ufleba.ge
ევროვიზიის ოფიციალურ Youtube გვერდზე თორნიკე ყიფიანის სიმღერამ ერთ დღეში 139 000-ზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი, რადგან ქართველ შემსრულებელს ევროვიზიის ოფიციალურ YouTube გვერდზე 24 საათში ამ რაოდენობის ნახვა აქამდე არ ჰქონია. ვიდეოს ამ დროისთვის 7,200-ზე მეტი მოწონება აქვს. საქართველოში კი YouTube-ზე აღნიშნული ვიდეო არის ტრენდებში და მე-2 ადგილს იკავებს.
ბუქმეიკერების ვებგვერდზე საქართველო 41 ქვეყანას შორის ჯერჯერობით მე-13 ადგილზეა.
ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერისა – Take Me As I Am („მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ“) და ვიდეოს პრეზენტაცია საქართველოს პირველი არხის დილის გადაცემის, „ახალი დღის“ ეთერში 3 მარტს შედგა.
სიმღერისა და ტექსტის ავტორი თავად მომღერალია. სიმღერის არანჟირებაზე თორნიკე ყიფიანმა ალეკო ბერძენიშვილთან ერთად იმუშავა, რომელიც მარიკო ლეჟავასთან და მარიამ შენგელიასთან ერთად მისი ბექვოკალია.
თორნიკე ყიფიანის სიმღერაზე გადაღებული ვიდეო განთავსდა ასევე ვებგვერდზე Eurovision.tv
ევროვიზიის სიმღერის 65-ე კონკურსს 12, 14 და 16 მაისს როტერდამი მასპინძლობს. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მაყურებლის წინაშე 14 მაისს წარდგება, - აღნიშნულია "პირველი არხის" ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო