ახალქალაქში გუშინ მომხდარი დაპირისპირების ერთ-ერთი მონაწილე, 37 წლის მამაკაცი დაკავებულია განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების ბრალდებით დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.
გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა ტარების და მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, რასაც თან ახლავს სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ა.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.მ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ვ.მ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალქალაქში, სადაც წუხელ მკვლელობა მოხდა, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
რწმუნებულის განცხადებით, გარდაცვლილის თანასოფლელებმა სავარაუდო მკვლელის ახლობლებს უძრავი ქონება დაუზიანეს.
"მკვლელობის შემდგომ ქალაქში ადგილი ჰქონდა დაძაბულობას. გარდაცვლილის თანასოფლელები ქალაქში სავარაუდო მკვლელის ახლობლების უძრავი ქონების დაზიანებას შეეცადნენ. გარკვეული უძრავი ქონებაც დააზიანეს.
ამჟამად სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ქალაქში არის რეგიონის მთლიანი პოლიციის შემადგენლობა მობილიზებული, როგორც კრიმინალური პოლიცია, ასევე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შემადგენლობაა მობილიზებული," - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს ახალქალაქში ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ჩხუბი ხელკეტების გამოყენებით მოხდა. დაპირისპირების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილის თანასოფლელები ინციდენტის შემდეგ ახალქალაქში ჩამოვიდნენ, რის შემდეგად დაპირისპირებამ ფართომასშტაბიანი ხასიათი მიიღო. ახალქალაქში გადამწვარია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და სასტუმრო. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.