საქართველოში კორონავირუსის 554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 8118 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 252 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4244-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 50-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი ადამიანი კი გარდაიცვალა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, წინა დღესთან შედარებით თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია, მაგრამ არა მასშტაბურად.
თუმცა, ენდელაძის თქმით, შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე, ახლა განსაკუთრებული სიფრთხილე და რეგულაციების დაცვაა აუცილებელი, რათა თბილისში აჭარის მსგავსი სცენარი არ გამეორდეს.
„წინა დღესთან შედარებით მაინც და მაინც გაზრდილი არ არის, მხოლოდ 65-ია. ძალიან გვჭირდება გაფრთხილება და რეგულაციების დაცვა, გავუფრთხილდეთ ამჯერად თბილისს, რომ არ მოხდეს იგივე, რაც აჭარაში.
განგაშს აზრი არ აქვს, გაფრთხილებაა საჭირო. რა თქმა უნდა, ყველგან უნდა გავუფრთხილდეთ. თბილისშიც რომ არ იყოს სერიოზული მატება, საჭიროა რეგულაციების დაცვა, რომელიც ყველამ უკვე ძალიან კარგად იცის.
ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ იქნებ, გადავრჩეთ და გავაკეთოთ ისე, რომ ყველამ დავიცვათ რეგულაციები და იგივე არ გამეორდეს თბილისში, რაც აჭარაში. აჭარაში ალბათ თანდათან მოხდება ლოკალიზება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 370 აჭარას, 65 კი თბილისს უკავშირდება, - აღნიშნულია „პირველი არხის“ ინფორმაციაში.