საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 5 866 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.
გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი. შესაბამისად, კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 33-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ერთ მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ინფორმაციით, გლობალური მასშტაბით გარდაცვლილთა თითქმის ნახევარი აშშ-ზე, ბრაზილიასა და ინდოეთზე მოდის.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობას „შოკისმომგვრელი“ უწოდა.
„ჩვენ არასდროს უნდა გამოგვეპაროს მხედველობიდან არც ერთი ადამიანის სიცოცხლე. ისინი იყვნენ მამები და დედები, ცოლები და ქმრები, ძმები და დები, მეგობრები და კოლეგები. ტკივილი გაძლიერდა ამ დაავადების სისასტიკით“, – განაცხადა ანტონიუ გუტიერეშმა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 33 მილიონ 270 ათასს აღემატება. აქედან 23 მილიონზე მეტი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.