საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 39-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
- საქართველოს ჯანდაცვის სისტემა კორონაპანდემიის მეორე ტალღას მოუმზადებელი შეხვდა. ამას ცხადყოფს დაინფიცირებული პერსონალის გამო დახურული კლინიკები, სამკურნალო საწოლებისა და ინვენტარის დეფიციტი, - ნათქვამია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში.
„გართულებულ ეპიდვითარებას ასახავს ბოლოდროინდელი დაინფიცირების სტატისტიკაც - დაადავადებულთა რაოდენობის ზრდასთან ერთად გაორმაგდა ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვიც.
ცნობისთვის, 30 სექტემბერს დაიხურა გორის სამედიცინო ცენტრი. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამ ეტაპზე ეპიდემიას სულ 12 კლინიკა ებრძვის. მათი ნაწილი კოვიდკლინიკად გადაკეთდა, ნაწილი კი სხვა დაავადებების მქონე პაციენტებს შეზღუდულად ემსახურება. გასათვალისწინებელია, რომ თბილისი ქვეყნის მასშტაბით მესამე ცხელ წერტილად ითვლება და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი არ აქვს, როგორ მოიქცევა მზარდი კოვიდსტატისტიკის პირობებში.
სისტემის ექსპერტები ფიქრობენ, რომ გაუმართავი ჯანდაცვა მოსახლეობაში პანიკის საფუძველს ქმნის.
დაინფიცირებულ ადამიანებს ექიმებისა და ეპიდემიოლოგების ლოდინი ხშირად სახლში უწევთ ან საკუთარი სახსრებით მიდიან ცხელების ცენტრებსა და კოვიდკლინიკებში - ეს კი, სპეციალისტების თქმით, არასწორია. ისინი ფიქრობენ, რომ პროცესში ჩართულები უნდა იყვნენ ოჯახის ექიმები, რომლებიც ინფიცირებულის მდგომარეობას ბინაზე შეამოწმებენ და თავად მიიღებენ სათანადო გადაწყვეტილებას პაციენტის კლინიკაში გადაყვანაზე“, - აღნიშნულია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში.