საქართველოში კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 9 245 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 268 პაციენტი და მათი საერთო რაოდენობა 4 887-ს შეადგენს.
კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 58-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.
ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 578 შემთხვევა დაფიქსირდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, წინა დღეებთან შედარებით, თბილისში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია.
შემთხვევების რაოდენობიდან გამომდინარე, როგორც ენდელაძემ აღნიშნა, სიფრთხილის დაცვა აუცილებელია.
„ყველაზე მთავარია, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატა თბილისში. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით და იმის გათვალისწინებითაც, რომ ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება ძირითადად აქ იმართება, დიდი სიფრთხილე გვმართებს. იქნებ როგორმე თბილისი გადაურჩეს ასეთ ძლიერ დატვირთვას და ბევრი ინფიცირებული პაციენტის გამოვლენას“, – განუცხადა „პირველ არხს“ მარინა ენდელაძემ.