მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებას საქართველოში დაბრუნების თაობაზე ექსპერტები ეხმაურებიან.
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი: „ერთი ამბობს მოვდივარო და არ მოდის, მეორე ამბობს მივდივარო და არ მიდის“.
ამირან სალუქვაძე, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში: „კითხულობენ ფეისბუქში, ხალხი წერს „ბოდიშიც არ მოუხდიათო“ და მოიხადა, წინასაარჩევნოდ.
ახლა, ალბათ, ისიც უნდა ავუხსნათ, როგორ უნდა მოიხადონ ბოდიში, რათა ხალხმა გულწრფელად მიიღოს.
თანაპარტიელების მტკიცება, სააკაშვილი გულრწფელი იყოო, საკმარისია ვითომ?
როგორ უნდა დაიჯერო, რომ ადამიანი მისი მოღვაწეობის პერიოდში დაშვებულ გადაცდომებს, შეცდომებს და დანაშაულებს განიცდის, როცა იქეთ-აქეთ დადის, პოზიორობს და იმაზე ფიქრობს როგორ გამოიყურება, როგორი განათებაა, რამდენად ლამაზ ფონზე დგას ან მუსიკის რიტმში როგორ ჩაჯდა?
8 წელია, ყველა არჩევნების წინ ერთი და იგივე, - „მე ჩამოვდივარ!“ სერიოზულია?
უკრაინას ისე დაემშვიდობა... ისე, უკრაინელი გადამხდელები ხელფასს უხდიან, თუმცა ეს მათი საქმეა“.
„დემოკრატიული აუდიტის ცენტრის“ ხელმძღვანელის, არმაზ ახვლედიანის აზრით კი ახალ პოლიტიკურ რეალობაში მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში იმ დოზით, რა დოზითაც თავად ჩათვლის საჭიროდ.
„სააკაშვილთან ერთად თუ სააკაშვილის გარეშე, "ქართული ოცნება" ყველა შემთხვევაში განწირულია დამარცხებისთვის. ახალ პოლიტიკურ რეალობაში მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკურად აქვს უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს პროცესში იმ დოზით, რა დოზითაც ის ჩათვლის საჭიროდ. რა თქმა უნდა კანონმდებლობის ფარგლებში. შესაბამისად, "ქართული ოცნების" მხრიდან ეს მითითებები და უაზრო, ალოგიკური საუბარი სააკაშვილის დაბრუნებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, მხოლოდ პანიკური შიშითაა გამოწვეული“, - განუცხადა ტელეკომპანია „მთავარს“ არმაზ ახვლედიანმა.
ასევე იხილეთ: მიხეილ სააკაშვილი - მინდა ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში, მე ვბრუნდები!