რუბრიკა - მკითხველის წერილი
დაახლოებით 2000-იანი წლების დასაწყისში, თბილისში, ყიფშიძის ქუჩის შიდა მარჯვენა კიდიდან ვერესკენ ჩასახვევში კორპუსის მშენებლობა დაიწყეს. მერე ვიღაც კეთილისმყოფელმა აუხსნა, რომ ამ ადგილას გრუნტი არანაირად არ ვარგოდა და კომპანიაც გაჩერდა.
ვისაც ამ ტერიტორიაზე ერთხელ მაინც გაუვლია, ადვილად მიხვდება, რომ დანაშაულია აქ ქვემოთ მშენებლობის წამოწყება. ჯერ ხომ ათწლეულების განმავლობაში აქ საკანალიზაციო წყლები (ლამის მცირე მდინარეები) იღვრებოდა; მერეც, 13-14 ივნისის ტრაგედიის შემდეგ, რამდენადაც ცნობილია, ხეობაში საერთოდ აიკრძალა დეველოპერების საქმიანობა.
მაგრამ დიდ ფულს ჩვენნაირ „გარდამავალ“ (თუ გადარეულ) ქვეყანაში წინ რა დაუდგება? ჰოდა, ერთი წლის წინ, ერთ-ერთმა ცნობილმა სამშენებლო კომპანიამ (სახელწოდებას შეგნებულად არ ვასახელებთ, დაინტერესებული მკითხველი ადვილად გაარკვევს) თავისი ტექნიკა მოაყენა და ზუსტად იმავე ადგილას მიწის გამაყრუებელი ბურღვა დაიწყო.
იქვე მცხოვრებლებმა ჯერ იფიქრეს, რომ ყველა აკრძალვის (დაწერილის და დაუწერელის) გათვალისწინებით, კომპანია შედარებით პატარა, მსუბუქ კონსტრუქციას მაინც დადგამდა (ვთქვათ რესტორანს) და ამით უამრავ დარღვევათა ნემსის ყუნწშიც გაძვრებოდა.
ნურას უკაცრავად! მალევე გაირკვა, რომ არც მეტი არც ნაკლები 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაეწყოთ.
მაინც რა „ჩალიჩა“ უნდა იყო ტიპი აქ შემოძვრე და ყველანაირი კანონის, სამართლიანობის, წესრიგის ფეხქვეშ გაგდებით უზარმაზარი „მახინა“ დადგა, რომელიც სხვა ყველაფერთან ერთად ლამის მთელი ყიფშიძის დასაწყისს ბლოკადაში აქცევს. იქვე კორპუსებში მცხოვრებნი საბურთალოს, ჩიქოვანის ქუჩის (ყოფილი ხილიანი) გავლით ჰორიზონტზე გლდანის მომიჯნავე გორებსაც კი ხედავდნენ; დღეს უკვე რამდენიმე ამოშენებული სართულით ეს სივრცე სამუდამოდ წაშლილია ადამიანებისთვის.
აი ღორობასაც რამე საზღვარი ხომ უნდა ჰქონდეს ჰა! მილიონი ადგილია გარეუბნებში, წადი და იქ ააშენე, ორი კაპიკით ნაკლები იშოვე და ადამიანებს ელემენტარული სუნთქვის საშუალება დაუტოვე, რაც სულ უფრო ჭირს ამ ქალაქში.
ან ქალაქის ხელმძღვანელობა სად იყო იმ დროს, როცა ამ წარმოუდგენელ ადგილზე უზარმაზარი მშენებლობის ნებართვას გასცემდა? ნუთუ ჩვენი პასუხისმგებელი ჩინოვნიკები ამ დროს კანონის მოთხოვნებიდან და ადამიანის უფლებებიდან ხელმძღანელობდნენ? მეტი არაა ჩემი მტერი!
ვაკის პარკის შესასვლელში ერთი ნაძალადეველი „სტაიანშჩიკი“ მუშაობს. იმ დღეს მეუბნება, - ძმაო, ზოგიერთი ადამიანისგან განსხვავებით, შენ იცი, ღორსაც გარკვეული მორალი გააჩნიაო. - ასეთი რა მორალია-მეთქი, ძმა.
- ბიჭო, სადმე დიდ სალაფავს როცა ნახავს, კარგად შეჭამს და გაძღება, მერე გარბის და თავისი თანატომელები მოყავს, რომ ისინიც დაანაყროსო, - მეუბნება და მაჩვენებს იქვე ვაკის პარკის გვერდითა მასიურად გაშლილ მშენებარე კორპუსზე, რომელიც ლამის მთელ დანარჩენ მოსაშვილისა და ფალიაშვილის ქუჩებს პარკისკენ ხედს უქოლავს.
პ.ს. თბილისში ამგვარ ქაოტურ მშენებლობებს დროულად ბოლო თუ არ მოეღო, ჩვენ ყველა მალე ბეტონის ჯუნგლებში აღმოვჩნდებით (თუ არ ვიმყოფებით უკვე), საიდანაც თავის დაღწევა შეუძლებელი იქნება.