აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ ომი მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიებს დატოვებს.
როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ტელეკომპანია „ალ-ჯაზირასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. ჩემი მოთხოვნები სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს, რადგან მთელი მსოფლიო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“.
ჩემი სიტყვები, შეიძლება ითქვას, არის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის ტექსტი. მათ უნდა დატოვონ ჩვენი ტერიტორიები და ომი მხოლოდ ამის შემდეგ შეწყდება, კონფლიქტი დასრულდება“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხმა მშვიდობის პირობებში თანაცხოვრება შეძლოს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სენსიტიურ საკითხში შუამავალმა ნეიტრალიტეტი უნდა შეინარჩუნოს.
ინტერვიუს სრულ ტექსტს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
ილჰამ ალიევის განცხადებით, ბოლო დღეებში აზერბაიჯანი ხედავს კონტრპროდუქტიულ განცხადებებს, რომლებიც ნეიტრალიტეტის პოზიციის ცვლილებას წარმოადგენს.
მისივე თქმით, აშშ-მა, საფრანგეთმა და რუსეთმა, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ერთად მუშაობა უნდა გააგრძელონ, თუმცა მათ უნდა შეინარჩუნონ ნეიტრალიტეტი.
„რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც აშშ-სა და საფრანგეთთან ერთად შუამავლის როლს ასრულებს. ჩემი 17-წლიანი ჩართულობის განმავლობაში ეს სამი ქვეყანა თანაბრად მონაწილეობდა პროცესში, რომელშიც იყო და არის კოორდინაციის საკმაოდ მაღალი დონე.
რა თქმა უნდა, რუსეთს აქვს განსაკუთრებული პოზიცია, რადგან ის აზერბაიჯანის მეზობელია რეგიონში. მას არ აქვს სახელმწიფო საზღვარი სომხეთთან, თუმცა რუსეთი არის ქვეყანა, რომელთან აზერბაიჯანსა და სომხეთს აქვს კარგი ურთიერთობები და ისტორიული კავშირები.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, მისი როლი, შუამავლობის შესაძლებლობა, გაცილებით მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებისა, რომლებიც რეგიონიდან მოშორებით მდებარეობენ და შესაძლოა, სრულად არ იციან, თუ რა ხდებოდა აქ ბოლო ათწლეულების განმავლობაში.
ამგვარად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სამმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთად მუშაობა, თუ ყველა მათგანი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ეს მნიშვნელოვანია.
შეშფოთებულები ვართ, რომ ბოლო დღეებში, ვხედავთ ზოგიერთ განცხადებას, რომელიც არის კონტრპროდუქტიული და აჩვენებს ნეიტრალიტეტის პოზიციის გარკვეულ ცვლილებას.
ყველა ქვეყანას შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, ეს ნორმალურია, თუმცა თუ შენ ხარ მედიატორი ასეთ სენსიტიურ საკითხში, უნდა იმოქმედო ამგვარად. თუ გინდა, იმოქმედო ეროვნული პოზიციიდან, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია, თუმცა, მაშინ უნდა გადადგე მინსკის ეუთო-ს ჯგუფის თანათავმჯდომარეობიდან და თქვა ის, რაც გსურს, დაადანაშაულო, ვინც გინდა, მოყვე ამბები იმის შესახებ, თუ რა მოხდა, მტკიცებულებების გარეშე და რა თქმა უნდა, არავინ იქნება წინააღმდეგი.
თუმცა, თუ ხარ მედიატორი, უნდა იყო ნეიტრალური. თქვენ უნდა იყოთ მედიატორი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენთვის შუამდგომლობა მიუღებელი იქნება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
ეჭვგარეშეა, რომ სომეხ ხალხს, რომელიც პლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობს, სიცოცხლის სურვილი აქვს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ფრანგულ გამოცემა, „ფრანს 24“-თან ინტერვიუში განაცხადა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თურქეთს რეგიონიდან გასვლისკენ მოუწოდა.
„მშვიდობიანი მოგვარება შესაძლებელი იქნება, როდესაც ტერორისტები და თურქეთი, თავისი მიზნებით, ჩვენს რეგიონს დატოვებენ. ეჭვგარეშეა, რომ სომეხ ხალხს, რომელიც პლანეტა დედამიწაზე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში ცხოვრობს, აქვს სიცოცხლის სურვილი“, – აღნიშნა ფაშინიანმა.
წყარო: პირველი არხი