მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ვოლსკი - სააკაშვილი შეპყრობილია ხიბლის ცოდვით - 05 აგვისტო 2020

მიხეილ სააკაშვილს აქვს პირადი ამბიცია და უნდა, პირად ამბიციებს გუნდის წევრებიც დაუქვემდებაროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფსიქიკის ადამიანისთვის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, სხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით წესი არ არსებობს.

„ის არის არაადეკვატური ადამიანი, რომელიც შეპყრობილია ხიბლის ცოდვით. ეს არის ის რეალობა, რასაც დღეს ვუყურებთ. სამწუხაროა, რომ არიან ადამიანები, ვისაც მისი სჯერა, მის პოლიტიკურ გუნდში არიან გაერთიანებული და ფაქტობრივად, ყოველდღე ხელს აწერენ იმ სისხლიან წარსულს, რომელიც სააკაშვილმა საქართველოს შეუქმნა. სააკაშვილი აშკარად ადასტურებს და ხაზს უსვამს ინტენსიურად იმას, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც გარკვეულ პერიოდში სამსახურს უწევდა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“, მისთვის არ წარმოადგენს რამე ღირებულებას. მას აქვს პირადი ამბიცია, უნდა, გუნდის წევრებიც დაუქვემდებაროს ამ ამბიციებს და განმეორებით ხელი მოაწერინოს იმ სისხლიან დანაშაულებზე, რაც საქართველოში ჩაიდინა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

უმჯობესია, თუ ეს საკითხი, მოქალაქეებს შორის გადაწყდება და მინიმალიზებული იქნება სხვათა მონაწილეობა, – ამის შესახებ  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლმა, ვახუშტი მენაბდემ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, ცალკეული პარტიის გადასაწყვეტია, რა სტრატეგიას აირჩევს პარტიულ ლიდერებთან დაკავშირებით.

„ჩვენს ანგარიშში ყველა იმ ფაქტს შევიტანთ, რომელიც არჩევნებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვკონცენტრირდებით მხოლოდ კანონდარღვევაზე. ჩვენ ცუდ პრაქტიკასაც ვაქცევთ ყურადღებას. შეიძლება, რაღაც კანონით არ იყოს აკრძალული, მაგრამ არ იყოს მისაღები და ეთიკური. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, საერთოდ, არჩევნები არის მოქალაქეების საკითხი, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ჩვენი ქვეყნის შესახებ, ამიტომ უმჯობესია, თუ ეს საკითხი, მოქალაქეებს შორის გადაწყდება და მინიმალიზებული იქნება სხვათა მონაწილეობა, სხვათა ჩარევა ამა თუ იმ ფორმით. თუმცა, ცალკეული პარტიების გადასაწყვეტია, რა არჩევანს გააკეთებენ და რა სტრატეგიას აირჩევენ უცხოელი კონსულტანტების თუ პარტიული ლიდერების მოქალაქეობის ცენზთან დაკავშირებით“, – განაცხადა მენაბდემ.

ჩვენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ გვექნება წარმოდგენილი ძალიან ფართო საზოგადოებრივი კოალიცია, ბევრი საინტერესო ადამიანი შემოვა ქართულ პოლიტიკაში, ჩვენ სიასთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ წარმოდგენილი იქნება ძალიან ფართო საზოგადოებრივი კოალიცია და ქართულ პოლიტიკაში ბევრი საინტერესო ადამიანი შემოვა.

„ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი კოალიცია. საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, რომ ამათ არ ერქვათ პარტიული სახელები. ეს პარტიები ხალხს მობეზრდა, ყელში ამოუვიდა, მობეზრდა ერთი და იგივე წრეზე სიარული, ერთი და იგივე ადამიანების ყურება. მათ შორის არიან ღირსეული, დამსახურებული ადამიანებიც, მაგრამ მთლიანობაში ძირითადი ნაწილი ხალხისთვის არის სრულიად გაუგებარი. პოლიტიკოსები საქართველოში ლაპარაკობენ საკუთარ თავზე და არ ლაპარაკობენ საკუთარ ხალხზე. ხალხი აირჩევს იმას, ვისაც შეუძლია აღმშენებლობა, საქართველოს ამ ჭაობიდან ამოთრევა ტიტანური ძალისხმევით. მე არ ვარ კოლექციონერი პარტიული დასახელებების, არ იწვევს ჩემში აღტაცებას ბევრი პარტიული სახელის ჯიბეში ჩადება, მითუმეტეს ეს ჯიბე არ არსებობს, არსებობს ბრძოლა. ბრძოლაში ვინც არის წინ, „აბბას“ სიმღერაში როგორც არის, the winner takes it all – გამარჯვებული მიიღებს ყველაფერს, გამარჯვებული იქნება ის, ვინც იქნება ყველაზე ბრძოლისუნარიანი, ყველაზე წინ წასული, ყველაზე გაბედული“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს არჩევნებამდე საქართველოში ჩამოსვლას, სააკაშვილი აცხადებს: „როცა საჭიროა, ყველა ყველაფერს გაიგებს“.

„საერთოდ არ მინდა ამაზე კომენტარი. ერთი რამ ვიცი, უკვე აქტიურად ვარ ჩართული პროცესებში და ეს ჩართვა მთლიანად გააქტიურდება. ეს ნამდვილად ასე იქნება.

დანარჩენი, უკვე ტექნიკის ამბავია. ნამდვილად არ ვაპირებ ე.წ. ნაკოლების მიცემას ივანიშვილისთვის ან მისი დამქაშებისთვის. ისედაც მთელი ქვეყნის სპეცსამსახურები მუშაობენ, მთელი ქვეყნის რა, 2-3-ის ნამდვილად.

ნება მომეცით, ჩემი გეგმები არ გავუზიარო, ისედაც ტელეფონებში არიან შემომძვრალი, „სკაიპში“ არიან შემომძვრალი. დღეში 50-ჯერ არის მცდელობა სუს-ის მხრიდან, რუსეთის სპეცსამსახურების მხრიდან ჩემი რაღაც კოდების გატეხვის და ა.შ. მე ყველაფერს ღიად ვამბობ, როცა საჭიროა, ყველა ყველაფერს გაიგებს, არაფერი დასამალი არ არის“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

მომზადებულია "პირველი არხის" მიხედვით. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია