გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყო. ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან იმყოფება და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს.
„ემიგრანტებმა მომწერეს, რომ ფულს აგროვებენ და სოლიდური გასამრჯელოს ფასად, ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ თუკი ვინმემ რამე იცის, ინფორმაცია მომაწოდონ. არ მჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არიან მატყუარები დარბიან და, ალბათ, ღამე არ სძინავთ იმაზე ფიქრით, სად რა გამოთხარონ, რათა თვითმკვლელობის ვერსია გაამყარონ. თვითონ არიან გარეულები და გასვრილო აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. აქ იმიტომ მოვედი, რომ განვაცხადო, მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილობას“, -განაცხადა ბაჩალიაშვილის დედამ.
მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგად და მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია, ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ როდესაც მსგავსი რამ ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა.
„პირველ რიგში, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ. როდესაც ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია რაც უდიდესი რისკია ქვეყნის მომავალი თაობისთვის.
„მე არავის მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციის და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ჩვენს თვალწინ ხორციელდება. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არავის არ უნდა მიეცეთ. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და რა თქმა უდნა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტების და მშობლების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საზოგადოებას აწვდის შუალედურ ინფორმაციას თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.
„სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“, 2020 წლის 05 აგვისტოს მიღებული იქნა კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიმდინარეობაშიც მონაწილეობდა ოჯახის ადვოკატი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი „ეფლის“ მარკის პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში აღმოჩენილი იქნა ფოტო-ვიდეო ფაილები და კომპიუტერის მეხსიერებაში ვებგვერდებზე შესვლის ისტორია.
ექსპერტიზის დასკვნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს 18:36 საათზე თამარ ბაჩალიაშვილი შესულია „ფეისბუქის“ გვერდის დახმარების განყოფილებაში, სადაც მითითებულია არის ვებ გვერდის სათაური – What will happen to my Facebook account if I pass away?, რაც ქართულად ნიშნავს – რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები? ამავე წუთზე გუგლში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ ჩაწერილი და მოძებნილია შემდეგი ტექსტი facebook cancel account after death – რაც ნიშნავს: ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ. 2020 წლის 18 ივნისს, გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე- 00:16:37 საათზე თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გუგლის საძიებო სისტემაში ჩაწერილია სიტყვები: best ways for suicide – რაც ქართულად ნიშნავს: საუკეთესო გზები თვითმკვლელობისთვის. იმავე დღის 00:15:51 საათზე იგი შესულია საინფორმაციო ხასიათის ვებგვერდ ვიკიპედიაზე – გვერდზე მიწერილი აქვს სათაური – Suicide methods – Wikipedia, რაც ქართულად ნიშნავს: თვითმკვლელობის მეთოდები, აღნიშნული ლინკის გახსნის შედეგად იხსნება ვიკიპედიის სტატია სათაურით: Suicide methods, სადაც მოცემულია ინგლისურ ენაზე სტატია, რომელშიც აღწერილია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდები. დასკვნის მიხედვით, ვებგვერდებზე შესვლის ისტორიიდან და 2020 წლის 22 ივლისს ჩატარებული თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ ავტომანქანაში აღმოჩენილი მედიკამენტები და 2020 წლის 17 ივლისს, გაუჩინარების წინა დღეს, GOOGLE-ის საძიებო სისტემაში მის მიერ მოძიებული მედიკამენტების ნაწილი ემთხვევა ერთმანეთს. აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, შპს „ზეგ“ დარეგისტრირდა 2015 წლის 30 დეკემბერს. დირექტორი თამარ კობერიძე. საწყის ეტაპზე 100%-იანი წილის მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გეჯაძე, ხოლო 2018 წლის 30 იანვრიდან 100%-იანი წილის მესაკუთრეა აბრაჰამ რაიხბახი.
ამ ეტაპზე დგინდება, რომ კომპანია „ზეგ“ არ ოპერირებს საქართველოში და მისი საქმიანობა დაკავშირებულია საერთაშორისო შეკვეთებთან. კომპანიის საქმიანობის შესწავლის მიზნით გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები. თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, მიმდინარეობს ექსპერტიზები.
სამინისტრო აქტიურ კომუნიკაციაშია ოჯახთან. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
მომზადებულია "პირველი არხის" მიხედვით.