მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სალომე ზურაბიშვილი - მივმართავ ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტებს, რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს დიალოგი - 03 ოქტომბერი 2020

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას დიალოგის დაწყებისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინდა, მთელი ქართული საზოგადოების სახელით ღრმა მწუხარება გამოვთქვა იმ მსხვერპლის გამო, რომელიც მოჰყვა ამ კონფლიქტს ჩვენს მეგობარ მეზობელ ქვეყნებს შორის.

მინდა, მივმართო ამ ჩვენი ორი მეზობელი და მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტებს, ხელისუფლებასრაც შეიძლება სწრაფად აღდგეს მათ შორის დიალოგი, მინდა, მოვუწოდო დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ.

ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის მთავარი საერთო ინტერესი, რათა  ამ რეგიონს დავუბრუნოთ სტაბილურობა, მშვიდობა და მისი უზარმაზარი, ეკონომიკური როლი საერთოდ მსოფლიოსთვის.

ეს არის ჩვენი ერთობლივი მონაპოვარი და ეს არის ის, რასაც ჩვენ ერთობლივად უნდა გავუფრთხილდეთ.

მინდა, ასევე მივმართო მინსკის ჯგუფს და მის თანათავმჯდომარეებს, რომელსაც ამ კონფლიქტის მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ჩვენ მზად ვართ, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი მოლაპარაკების გამართვა. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც მხარეებისთვის იქნება სასურველი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ევროკავშირის ინტერესშიც არის.

ასევე, მინდა, მივმართო ევროკავშირს: ჩვენ, ამ რეგიონის სამივე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები ვართ. თუ ეს რამეს ნიშნავს, თუ სამეზობლო რამეს ნიშნავს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს ნიშნავს,  დღეს ჩვენი სტაბილურობა, ამ რეგიონში მშვიდობა ევროკავშირის ინტერესშია.

მან ასევე, თავისი ძალები უნდა გამოიყენოს მშვიდობისა და ამ სიტუაციის დეესკალაციისთვის. კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს არის ჩვენი, სამივე ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საერთო მიზანი. სამივე ქვეყნის მოქალაქეთათვის არ არის არაფერი იმაზე ძვირფასი, ვიდრე მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში, – ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაში, რომელიც ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა გააცნო.

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებს შორის მორიგ სამხედრო დაპირისპირებასთან და შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განხილულ იქნა აღნიშნული კონფლიქტით გამოწვეული მძიმე ვითარება, რომელსაც შედეგად, სამწუხაროდ, უკვე მოჰყვა მსხვერპლი, ვითარების ესკალაცია კი მკვეთრად უარყოფითად იმოქმედებს რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ეუთო- მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო აქტორებს, მიიღონ ყველა ზომა ძალადობის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისთვის.

საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო განვამტკიცოთ ეს ურთიერთობები.

საქართველოში ყოველთვის ვამაყობდით ქართველებთან ერთად სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის აზერბაიჯანლებისა და სომხების მშვიდობიანი თანაცხოვრებით, რაც ჩვენი საერთო მონაპოვარია და მას დიდი გაფრთხილება, ერთობლივი ზრუნვა სჭირდება.

ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შექმნილ კრიზისულ ვითარებაში, ცალკეულმა დესტრუქციულმა ელემენტებმა, საქართველოს გარეთ თუ შიგნით, ჩრდილი მიაყენონ ჩვენს მეგობრობასა და ისტორიულ გამოცდილებას.

ყოველივე ამის გათვალისწინებით, ქართული მხარე კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზაობას, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ვითარების განმუხტვას, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას უმასპინძლოს თბილისში.

ქართული მხარე მრავალი წლის განმავლობაში ზედმიწევნით ასრულებდა და ასრულებს საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის მეზობელი ქვეყნებისაზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ. კერძოდ, საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია მნიშვნელოვანი ფაქტორია ორივე ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის. რაც ბუნებრივია, საქართველოს ინტერესებშიც არის.

დღესაც, საქართველოს გავლით, ტრანზიტის რეჟიმში სამოქალაქო დანიშნულების სატვირთო გადაზიდვები შეუფერხებლად და უსაფრთხოდ ხორციელდება ნებისმიერი, მათ შორის აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართულებით. გადაზიდვების ინტენსივობა მაღალია და აღნიშნული მაჩვენებელი არ შეცვლილა სამხედრო კონფლიქტის განახლების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის გამწვავების მომენტიდან საქართველოს მიერ სამოქალაქო საჰაერო სატვირთო გადაზიდვების მიზნებისათვის რაიმე სახის შეზღუდვები არ დაწესებულა და არც დაწესდება.

ამასთან, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, საქართველოს მთავრობამ, ესკალაციის დაწყებისთანავე, დროებით შეაჩერა ნებართვების გაცემა საკუთარ ტერიტორიაზე, სახმელეთო და საჰაერო მარშრუტებით სამხედრო ტვირთების გატარებაზე ორივე ქვეყნის მიმართულებით. ამის თაობაზე მხარეები ინფორმირებულნი იყვნენ. ნებისმიერ სხვა საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებთან დაკავშირებით, ქართული მხარე სრულად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენი საერთო ინტერესიასწრაფად შეწყდეს სამხედრო დაპირისპირება და რეგიონში აღდგეს მშვიდობა“, – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

ინფორმაციას, თითქოს თურქეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან, არის სიცრუე და მიზნად ისახავს რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

დღეს გაიმართა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, რომელზეც ვიმსჯელეთ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ პროცესებსა და რეგიონში შექმნილ დაძაბულ ვითარებაზე. ასევე განვიხილეთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები და ის რისკები, რაც უსაფრთხოების მიმართულებით იკვეთება.

მინდა, გამოვეხმაურო სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას, თითქოს თურქეთის ტერიტორიიდან აზერბაიჯანის მიმართულებით სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე არაფორმალური შეიარაღებული ფორმირებები საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაადგილდებიან.

ამავე წყაროებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ხელი შეუშალონ ჩვენს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში მშვიდობიან თანაცხოვრებას, კეთდება კონკრეტული მოწოდებები, რათა გადაიკეტოს აზერბაიჯანის მიმართულებით მიმავალი საავტომობილო მაგისტრალი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც შეეხება მებრძოლების გადაადგილებასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი არ გააჩნია, ეს არის სიცრუე და მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად, რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას სომხეთისა და აზერბაიჯანის შესაბამის უწყებებთან.

უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ყველა გადაწყვეტილება მიიღება რეგიონში არსებული ვითარებისა და მიმდინარე პროცესების დარეგულირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. ნებისმიერი აქტივობის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას და ასევე, რეგიონში არსებულ სტაბილურობას, გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

წყარო: პირველი არხი

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია