ufleba.ge
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა.
მისივე თქმით, აქედან 31 პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წევს.
ეზუგბაიას განმარტებით, 31 პაციენტიდან სამის მდგომარეობა პრობლემურია. მათ შორის, ეზუგბაიას განცხადებით, ერთი პაციენტი 80 წელს გადაცილებულია და თანმხლები დაავადება აქვს.
„როგორც ცნობილია, 40 დადასტურებული შემთხვევაა ქვეყანაში, აქედან ჩვენთან 32 პაციენტი. ამ 32-დან ერთი გაწერილია ბინაზე, მაგრამ რაოდენობრივად ითვლება და ამ ეტაპზე, ჩვენთან არის 31 პაციენტი.
31 პაციენტში სამი პაციენტი არის პრობლემური, მათ გარკვეულწილად რისკის შემცველი გარემოებები აქვთ. ერთ-ერთი ასეთი რისკია ის, რომ ერთ პაციენტს, რომლის ასაკი არის 80 წელზე მეტის და მას აქვს თანმხლები დაავადება მძიმე ნევროლოგიური დაავადების სახით. ასეთ შემთხვევაში შეიძლება პაციენტის მდგომარეობა დაგვიმძიმდეს, დაავადების მიმდინარეობის ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზი შეიძლება გახდეს არაკეთილსაიმედო. ამიტომ ვლაპარობთ, რომ ეს პაციენტი პრობლემურია. გარდა ამისა, ორი პრობლემური პაციენტი გვყავს, ისინიც გარკვეულწილად პრობლემატური არიან, რადგან ერთთან არის ჰიპერტონული დაავადება და ამიტომ ამ პაციენტთანაც შესაძლებელია დაავადების პროგრესირება, გართულება, ნებისმიერ პერიოდში და პროგნოზულად ცუდი გამოსავალი. მესამე მძიმე პაციენტთან ამ ეტაპზე სუბიექტურ-ობიექტური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ კომპიუტერული ტომოგრაფიით, დინამიურად გაუარესებული გვქონდა მაჩვენებელი. პროგნოზულად, ამ სამ პაციენტთან მდგომარეობა სერიოზულია და დინამიურად სჭირდებათ დაკვირვება“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.
„დანარჩენ პაციენტებთან ნაწილთან არის პნევმონიები, საშუალო სიმძიმის და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის, ყველასთან დაავადების მიმდინარეობა სტაბილურია, არსად პროგრესირება არ შეიმჩნევა, ველოდებით, მათთან ალბათ უნდა დადგეს გამოჯანმრთელება“ ,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.