მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ბაჩალიაშვილი - არ დავუშვებ ჩემი ოჯახის ღირსების შელახვას - 08 აგვისტო 2020

არ დავუშვებ, მამაჩემის ღირსება შელახონ. მამაჩემის ყურადღება მე და ჩემს დას არ მოგვკლებია, – ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის ძმამ, გიორგი ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ის ყველა ადამიანს, ვინც მისი ოჯახის ღირსების შელახვას შეეცდება, სათანადო პასუხს გასცემს.

„მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს თუ არაადამიანს, ვინც დაკავებულია ჩემი, მამაჩემის და დედაჩემის, ჩემი ოჯახის ღირსების შელახვით. ჩემს დასთან ერთად ვიზრდებოდი დაახლოებით 21 წელი, მამაჩემის და დედაჩემის ყურადღება და სიყვარული არ მომკლებია. ყველა იმ ადამიანს მინდა მივმართო, ვინც კლავიატურაზე კაკუნით არის დაკავებული, რომ მობრძანდეს ჩემს სახლთან და სათანადო პასუხს გავცემ. არ დავუშვებ, მამაჩემის ღირსება შელახონ. მამაჩემის ყურადღება მე და ჩემს დას არ მოგვკლებია“, – განაცხადა გიორგი ბაჩალიაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი შვილის ტელეფონიდან გარკვეული ინფორმაცია წაშლილი იყოს.

მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ მობილური ტელეფონი ოჯახის თანდასწრებით არ გაიხსნა, იმაზე მიუთითებს, რომ „გამოძიება დამნაშავეებს ხელს აფარებს“.

„ძალიან უკმაყოფილო დავრჩით. კომპიუტერი ხომ გაიხსნა და ტელეფონიც ასე დაგვახვედრეს. მოვითხოვეთ, რომ ხელახლა დაილუქოს და ძება დაიწყოს“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის თქმით, ოჯახმა გენერალური პროკურორისგან, ირაკლი შოთაძისგან დაპირება მიიღო, რომ საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს.

„ბატონმა შოთაძემ სიტყვა მოგვცა, რომ თვითონ აიყვანს ამ საქმეს კონტროლზე. ჩვენი მოთხოვნები გულთან მიიტანა კაცმა და პასუხები გაგვცა. ბატონი შოთაძის სიტყვას ვენდობი და მე მგონი, საქმე კარგად წავა“, – განაცხადა ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა და გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა ექსპერტიზის ბიურო დატოვეს. როგორც მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის მობილურ ტელეფონზე ლუქი 24 ივლისს მოიხსნა და ექსპერტიზაც სწორედ ამ დროს დაიწყო.

მისი თქმით, გასაკვირია, რატომ მოხდა მობილური ტელეფონის გახსნა ოჯახის წევრებისა და მისი დასწრების გარეშე, ვინაიდან როგორც რამიშვილი აცხადებს, შესაბამისი შუამდგომლობა მას დაწერილი ჰქონდა.

„დღეს მოვედით მობილური ტელეფონის ექსპერტიზის დასაწყებად, მანამდე, 28 ივლისს ლეპტოპის ექსპერტიზის დასაწყებად ვიყავით. თურმე, მობილურის ექსპერტიზა დაწყებულა 24 ივლისს. დღეს თურმე ეს ექსპერტიზა დასრულდა. ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმან, რომ რომელ ლუქზეც ხელი მაქვს მოწერილი, რომ არ უნდა გახსნილიყო, მაინც გახსნილა, მაინც ჩატარებულა ექსპერტიზა და ყველაფერი განხორციელებულია. დღეს კლონირება დასრულდა და მობილურის მთელი ინფორმაცია 99 გეგაბაიტია“, – განაცხადა რამიშვილმა.

ადვოკატი ექსპერტიზის დასკვნას უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ მობილური ტელეფონიდან მოპოვებულ ინფორმაციას მხოლოდ მას შემდეგ გაეცნობა, რაც მონაცემები ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან შსს-ში გადაიგზავნება.

„პროტესტის ნიშნად, იმ მონაცემებს აღარ გავეცანი. მოვითხოვე, რომ მთელი ეს ინფორმაცია გადაეცეს შსს-ს. ხელმეორედ უკვე სრულად დავალუქინე აღნიშნული ტელეფონი. ხელმეორედ დაველოდები სრულ დასკვნას. მივმართე პროკურორს და ექსპერტებს, რომ ავტომობილზეც აღარ მოხდეს ლუქის ახსნა და ავტომობილს მაინც არ შეეხონ.

არ მესმის რას ემსახურება, როდესაც ვითხოვდი, ყველა დადგენილება ჩემთვის გადმოეცათ, ეს ყველაფერი უნდა შესრულებულიყო გამოძიების მიერ. როდესაც არ მეუბნები მობილურის ექსპერტიზის დაწყების შესახებ და ამას მიმალავ, ეს უკვე ძალიან ბევრ კითხვას აჩენს. რატომ უნდა დამიმალო?! ეს ბევრ კითხვას აჩენს და აღარ არის ამ კითხვების დრო“, – განაცხადა რამიშვილმა.

ასევე, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით მიმართა, უწყების ვებგვერდზე არ განთავსდეს იმგვარი ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ეჭვებს იწვევს.

„ჩვენი თხოვნაა, შსს-ს ვებგვერდზე არ მოხდეს იმდაგვარი განცახდებების დადება, რაც ეჭვებს იწვევს, თითქოს თვითმკვლელობაზეა საუბარი. გაფრთხილება და რჩევა მივეცით, რომ ეს აღარ მოხდეს. პასუხი არის ყოველთვის „დიახ“, მაგრამ შედეგს დაველოდები. შედეგი ყოველთვის საპირისპიროა“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, შსს-მ  თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით ორჯერ გაავრცელა ინფორმაცია, მათ შორის კომპიუტერისა და მანქანაში აღმოჩენილი წერილის ექსპერტიზის შედეგები.

მომზადებულია "პირველი არხის" მიხედვით. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია