მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი გახარია - საქართველო მზად არის კონფლიქტის მხარეებს უმასპინძლოს - 30 სექტემბერი 2020

ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამხედრო დაპირისპირების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს თბილისში უმასპინძლოს.

აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

კვლავ მოვუწოდებთ ეუთო- მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთანაზერბაიჯანთან და სომხეთთან.

ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“, – აცხადებს გიორგი გახარია.

საერთაშორისო საზოგადოება ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სომხეთის მოთხოვნით დააკმაყოფილა დროებითი ზომები, რომელთა მიხედვითაც აზერბაიჯანსა და სომხეთს მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებებისგან თავის შეკავების ვალდებულება დააკისრა. ინფორმაციას ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

სასამართლო ასევე მოუწოდებს ორივე ქვეყანას, მაქსიმალურად სწრაფად გაავრცელონ ინფორმაცია ვალდებულებების შესასრულებლად მიღებული ზომების შესახებ.

მთიანი ყარაბაღის საკითხზე თურქული მხარის განცხადებები სახიფათო და წინდაუხედავია, - ამის შესახებ რიგაში გამართულ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა. ემანუელ მაკრონმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა ანკარამ დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერს ბაქოს როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ასევე ბრძოლის ველზე.

"დღეს მექნება საუბარი ვლადიმერ პუტინთან, ხვალ კი, პრეზიდენტ ტრამპთან. იმედი მაქვს, რომ ამ საკითხს წამოვწევ, რათა გავცვალოთ აზრები და შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის გზა ვიპოვოთ," - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

დღეს თურქულ მედიასთან საუბრისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებას, გაავრცელოს ლეგიტიმური ძალაუფლება მთიან ყარაბაღზე, - აღნიშნულია „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციაში.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია