მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი გახარია - რაღაც პერიოდი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს - 02 სექტემბერი 2020

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენ გვყავს 38 ინფიცირებული, რა თქმა უნდა, არანაირი საუბარი სასკოლო პროცესის გადადებაზე არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს და ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები.

საუბარია იმაზე, რომ საგანმანათლებლო პროცესი სკოლებში უნდა დაიწყოს 15 სექტემბერს. ამისთვის სრულად უნდა იყვნენ მობილიზებული განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები. ჩვენი პასუხისმგებლობა აქ არის მაღალი იმისთვის, რომ არანაირი რისკი სასწავლო პროცესს არ შეექმნას. ამისთვის საჭიროა საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ზომების მკაცრი დაცვა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა შესაბამის სამსახურებს, გამკაცრდეს უსაფრთხოების ზომები.

ქალაქის მერიას მინდა მოვუწოდო, ნორმები, რომელიც დაწესებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სავაჭრო ობიექტებზე, აქაც უნდა გავამკაცროთ მიდგომები, რადგან  სექტემბერია, ქალაქში ბრუნდებიან დამსვენებლები, იწყებენ ყოველდღიურ ცხოვრებას, შრომას და აქ ყველა უნდა  მივეჩვიოთ, რომ სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი მსგავსი შეზღუდვებით და დისკომფორტით ცხოვრება მოგვიწევს“, – განაცხადა გახარიამ.

- ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პირბადე, სოციალური დისტანცია დახურულ სივრცეებში, სამწუხაროდ, არის აუცილებელი და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების თანმხლები, რათა ეპიდემია ვმართოთ ისე ეფექტურად, როგორც აქამდე ვაკეთებდით და იმისთვის, რომ ეკონომიკას მივცეთ შესაბამისი აღდგენის შესაძლებლობა, – ამბობს პრემიერ-მინისტრი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების ამოქმედება არ განიხილება.

გამყრელიძე ამბობს, რომ 38 ახალი შემთხვევის მიუხედავად, საგანგაშო და საპანიკო არაფერია, ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, იყოს სწორი ბალანსი ერთი მხრივ ეკონომიკის გახსნას, მობილობის გაზრდასა და მეორე მხრივ, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებს შორის.

დიდი ალბათობით, ქვეყანაში არავითარი მკაცრი შეზღუდვები არ იქნება, ეს არის არა მარტო ჩვენი, საერთაშორისო პოლიტიკაც. მოგეხსენებათ, დღეს მდგომარეობა ბევრგან გაუარესებულია, მაგრამ ქვეყნები ვერ გაჩერდებიან, ეკონომიკა ვერ გაჩერდება.

ამიტომ უნდა იყოს სწორი ბალანსი ერთი მხრივ ეკონომიკის გახსნას, მობილობის გაზრდას და  მეორე მხრივ, ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობებსშორის, რომ ჯანდაცვამ სწრაფად უპასუხოს ყველანაირ გამოწვევას.

შემთხვევების ზრდა, რაც ჩვენთან არისერთი ათეულით, ორი ათეულით, არ არის საგანგაშო და საპანიკო, ეს სრულად მართვადი და კონტროლირებადია, დღეს არ წარმოადგენს არავითარ საფუძველს, მკაცრი საკარანტინო ან სხვა ღონისძიებების გატარების. ასეთი რამ არც იგეგმება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამათან, გამყრელიძემ განმარტა, რომ დღეისთვის საქართველოში დაახლოებით 15 შემთხვევაა, რომლის ინფიცირების წყაროც ჯერ დადგენილი არ არის.

მისივე თქმით, როდესაც კორონავირუსის ვაქცინა დამტკიცდება, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, პირველ რიგში რისკჯგუფებისთვის.

შეკვეთილია დაახლოებით 700 ათასი ადამიანის ასაცრელი მასალა, რაც მოსახლეობის 20 პროცენტს მოიცავს, ასე იძლევა ალიანსი. ასევე, გვაქვს კიდევ ორი დედლაინი. 18 სექტემბერს უკვე გაფორმდება ხელშეკრულება და 8 ოქტომბრამდე გადაირიცხება პირველი შენატანი, რომლითაც გარანტირებული იქნება, როდესაც ვაქცინა დამტკიცდება სხვადასხვა მარეგულირებელი ორგანიზაციებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ის იქნება ხელმისაწვდომი ჩვენი მოსახლეობისთვის, რა თქმა უნდა, პირველ რიგში რისკჯგუფებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, რეკომენდაციები დაიცვან, რათა ხელი არ შეუწყონ ქვეყანაში ინფექციის მეტად გავრცელებას.

გამყრელიძის თქმით, მოსახლეობა მოეშვა და ღია, თუ დახურულ საჯარო სივრცეში შესაბამისი წესების დაცვა ნაკლებად ხდება.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსული ინფექცია აქვეყანაში კიდევ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდება და ადამიანებმა მასთან ერთად თანაცხოვრება უნდა ისწავლონ.

გთხოვთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ მოვეშვებით, რასაც ვუყურებთ ქალაქში, თუ სხვაგან, ვხედავთ, რომ ადამიანები უკვე ტრანსპორტში ნაკლებად იცავენ წესრიგს, ნაკლებად დადიან პირბადით, ასევე დახურულ შენობებში. ისევ და ისევ ადგილი აქვს დიდ თავყრილობებს სხვადასხვა მიზეზით.

არ იცვლება რეკომენდაციები. რეკომენდაციების შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს წინაპირობა ინფექციის მეტად გავრცელებისა.

კორონავირუსული ინფექცია კიდევ დაახლოებით წელიწადი და მეტი არ დამთავრდება. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კორონავირუსულ ინფექციასთან ერთად. დავიცვათ სწორი ბალანსი, ერთი მხრივ, სწრაფად აღმოვაჩინოთ ინფიცირებული ადამიანი და სწრაფად ვუმკურნალოთ. საბედნიეროდ, იმატებს მსუბუქი შემთხვევები და ეს კარგია. დავიცვათ რეკომენდაციები, ვიდრე არ იქნება ვაქცინა და ეტიოტროპული წამალი“,- განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი.

მომზადებულია „პირველი არხის“ მიხედვით.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია