წინასაარჩევნოდ წარდგენილ პარტიულ სიებს ანალიტიკოსები აფასებენ.
გია ხუხაშვილი:
„ამ დროს ბუბას პირველნომრობაში არის მარტივი პოლიტიკური ლოგიკა.
პარტიის უპირობო ლიდერია მიშა, რომელიც სიაში ვერ იქნებოდა. ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ლიდერის სიის სათავეში აღმოჩენა გარკვეულ უხერხულობას შექმნიდა შიგა სიტუაციის თვალსაზრისით. ამიტომ შეირჩა პირი, რომელსაც ასეთი ამბიცია არა აქვს.
* * *
თუ პარტიების საარჩევნო სიებს შევადარებთ ძირითადი პარამეტრებით:
1. ცნობადობა.
2. დაუზიანებელი პოლიტიკური ბიოგრაფია.
3. ბოლო 4 წლის სამოქალაქო აქტივობა.
4. დარგობრივი კომპეტენცია.
საუკეთესოდ, საგრძნობი უპირატესობით, „ლელოს“ სია გამოიყურება.
ნიკა გვარამია, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი:
„მეგობრებო, ყველასი იმედგაცრუებაც და გაბრაზებაც მესმის და არც მე მომწონს პრაქტიკულად არც ერთი პარტიის სია. მაგრამ ენდეთ ჩემს 17-წლიან გამოცდილებას პოლიტიკაში ყოფნის/დაკვირვების/ანალიზის: არასდროს საპარლამენტო სია არჩევნებს არ იგებს. მეტიც, არათუ გადამწყვეტ, პრაქტიკულად მეტნაკლებად მნიშნელოვან როლსაც არ თამაშობს. არც სიების შედგენაზე და მერე მათ განხილვაზე ტოქსიკური პროცესი არ არსებობს ქართულ პოლიტიკაში, რომელიც ლიდერებზე და პერსონებზე ორიენტირებულად რჩება დღემდე და დარჩება კიდევ დიდ ხანს (ათწლეულები მინიმუმ), როგორც დაბალი პარტიული კულტურის, სამხრეთულ პოსტსაბჭოთა ქვეყანას "შეშვენის".
ასე რომ, დაიკიდეთ და ნუ აცდებით მთავარ მიზანს - ბიძინაა დასამარცხებელი (და არა მისი სია) და ქვეყანააა გასათავისუფლებელი.
p.s. ერთადერთხელ ვიყავი პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობიდან და მეასე ნომრით შევედი პარლამენტში. მეგობრები ხუმრობით (ზოგი დაცინვით) "სოტოვის" მეძახდნენ.
ხათუნა ლაგაზიძე, ექსპერტი:
„ევროპული საქართველოს“ მიერ საარჩევნო სიის დაკომპლექტების არჩეული პრინციპი, როცა პარლამენტში კანდიდატები მოხვდებიან მათ მიერ საარჩევნოდ გაწეული ძალისხმევის და ხალხში მათი პოპულარობის და მხარდაჭერის შესაბამისად - არის ამ წინასაარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, ისევე როგორც "გირჩის" შიდა პრაიმერი და „ლელოს“ გადაწყვეტილება ათეულში ადგილების ნახევარი დაუთმოს ახალ თაობას.
ღირებული და საინტერესოა რამდენიმე ტელევიზიის მიერ მხარდაჭერილი მაჟორიტარების დებატებიც, რომლებიც ცხადად ამჟღავნებენ როგორი უიმედო იქნება „ოცნების“ კანდიდატების უმეტესობა, ამ დებატებში რომ იღებდა მონაწილეობას.
ეს დებატები ნათელს ხდის იმასაც, პირდაპირ ვიტყვი, თუ სად ჰყავს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას იმდენად ჩლუნგი კანდიდატი, რომ მიკროფონთან არ მიესვლება.
ჰოდა, დანარჩენი, საკუთარი თავის პატივისმცემელმა ამომრჩეველმა განსაზღვროს: რა უნდა პარლამენტში დეპუტატს, რომლის განვითარების დონე მიკროფონთან მისვლასაც ვერ ქაჩავს“.