მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ვინმემ აუხსენით, რომ ლიდერი უკეთესი მომავლის დასანახად სჭირდება ხალხს - თინა ხიდაშელი - 02 ოქტომბერი 2020

„როგორ ყველაფერი არეული აქვს ბატონ ივანიშვილს!

მმართველი გუნდის ლიდერი, რომელსაც წესით მთელი ქვეყანა უნდა უსმენდეს და მისგან გაუმჯობესების, პროგრესის, განვითარების გეგმებს ისმენდეს, 40 წუთი მხოლოდ ლანძღვა გინებისთვის წარსდგა ამომრჩევლის წინაშე.

ამას ხომ მისი შექმნილი ტელევიზიებიც აკეთებენ, ვინმემ აუხსენით, რომ ლიდერი უკეთესი მომავლისთვის დასანახად სჭირდება ხალხს“, - წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ გვერდზე.

მმართველ ძალას ამოწურული აქვს ყველანაირი მორალური და საკადრო რესურსი, კვლავ ვნახეთ წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ძალა და წარსულში დარჩენილი ლიდერი, – ასე შეაფასა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა.

ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ აქამდე დაპირებებს იძლეოდა, რომლებსაც არ ასრულებდა, ახლა კი დაპირებებსაც აღარ იძლევა.

„სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ კვლავ ვნახეთ იმის დადასტურება, რომ მმართველ ძალას ამოწურული აქვს ყველანაირი მორალური და საკადრო რესურსი, რომ გააგრძელოს, ან ჰქონდეს პრეტენზია ქვეყნის მმართველობის გაგრძელებაზე.

ჩვენ კვლავ ვნახეთ წარსულში დარჩენილი პოლიტიკური ძალა და წარსულში დარჩენილი ლიდერი. საინტერესო ის არის, რომ ადრე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები იძლეოდნენ დაპირებებს, რომლებსაც არ ასრულებდნენ და ახლა დაპირებებსაც აღარ იძლევიან. ჩვენ ვერ დავინახეთ ვერანაირი დაგეგმილი, პროგრამული ნაბიჯი, ან ზრუნვა იმაზე, როგორ გამოვიდეთ ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან. ერთი ფრაზაც კი არ იყო იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ახლა ჩვენი ქვეყანა დგას.

ამიტომ ეს ხელისუფლება 31 ოქტომბერს უნდა დავასრულოთ, რათა ქვეყანამ დაიწყოს გამკლავება იმ უდიდესი გამოწვევებისა და პრობლემების გადაჭრა, რომელიც ახლა ჩვენს წინაშე დგას.

ჩვენს მოსახლეობას სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის უნარი და გამოცდილება აქვს, აქვს ხედვა ეკონომიკური ვარდნის, ლარის გაუფასურების შეჩერებასთან, დასაქმების პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით. „ლელო საქართველოსთვის“ ახლა სწორედ კონცენტრირებულია იმაზე, რომ არჩევნების მეორე დღესვე დავიწყოთ ყველა უმწვავესი საკითხის გადაჭრა მოსახლეობისათვის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ღარიბი საქართველო გადაიბარა, უპასუხისმგებლობაა. მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა რვა წლის განმავლობაში ვერაფერი შეძლო ამ პრობლემის დასაძლევად.

„ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალის, უპასუხისმგებლო ლიდერის განცხადება. ჩვენ, პოლიტიკური პარტიები იმიტომ ვარსებობთ, რომ თუ რაიმე პრობლემა გვერგო მემკვიდრეობით, ის გადავჭრათ.

ამ რვა წლის განმავლობაში მათ ვერაფერი ვერ შეძლეს, რომ პრობლემა დაძლეულიყო. მეტიც, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მით უმეტეს პანდემიის ფონზე.

პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა და პოლიტიკური ლიდერი უნდა საუბრობდეს, როგორ გამოვიდეთ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან და არა იმაზე, რვა წლის წინ რა იყო და როგორ გაანიავეს მმართველობის ეს რვა წელი”, – განუცხადა „პირველ არხს“ ბადრი ჯაფარიძემ.

მართლაც საოცარი ცინიზმია, როდესაც მრავალი სიმხეცის ჩადენით გადაგვარებული, მაგრამ იმავდროულად, საკმაოდ ცბიერი პოლიტიკური გუნდი, აბსოლუტურად უცვლელი შემადგენლობით, მოურიდებლად ცდილობს, კვლავაც მოატყუოს ხალხი და დაიბრუნოს შეუზღუდავი ძალაუფლება, რათა ახლა უკვე გაორმაგებული ძალისხმევით, პერსონალურად იძიოს შური ყველა იმ პატრიოტ ადამიანზე, ვინც 2012 წლის ოქტომბერში თავისი წვლილი შეიტანა მათი ძალადობრივი მმართველობის დასრულებაში,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ქართველი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა.

„გასული კვირების განმავლობაში, ჩვენ მოვისმინეთ ცრუ სინანულისა და თეატრალური თვალთმაქცობის სამარცხვინო მაგალითები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ, სინამდვილეში, ძალიან დაბალი წარმოდგენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ფიქრობენ, რომ მარტივად და იოლად მოახერხებენ ხალხის ემოციებით და გრძნობებით მანიპულირებას.

ფუნდამენტურად წარმოუდგენელია ქართველი ხალხის, მისი კულტურის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის თანაარსებობა. ჩვენი მეხსიერებიდან ვერავინ წაშლის უამრავი უდანაშაულოდ მოკლული ახალგაზრდის და დემონსტრაციულად დახვრეტილი ადამიანების სახეებს.

ჩვენ არასდროს დაგვავიწყდება წლები, როდესაც ადამიანების ღირსების ფეხქვეშ გათელვა, მათი აბუჩად აგდება, დაშინება, უსაფუძვლოდ ციხეებში გამოკეტვა, ულმობელი წამება და დასახიჩრება, ბიზნესის დაწიოკება და საკუთრების წართმევა, ცხოვრების ჩვეულებრივი, ნორმადქცეული მოვლენა იყო.

ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება, ქართული ტრადიციული ცხოვრების წესის გაუკუღმართების, ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის წაშლისა და საქართველოს ისტორიის თავიდანგა დაწერის ავადმყოფური წყურვილი, ოჯახის ფენომენზე გააფთრებული იერიშის, ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი საყრდენის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შევიწროებისა და დაქსაქსვის გამუდმებული მცდელობები“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია