მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რეალობას მოწყვეტილი ადამიანის გამოსვლა, ბრეჟნევის საუკეთესო სტილში - ოპოზიციური შეფასება - 02 ოქტომბერი 2020

"ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ საარჩევნო პროგრამას ოპოზიციის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა. მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა თანაპარტიელებმა ძირითადად წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდზე ისაუბრეს და საზოგადოების ნდობის მოპოვება წარსულის გახსენებით სცადეს. მათი შეფასებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს ვერ ხედავს და ამომრჩეველს ახალს ვერაფერს სთავაზობს.

"ბიძინა ივანიშვილი ტყუილ დაპირებებს მაინც გასცემდა ხოლმე წინასაარჩევნოდ, ახლა როგორც ჩანს ამითაც აღარ უნდა თავი შეიწუხოს და მოვისმინეთ, რომ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენაზე, "ქართულმა ოცნებამ" და მათმა ლიდერმა, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, ისაუბრეს მხოლოდ წარსულზე.

ეს აჩვენებს იმას, რომ ეს ძალა და ივანიშვილის პოლიტიკური პროექტი განწირულია მარცხისთვის, იმიტომ რომ ქვეყანა არის უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისში," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის შეფასებით, ივანიშვილის მიერ მხოლოდ წარსულის ხსენება განპირობებულია იმით, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაკეთებულ საქმეებთან დაკავშირებით მოქალაქეებისთვის სათქმელი არაფერი არ აქვს:

"ივანიშვილის გამოსვლა იყო კიდევ ერთი ჩვენება იმისა, რომ საერთოდ დაკარგული აქვს აღქმა რა არის პრობლემა დღეს ქვეყანაში. ის ისევ და ისევ საუბრობს 10 წლის წინანდელ რაღაც მოვლენებზე და არა იმაზე, თვითონ რა გააკეთა.

გასაგებია, რომ ასე აკეთებს, იმიტომ რომ არაფერი სათქმელი მას ხალხისთვის არ აქვს. ყველაფერი რაც თითქოს პოზიტიურად წარმოაჩინა, არის უბრალოდ მტკნარი სიცრუე," -განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გამოსვლას ბრეჟნევის გამოსვლას ადარებს:

"ეს ადამიანი და ეს გუნდი ისევ ჩარჩენილია წარსულ დროში, არაფერია ნათქვამი მომავალზე, არაფერია ხალხის რეალურ გაჭირვებაზე და მოგვითხრო რაღაცა ზეციურ საქართველოზე, რომელსაც ვერცერთი ჩვენი მოქალაქე ვერ გრძნობს. ეს იყო რეალობას მოწყვეტილი ადამიანის გამოსვლა, ბრეჟნევის საუკეთესო სტილში," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

​„ლელო საქართველოსთვისერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილის გამოსვლამ 2012 წელი გაახსენა.

„მოხსენების ფრაგმენტებს რომ ვისმენდი, მეგონა, 2012 წელს რომ იწერებოდა ხოლმე მისი გამოსვლები, იქიდან გადმოღებული ფრაზები იყო, რადგან ისევ ებრძვის წინა ხელისუფლებას, რვა წლის შემდგომაც ვერ დაამარცხა და დაგვანებოს თავი, ჩვენ დავამარცხებთ იმ ძველსაც და ახალსაც. თორემ აი, ამ გზით და ამ საშუალებით ეს ორი პოლუსი ერთმანეთს აცოცხლებს.

აბა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ არ ჰქონდეს სალაპარაკო „ოცნებას“, რომ აი, მიშა ბრუნდება, რევანშისთვის ემზადება, საერთოდ რას ეტყოდა ხალხს, ვერაფერს.

ისევე, როგორც იქით მხარეს, ივანიშვილს ამდენი შეცდომები რომ არ დაეშვა და ქვეყანა ამ დღემდე არ მოეყვანა, რა ექნებოდა სალაპარაკო ყოფილ ხელისუფალს.

ასე რომ, აი, ეს ორპოლუსიანობის ტრაგიკომედია თამაშდება საქართველოში, რომელიც 31 ოქტომბერს როგორმე უნდა დავამთავროთ. ამ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ძალები, მათ შორის „ლელო“, რომელსაც შესწევს ძალა, ქვეყანა წინ წაიყვანოს“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

წყარო: „რუსთავი 2“

ასევე იხილეთ სიუჟეტი:

ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა „ქართული ოცნების" ანგარიშისა და საარჩევნო პროგრამის წარდგენისას

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია