საქართველო მზად არის, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2024 წელს შეიტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განცხადებით, ამის თქმის საფუძველს განხორციელებული რეფორმები და ამბიციური სამოქმედო გეგმა იძლევა.
„საქართველო მზად არის, ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი 2024 წელს შეიტანოს. ეს არის ძალიან ხმამაღალი და ამბიციური განცხადება. შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ შესრულების ანგარიში, ამბიციური გეგმა და რეფორმები, რომელიც განვახორციელეთ და მაღალი შეფასებები დაიმსახურა, იმის თქმის საშუალებას გვაძლევს, რომ 2024 წლისთვის მზად ვიქნებით, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი შევიტანოთ.
დარჩენილი რეფორმების განხორციელება იქნება ის მთავარი სამუშაო, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში უნდა დავასრულოთ და მზად ვიყოთ, განაცხადი შევიტანოთ. ეს გეგმა არის საკმაოდ რეალური. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 2021 წლიდან სამოქმედო გეგმა იყოს ამბიციური და დატვირთული იმ რეფორმებით, რომლის დასრულებასაც ევროკავშირი აუცილებლად მიიჩნევს. გარკვეულ საკითხებზე მათი მოლოდინია, რომ რეფორმები დაიხვეწოს და კიდევ უფრო განვითარდეს.
ამ ინიციატივის წინასაარჩევნოდ გამოყენება რომ გვდომოდა, უფრო მოკლე ვადებს ვიტყოდით, ან ვიტყოდით, რომ წევრობაზე მალე გავაკეთებთ განაცხადს, თუმცა ჩვენ კონკრეტული თარიღი დავასახელეთ. გავლილი გზა საკმარისი არ არის, რომ განაცხადი ხვალ შევიტანოთ. დარჩენილია რეფორმები, რომელიც გაწერილია გეგმაში და რეფორმების წარმატებულად შესრულების შემდეგ, საფუძველი გვექნება, განაცხადი შევიტანოთ.
შეიძლება, თავის დროზე ასოცირების ხელშეკრულებას, თავისუფალ მიმოსვლას ბევრი არარეალისტურად მიიჩნევდა, მაგრამ ამ ყველაფრის მიღწევა რეფორმების შედეგად შევძელით. ამბიციური გეგმის წარდგენის საფუძველს სწორედ ეს გვაძლევს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
საქართველოს სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, არჩევანი და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
„მიხარია, რომ დღეს გაჟღერდა და ჩვენს საარჩევნო პროგრამაში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც არის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ეს მართლაც ისტორიული გადაწყვეტილება იქნება – „ქართული ოცნება“ ამას აუცილებლად განახორციელებს.
ეს იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი იმ დაპირებისკენ და მნიშვნელოვანი მისიისკენ, რომელიც გვაქვს, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშიც არის ასახული – საქართველოს სრულფასოვანი წევრობა ევროკავშირში არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, არჩევანი და ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ამას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ეს ნაბიჯი – განაცხადის გაკეთება არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
"ქართული ოცნების" განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე ანალიტიკოსები აფასებენ. სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი იმაზე, რომ განაცხადი უნდა გაკეთდეს და ამავდროულად, მოხარულები არიან იმის გამო, რომ ამ თემას ტაბუ აეხსნა და უკვე, როგორც მმართველი პარტია, ასევე სხვა პოლიტიკური გუნდებიც ამაზე თამამად საუბრობენ.
"იმისათვის, რომ განაცხადის გაკეთება შედეგიანი იყოს და მან ჩვენთვის სასურველი მდგომარეობა მოიტანოს, აუცილებელია ჩვენ ეს 4 წელი ინტენსიური მომზადებისთვის გამოვიყენოთ. უნდა მოვემზადოთ ზუსტად ისე, როგორც დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოები ემზადებოდნენ ევროკავშირში გაწევრიანების წინ, რაც მარტივი არ არის, მაგრამ შესაძლებელია," - აცხადებს "ალექსანდრე რონდელის ფონდის" უფროსი ანალიტიკოსი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.
სამოქალაქო საზოგადოებაში არსებობს ინიციატივა, სადაც ერთ-ერთ პუნქტად ევროკავშირში გაწევრიანების საკითხიც არის. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს პერსპექტივაში შესაძლებელია, თუმცა ისინი ასევე ამბობენ, რომ საქართველოს ხანგრძლივი მუშაობა მოუწევს, მოემზადოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.
"ახლა კარგი დრო არის შერჩეული ამისთვის, რადგან ყველა პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენთან არის და მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, ვფიქრობ, ეს არის ის დრო, როდესაც შეუძლიათ მათ დაფიქრდნენ, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ამიტომ, სწორედ ეს მგონია მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამ თემებზე დაიწყეს საუბარი და ზოგიერთმა ეს საკითხი თავის საარჩევნო პროგრამაშიც კი ჩადო," - აღნიშნავს "ღია საზოგადოების ფონდის" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე.
მომზადებულია „პირველი არხისა“ და „რუსთავი 2-ის“ მიხედვით.