საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი, IPSOS-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით, ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
„მინდა მივმართო კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან თუ სხვადასხვა ჯგუფებიდან.
თავიდანვე ჩვენი შეთავაზება იყო ერთიანი სიის ფორმირება და ივანიშვილის ამ გზით დამარცხება. რადგან ეს ამ ფორმით არ გამოვიდა, ბუნებრივია, ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე იბრძვის მაქსიმალური რაოდენობის ხმების და ამავე დროს უმრავლესობის მოსაპოვებლად.
ამასთან, რა თქმა უნდა, ვისურვებ, რომ ყველა ხმა, რომელიც არ მიემართება ნაციონალური მოძრაობის და მის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფების მხადასაჭერად, წავიდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციური ძალებისაკენ.
არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ძალიან გახსნილები, რათა ვითანამშრომლოთ სხვადასხვა ტიპის პოლიტიკურ ძალებთან და საქართველოს შემდგომი მთავრობა აუცილებლად უნდა იყოს მაქსიმალურად ფართო სოციალურ-პოლიტიკური ინტერესებით წარმოდგენილი და ინკლუზიური.
აქვე, უნდა ითქვას, რომ ვფიქრობ ახლა ბევრად უკეთესი იქნება მთავარ მიზანზე კონცენტრირება და ის რომ ერთმანეთისთვის ე.წ. მეგობრული ცეცხლის გახსნით არ დავაზიანოთ საერთო ინტერესები.
დღეს გზაგასაყარია, მივდივართ წინ, ქვეყნის გამარჯვებისკენ თუ ვტოვებთ ქვეყანას განსაცდელში. ამიტომ, დღეს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს და ახლა ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება უმნიშვნელოვანესია, იმისთვის რომ არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, გამოვრიცხოთ დღევანდელი რეჟიმის მიერ ქვეყნისთვის სახიფათო რაიმე მანევრის შესაძლებლობა.
ჩვენ აუცილებალდ გავიმარჯვებთ!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ „მთავარმა არხმა“ IPSOS-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნა.
კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე ნაწილდება.
"ქართული ოცნება" - 25 %
"ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 15,5 %
"ევროპული საქართველო" - 5 %
"სტრატეგია აღმაშენებელი" - 3 %
"ლეიბორისტული პარტია" - 3 %
"პატრიოტთა ალიანსი" - 3 % "გირჩი" - 2,5 %
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 2,5 %
"ლელო საქართველოსთვის" - 2 %
ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 1,5 %
"თავისუფალი საქართველო" - 1 % სხვა პარტიები - 3 %
არ ვიცი - 19 %
უარი პასუხზე - 14 %
რაც შეეხება ალოკაციით მიღებულ შედეგებს კი, კვლევის მიხედვით იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:
"ქართული ოცნება" - 38 %
"ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 26 %
"ევროპული საქართველო" - 9 %
"სტრატეგია აღმაშენებელი" - 5 %
"ლეიბორისტული პარტია" - 4 %
"პატრიოტთა ალიანსი" - 4 %
"გირჩი" - 3 %
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" - 3 %
"ლელო საქართველოსთვის" - 3 %
ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეები" - 2 %
"თავისუფალი საქართველო" - 1 % სხვა პარტიები - 2 %
"მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.