მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო - აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის მთელ ხაზზე კონტრშეტევა წამოიწყო - 27 სექტემბერი 2020

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა დაიწყო.

სომხეთის შეიარაღებული ძალების აქტიურობის აღსაკვეთად, აზერბაიჯანის არმიამ კონტრშეტევა წამოიწყო ფრონტის მთელ ხაზზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ბაქოში იუწყებიან, რომ აზერბაიჯანის არმიის კონტრშეტევაში ჩართულია მძიმე ტექნიკა, არტილერია და ავიაცია.

აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, ასევე სომხეთის შეიარაღებული ძალების კუთვნილი სამხედრო ტექნიკა და ობიექტები, როგორც წინა ხაზზე ისე, მეტოქის დაცვის ხაზში. ხდება მათი განადგურება“, – აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

მათივე ცნობით, აზერბაიჯანის არმიამ სომხეთის შეიარაღებული ძალების 12 საზენიტო კომპლექსი გაანადგურა. ასევე ჩამოაგდეს სომხეთის სამხედრო ვერტმფრენი. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ეკიპაჟი ცოცხალია.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი. მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეების მხრიდან.

სომხეთში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან დაწყებულია შეტევა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით. განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანულმა მხარემ მთიან ყარაბაღში დაშორიშორების ხაზთან სარაკეტო დარტყმები მიიტანა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ სომეხმა სამხედროებმა ორი აზერბაიჯანული ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, სროლის ხმა ისმის სტეპანაკერტშიც.

მთიან ყარაბაღში მოქალაქეებს ურჩევენ, სახლიდან არ გავიდნენ და ბუნკერებში ჩავიდნენ.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ყარაბაღში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონფლიქტი რეგიონის უსაფრთხოებისთვის ძალიან სახიფათოა.

მისივე თქმით, საქართველო ყოველთვის იყო მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს და ახლაც, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად  დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდებენ, ცეცხლი შეწყვიტონ.

ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში, ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს.

ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს და ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, რომ ცეცხლი შეწყვიტონ, მეტი დრო და ენერგია დაუთმონ მშვიდობიან დიალოგს.

ცხადია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ზოგადად პროცესს დააკვირდებიან, მოვლენებს გაანალიზებენ და თუ საჭირო იქნება ჩვენი თანადგომა მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცხადია, ამისთვის მზად ვიქნებით“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია