

ახლა ყოველი მესამე დღე ვმუშაობ და მერწმუნეთ, ის თავისუფალი ორი დღე ჩემს პიროვნულ განვითარებას ეკუთვნის, რომელსაც ამ კლუბში და ამ ცენტრში ვიღებ“.

/„მეც შემიძლია ვიყო აქტიური, ვიურთიერთობო ადამიანებთან, ვისწავლო და გავაზიარო ჩემი ცოდნა-გამოცდილება“/

სიდონია მამულაშვილმა უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამთავრა. დღემდე არსად უმუშავია, მაგრამ ახლა თავს საზოგადოების სრულფასოვან  წევრად, კარგ სპეციალისტად მიიჩნევს:

სენაკის სათემო განათლების ცენტრში ბუღალტერიის შესასწავლად მოვედი. როცა ქალთა კლუბში გაწევრიანება შემომთავაზეს, წუთითაც არ დავფიქრებულვარ. ვიფიქრე, დიდი ხანია საზოგადოებას მოწყვეტილი ვარ ჩემი ავადმყოფობის გამო და, ალბათ, ეს შანსია დავუმტკიცო საკუთარ თავს, მეც შემიძლია ვიყო აქტიური, ვიურთიერთობო ადამიანებთან, ვისწავლო და გავაზიარო ჩემი ცოდნა და გამოცდილება. აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ, გავხდი უფრო მიზანდასახული, საკუთარ თავში და შესაძლებლობებში თავდაჯერებული.

ჩართული ვარ ცენტრის ყველა აქტივობაში, მცირე საგრანტო კონკურსში გავიმარჯვე და წამოვიწყე საქმიანობა. მე ამ პროექტმა გამომაფხიზლა, დამანახა საკუთარი თავი სხვა კუთხით; პიროვნული განვითარების კურსებს ვესწრებოდი და ყველა საჯარო შეხვედრასაც. ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავედი  და ეს მაიმედებს, ვუყვები მეგობრებს, როგორ შეიძლება ზრდასრულმა ადამიანმა დაიწყოს ახალი ცხოვრება, აიმაღლოს კვალიფიკაცია, იყოს აქტიური მოქალაქე და ყველაფერი ეს აკეთო სიამოვნებით“.

/„აქ ყოფნა ზეიმია, ურთიერთობებია, რომელიც გავითარებს“/

ვენერა ლიპარტია სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკიდანაა. 45 წლის  მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მარტო დარჩა სოფელში, შვილი ემიგრაციაშია:

სენაკის სათემო განათლების ცენტრში მუნიციპალიტეტის მერიიდან მიმასწავლეს. ბიზნეს-გეგმის  შედგენა მინდოდა, საგრანტო კონკურსში ვიღებდი მონაწილეობას, მითხრეს, იქ დაგეხმარებიანო. ცენტრში მისულს არამარტო ბიზნესგეგმის შემუშავება, არამედ ჩემთვის სასურველი პროფესიული კურსები შემომთავაზეს და მითხრეს ქალთა კლუბი უნდა ჩამოვაყალიბოთ, იქნებ ჩვენთან მოგეწონოთო.  პროექტის პრეზენტაცია მოვისმინე და ვიფიქრე  მომესინჯა, არასოდეს ვყოფილვარ ტრენინგებზე, ჩემთვის ეს ახალი გამოწვევა იყო.

დღეს ვერ წარმომიდგენია ამ ცენტრის გარეშე, ჩემი ცხოვრების ეს სამი თვე განსაკუთრებულია, ყველაფერი შეიცვალა გარშემო, შევიცვალე თვითონაც. ახალი ხედვით შევხედე გარემოს, საკუთარ თავს, სოფელში დაბრუნებული მეზობლის ქალებს ვუყვები აქაურ ამბებს, სიცოცხლე დამიბრუნდა, ხალისი დავიბრუნე. ახლა უფრო ბევრ რამეს ვასწრებ, ვსწავლობ კულინარიაზე. ვესწრები სხვადასხვა აქტივობებს, ვურთიერთობ ადამიანებთან, ბევრი გავიგე ჩემი უფლებების, შესაძლებლობის შესახებ.

ასევე მივიღე მცირე გრანტი, გავიარე ტრაქტორის შემსწავლელი კურსი და ახლა შემიძლია ჩემი მიწები თვითონვე დავამუშავო. მინდა ყველამ დაინახოს ის პოზიტიური ცვლილებები, რასაც აქ მოსული ადამიანები განიცდიან, სოფელში შევქმენი კოოპერატივი და ჩემს მეგობრებთან ერთად ახლა ვაშენებ მოცვის ბაღს ჩართული ვართ პროგრამაშიდანერგე მომავალი. აქ ყოფნა ზეიმია, ურთიერთობებია, რომელიც გავითარებს“.

/„აქ მე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვარ, ჩემი აზრი არ არის დასაცინი, შეცდომის უფლებაც მაქვს და არავინ გამკიცხავს“/

თეონა ქუთელიაც სენაკის ახალგაზრდული კლუბის წევრია. ახარებს და აბედნიერებს ამ კლუბის წევრობა:

მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, მყავს სამი და- ძმა, მე უფროსი ვარ. ჩემს მშობლებს უწევთ მძიმე შრომა, ოჯახის უზრუნველსაყოფად, მოხუცი ბებია და ბაბუაც ჩვენთან ცხოვრობენ.  მრავალრიცხოვანი ოჯახის შენახვა არ არის ადვილი, ჩემს მშობლებთან ერთად მე ვინაწილებ ამ პასუხისმგებლობას.

სანამ ჩემი მშობლები ოჯახის სარჩოზე ზრუნავენ, მე საოჯახო საქმეებს ვაკეთებ: ვალაგებ, სადილს ვამზადებ, ჩემს პატარა და-ძმაზე ზრუნვა მე მეკისრება, მე ვზრუნავ მოხუცებზეც.

საოჯახო საქმეებზე ზრუნვამ სწავლაში ხელი შემიშალა, ჩამოვრჩი მეგობრებს, აქედან გამომდინარე გაუბედავიც გავხდი, თანდათან საკუთარ თავში ვიკეტებოდი. სათემო ცენტრში, რომელსაც თემში სიყვარულითსინათლის და ბედნიერების ქოხსეძახიან, დამიბარეს, ჩემი აზრი აინტერესებდათ, რა სახის აქტივობებში ჩაერთვებოდა ჩემნაირი მოზარდი. გაუბედავად გამოვთქვი ჩემი შეხედულებები.

ცოტა ხანში ახალი პროექტის პრეზენტაციაზე დაგვიძახეს და მაშინ ვთქვი, ეს ჩემი შანსია, უნდა ვცადო-მეთქი. სულ სამი თვეა, რაც ახალგაზრდული კლუბის წევრი ვარ; გავიარე ტრენინგების ციკლი, შევიცვალე, აზრსაც გამოვთქვამ თამამად, საქმეებსაც ვასწრებ, სკოლაშიც ხალისით დავდივარ და ვსწავლობ. აქ ყირაზე დგომაც ვისწავლე და არ მრცხვენია, პირიქით ჩემი სითამამე, გაბედულება ფრთებს მასხამს და მაიმედებს.

აქ ვისწავლე გუნდურობა, ლიდერობა, ფიქრი, სიხარული. აქ მე საზოგადოების სრულფასოვანი წევრი ვარ, ჩემი აზრი არ არის დასაცინი, შეცდომის უფლებაც მაქვს და არავინ გამკიცხავს“.

/„გაუმჯობესდა როგორც ფუტკრის ოჯახები, ასევე ჩემი ფინანსური მდგომარეობა“/

()იპ ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში მეფუტკრეობის კურსი 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბენეფიციარებმა შეისწავლეს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილი. მიღებული ცოდნის გამოყენების შესახებ თავად გვიამბობენ.

მიუხედავად იმისა, რომ რაულ ნაკაშიძე პედაგოგია და გადართულია პროფესიულ საქმიანობაზე, მეფუტკრეობა ის სფეროა, რომელიც ძალიან აინტერესებს და ცდილობს დღითი-დღე ცოდნა გაიღრმავოს, რაშიც სასწავლო კურსი დაეხმარა:

მეფუტკრეობის კურსზე შესწავლილი საკითხები ჩემი საქმიანობისათვის ნაყოფიერი აღმოჩნდა, გაუმჯობესდა როგორც ფუტკრის ოჯახები, ასევე ჩემი ფინანსური მდგომარეობა. ვისწავლე ფუტკრის რძის ამოღება და მისი რეალიზაცია დავიწყე. 1 ფუტკრის რძე 3-5 დოლარად ჩავაბარე, რითაც მეფუტკრეობის სფერო უფრო მიმზიდველი გახდა“.

ნოდარ მიქელაძე სანამ მეფუტკრეობის კურსის სწავლას დაიწყებდა,  მის ფუტკრის ოჯახებს დაავადებები ჰქონდა, მკურნალობას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ: „ამ კურსის მეშვეობით გავიღრმავე ცოდნის დონე ფუტკრის ოჯახების მოვლის საქმეში  და მაქსიმალურად მოვაგვარე ფუტკრის დაავადებების პრობლემა“.

ლიანა ბოლქვაძემ ფუტკრის ოჯახების მოვლა-პატრონობა რამდენიმე წელია რაც დაიწყო, თუმცა ამისთვის არც თეორიული და არც პრაქტიკული ცოდნა ჰქონდა საკმარისი:

ამიტომაც  გადავწყვიტე, რომ მესწავლა მეფუტკრეობის კურსზე, სადაც ბევრი რამ შევისწავლე და სხვა მეფუტკრეების გამოცდილებასაც გავეცანი. თავიდან მეგონა, რომ ქალისთვის რთული იყო ამ საქმის კეთება, მაგრამ ასე არ ყოფილა. ამის შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყე ფუტკრის მოვლა-პატრონობა და ჩემს ფუტკრის ოჯახებს კიდევ 2 ოჯახი დაემატა“.

რეზო გათენაძე მეფუტკრეობის დარგში დიდი ხანია მუშაობს. საკმაო რაოდენობის გამოცდილებაც დააგროვა და ეგონა, რომ 78 წლის ასაკში ახალს ისეთს ვერაფერს ისწავლიდა, მაგრამ ცდებოდა:

სასწავლო კურსის გავლის შემდეგ ვისწავლე რძის წარმოება, განაყოფიერებული დედა ფუტკრის მიღება და სკები დავაკომპლექტე ახალი დედა ფუტკრებით. ეს საკითხები ვიცოდი თეორიულად, თუმცა პრაქტიკულად მისი გაკეთება მერთულებოდა და ხარისხიანადაც არ გამომდიოდა“.

/„ადრე თუ სხვების დახმარება მჭირდებოდა, ახლა დამოუკიდებლად ვაკეთებ ყველაფერს“/

კომპიუტერის საოფისე პროგრამების კურსიც 6 თვის განმავლობაში მიმდიანრეობდა და სამი დონე გაიარეს ბენეფიციარებმა.

ლელა კახაბერიძე ამბობს, რომ დღეს კომპიუტერთან მუშაობა უკვე აღარაა გასაკვირი რამ. მართალია, ყოველდღიურად შეხება ჰქონდა და რაღაცების გაკეთება შეეძლო, მაგრამ სამუშაოს პოვნისათვის ან დაკისრებული დავალების სწორად შესრულებისათვის ეს საკმარისი არ იყო:

ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო სწავლა და გამევლო სრული კურსი. კომპიუტერის საოფისე პროგრამების კურსის სწავლების დასრულების შემდეგ დავიწყე მუშაობა ოფის-მენეჯერად. მარტივად ვაკეთებ საქმეს და არ მჭირდება დიდი დრო, რადგან სწავლების პერიოდში პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამომიმუშავდა“.

თინა ცეცხლაძე სკოლის დირექტორია და მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ საქმე გაკეთდეს რაც შეიძლება ნაკლებ დროში და ხარისხიანად, საქმის მრავალფეროვნებიდან და რაოდენობიდან გამომდინარე:

ძალიან მჭირდებოდა კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა. მართალია რაღაც დონეზე ვიცოდი, მაგრამ როცა თეორიულად და პრაქტიკულად დაეუფლები ამ უნარ-ჩვევებს, ამას უფრო სხვა შედეგი მოაქვს. კომპიუტერის საოფისე პროგრამების კურსის გავლა დამეხმარა სამსახურეობრივი სამუშაოების  ნაკლებ დროში და უკეთ შესრულებაში. ადრე თუ სხვების დახმარება მჭირდებოდა, ახლა დამოუკიდებლად ვაკეთებ ყველაფერს“.

მელანო შავლიძე სკოლის პედაგოგია და მისთვის სხვადასხვა პროგრამებში მუშაობის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია: „ეფლოუში მუშაობა ვისწავლე, რითაც სკოლაში სხვა პედაგოგების დახმარებასაც ვახერხებ. თუმცა მათ ხშირად ვურჩევ, რომ ისწავლონ  და გაიარონ სრული კურსი კომპიუტერის საოფისე პროგრამების მიმართულებით“.

ორთვიანი მართვის მოწმობის თეორიული კურსიც ბენეფიციართათვის ძალიან ნაყოფიერი და ბევრის მომცემი აღმოჩნდა, მესამე ნაკადი უკვე დასრულებულია. თამილა თურმანიძეს ყოველთვის ეგონა, რომ მართვის მოწმობის აღებისათვის საჭირო თეორიულ ნაწილს (ბილეთებს, საგზაო ნიშნებს და .) თვითონ დამოუკიდებლად ისწავლიდა:

იქიდან გამომდინარე, რომ სამსახურის გამო დრო არ მქონდა და ხშირად ვერ ვიცლიდი ინდივიდუალურად მესწავლა, გადავწყვიტე ორთვიანი კურსი გამევლო. სწავლის შემდეგ ავიღე მართვის მოწმობა და, გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს ინდვიდუალურად ვასწავლი მართვის მოწმობის თორიულ კურსს“.

/„პროცესი იმდენად საინტერესოა, გინდა მეტი და მეტი ისწავლო“/

()იპ ქედის ზრდასრულთა განათების ცენტრში ბენეფიციარებს შეეძლოთ დაუფლებოდნენ მინანქრის ტექნოლოგიას.

ლია ბოლქვაძეს ყოველთვის აინტერესებდა ტიხრული მინანქრის ხელოვნება და კმაყოფილია, რომ სრულყოფილად გაეცნო მისი შექმნის ტექნოლოგიას: „პროცესი საკმაოდ შრომატევადია, მაგრამ საინტერესო საქმიანობაა. იმედი მაქვს სამომავლოდ მისი წარმოების  შესაძლებლობა მომეცემა“.

ანნა დიასამიძისთვის მინანქრის კურსი უცხო და საინტერესო აღმოჩნდა: „რთულია მინანქრის ტექნოლოგიის დაუფლება, მაგრამ პროცესი იმდენად საინტერესოა, რომ ერთგვარ ექსტრიმს იწვევს და გინდა მეტი და მეტი ისწავლო; ბოლოს კი ნახო, რა შედეგს მიიღებ. მიხარია, რომ ამ მიმართულებით როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა მივიღე“.

ამავე ცენტრში ხელსაქმისა და სუვენირების დამზადების სასწავლო კურსი 3 თვე მიმდინარეობდა. სოფო ბოლქვაძისთვის აღნიშნული კურსი ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო: „სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა არსად გამიგრძელებია და ამგვარი კურსები, გარდა ცოდნის მიღებისა, ურთიერთობების ჩამოყალიბების, საზოგადოებაში გასვლისა და დაახლოების საუკეთესო გზაა“.

ინგლისური ენის კურსის  თითოეული დონე სამ თვეს გრძელდებოდა.

ლიანა ბოლქვაძე: „ასეთი გამოთქმაა - რამდენი ენაც იცი, იმდენი კაცი ხარო.  ჩვენს რაიონში, რომ უცხოელ ტურისტებს ვხედავდი და ინგლისურადგამარჯობის  მეტს ვერაფერს ვეუბნებოდი, სწორედ ამან გადამაწყვეტინა მესწავლა ინგლისური ენა. მართალია, კარგად ცოდნამდე ბევრი მიკლია, მაგრამ ვცდილობ რაც ვისწავლე, პრაქტიკულად გამოვიყენო“.

/„რწმენა იმისა, რომ შენი სოფლის პატრონი უნდა გახდე შენ თვითონ და თუ მოინდომებ, სწორი მიდგომებით ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია“/

ჭიაბერ კობერიძე ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ბენეფიციარიაკანონთან კონფლიქტში მყოფი პირების ბიზნეს საქმიანობის განვითარების მხარდაჭერისპროექტის ფარგლებში. ამ პერიოდში ცენტრის დახმარებით შეძლო პროექტის მომზადება და საოჯახო სასტუმროსთვის CIDA-დან მცირე დაფინანსების მოპოვება.

მიმდინარე წელს, მან ბიზნესის და მარკეტინგის, პროექტის წერის კურსები გაიარა. ჩვენი დახმარებით მოიძია დონორი და მცირე გრანტი საოჯახო სასტუმროს კეთილმოწყობისთვის, სადაც ახლა უკვე მუშაობს. აქ მიღებული ცოდნით ჭიაბერმა შეძლო საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ერთი ახალგაზრდა დაუბრუნდა თბილისიდან რაჭას“, - გვეუბნება ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექტორი ნანა სოხაძე.

18 წლის კესო შიშინაშვილი, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გახსნის დღიდან, სხვადასხვა პიროვნული განვითარების კურსებში აქტიურად იყო ჩართული.

ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ჩვენი ჩართულობით  თუ შეიძლებოდა იმ პრობლემების მოგვარება, რაც ჩვენი სოფლის ახალგაზრდობისთვის იყო მნიშვნელოვანი. სწორედ ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა მომცა იმ ხერხების და მეთოდების ცოდნა, რაც მნიშვნელოვანი იყო პრობლემების ადვოკატირებისა და ლობირებისათვის ადგილობრივ ხელისუფლებასთან“, - ამბობს კესო.

წლებია სოფელში ტარდება სამოყვარულო ტურნირი ფეხბურთშიხვანჭკარის თასი“,   სოფელ ხვანჭკარის სავალალო მდგომარეობაში მყოფ საფეხბურთო მოედანზე. კესომ თანამოაზრეებთან ერთად დაიწყო ფიქრი, როგორ შეიძლებოდა მოედნის რეაბილიტაცია და სავარჯიშო ტრენაჟორების დადგმა; რაც ახალგაზრდობის გამოკითხვის შედეგად, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოიკვეთა.

ამ მიზნით შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს. ასევე, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში სოფლის საერთო კრებაზე, რომელსაც რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორი და მუნიციპალიტეტის მერი ესწრებოდა, ახალგაზრდებმა ლობირება გაუწიეს სოფლის მოედნის რეაბილიტაციას და ტრენაჟორების დადგმას. დღეს სოფელს აქვს აღდგენილი მოედანი და სავარჯიშო ტრენაჟორები, რომლის მოვლა-პატრონობა ისევ ახალგაზრდებმა ითავეს.

მინდა მადლობა გადავუხადო ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ტრენერებს, მათთან გატარებულმა თითოეულმა საათმა გამიჩინა რწმენა იმისა, რომ შენი სოფლის პატრონი უნდა გახდე შენ თვითონ და თუ მოინდომებ, სწორი მიდგომებით ყველა პრობლემის მოგვარება შესაძლებელია.

მე წელს გავხდი სტუდენტი, დარწმუნებული ვარ ზრდასრულთა განათლების ცენტრში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ჩემი მომავალის სწორად დაგეგმვაში გამომადგება. ის მეთოდები და ხერხები, თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი უფლებები, როგორ შევძლოთ პრობლემების ადვოკატირება, ამბროლაურის ზრდასრულთა განათლების ცენტრის თანადგომით ბევრ საქმეს გაგვაკეთებინებს ჩვენი მუნიციპალიტეტის და მასში შემავალი სოფლების საკეთილდღეოდ“, - დასძენს კესო შიშინაშვილი.

ასევე ცნობილი გამონათქვამია: მე გავიგონე და დამავიწყდა, დავინახე და დამამახსოვრდა, გავაკეთე და გავიგე. დღეს საქართველოში, როგორც არასდროს, ამ კომპონენტების გონივრული სინთეზის ნაკლებობა. ზრდასრულთა განათლება ერთ-ერთი ქმედითი სისტემაა, რომელიც დაინტერესებულ მოქალაქეებს სიახლეების მოსმენა-გაგების, დანახვისა და კეთების საშუალებას აძლევს. წარმატება ვუსურვოთ ჩვენს ზრდასრულ თანამოქალაქეებს ახალი, საინტერესო ფურცლების გადაშლაში ცხოვრების ფართო გზაზე.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია