ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოხმაურება მოყვა.
ელენე ხოშტარია, ევროპული საქართველო:
„სახლში შემოსვლისთანავე რაღაც სიმშვიდეს ხომ გრძნობ ადამიანი? აი თითქოს ცდილობ გარეთ დატოვო ნეგატიური ემოცია. დღეს რომ შემოვედი მივხვდი, რომ შეუძლებელია დატოვო ის განცდა, რომ ის ორი უდანაშაულო ადამიანიც ეხლა სახლში უნდა იყოს და არ არის. პირველი ღამე აქვთ ციხეში. წარმოვიდგინე რა სახით იყურებიან ან რას გრძნობენ მათთვის სრულიად უცნობ, უცხო და მათთან არანაირ კავშირში მქონე პროცედურები რომ უნდა გაიარონ? რადგან ციხეში ნამყოფი ვარ, დაახლოებით ვცდილობ წარმოვიდგინო გარემო და მათი ემოცია.
ეს განცდა კიდევ უფრო გამიმწვავდა იმიტომ, რომ დღეს სასამართლოზე როცა ივერი ლაპარაკობდა, ვუყურებდი ნატალიას, რომელიც ძალიან შეუმჩნეველი ჟესტებით, ხან შეხებით, ხან გახედვით ცდილობდა ივერის გამხნევებას და თან თვალებში შეციცინებდა მის ვაჟკაცობას. ხოდა მთელი ეს სცენა იყო: რა შუაშია ეს ხალხი აქ ამ სკამზე, ამ ბადრაგთან, ამ აბსურდში?აი გაჟღენთილი იყო იქაურობა ამ უსამართლო აბსურდით.
ჰოდა კიდე მთელი ცხოვრებაა ვფიქრობ, 37 წელს როგორ ხდებოდა ამდენი ხალხის დაჭერა? ვინ იჭერდა, ვინ ასრულებდა, ვინ „აპრავებდა“? ხომ ხედავდენ რომ აბსურდი იყო, ეს ხალხი ხომ ამ პატარა ქვეყანაში გვერდიგვერდ ცხოვრობდა მაინც, ხვდებოდნენ კიდეც სადღაც ერთმანეთს. და როგორ წირავდენ ასე?
რაც უფრო დრო გადის უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ სრულიად წარმოსადგენია ეს ყველაფერი. შავზე თეთრს რომ გიმტკიცებენ და გარშემო რომ ვითომ არ იმჩნევენ.
ვერ შედგება ეს სახელმწიფო, ვერ ვიცხოვრებთ მშვიდად, სანამ ამ საშინელ უკვე გამჯდარ ტრადიციას არ მოვისვრით“.
რომან გოცირიძე, ენმ:
„მეცნიერ-კარტოგრაფები არიან სინდისის პატიმრები.
მეცნიერების ( მეცნიერებათა აკადემიის) სირცხვილია, თუ ხმას არ ამოიღებენ ამ აღმაშფოთებელ უსამრთლობაზე“.
დავით ზურაბიშვილი, ანალიტიკოსი:
„ჩემი მოკრძალებული აზრით ყველაზე საზიზღარი ტიპები ისინი არიან, რომლებიც მშვენივრად ხვდებიან ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა რომ უსამართლოდ არინ დაპატიმრებულები, მაგრამ ასე თუ ისე იტანენ ამას ნაცებთან წმინდათაწმინდა ბრძოლის მოტივით.
ყველა უვარგისი ხელისუფლება სწორედ ასეთი ტიპების ხარჯზე ინარჩუნებს ძალაუფლებას.
* * *
სადემარკაციო კომისიის წევრთა დაპატიმრება სამშობლო მიწის გაყიდვის გამო ისეთი ფაქტია, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არცერთი სხვა ხელისუფლების დროს არ მოხდებოდა.
მეტიც, საბჭოთა კავშირში, ბრეჟნევის დროსაც კი არ მოხდებოდა.
მსგავსი აბსურდული ბრალდებით ადამიანის დაკავება შეიძლებოდა მომხდარიყო მხოლოდ სტალინის მმართველობის დროს, მეოცე საუკუნის ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში.
აი, ქალაქის წყალსადენს რომ წამლავდნენ ქართველი მწერლები, დაახლოებით იმ ტიპის ბრალდებაა, ბომბეიდან ლონდონამდე გაყვანილი გვირაბისა არ იყოს.
და ამის მომფიქრებელი სად ბანაობს, ხვდებით ჰო?
გამპრავებელ-მხარდამჭერებზე კი რა ვთქვა? უსინდისო მედროვე ყველა დროში უსინდისო მედროვეა. სიძულვილით შეპყრობილ ტვინგაყინულებს, რომლებიც ალალად ფიქრობენ, ნაცებისგან ყველაფერია მოსალოდნელი და ვითომ რატომ არ გაყიდდნენ სამშობლოსო, ცხადია ეს არ ეხებათ, თუმცა დიდი ვერაფერი შეღავათი.
ჩათვალეთ, რომ უკიდურესად თავაზიანად და კორექტულად ვთქვი.
* * *
ესე იგი ისეთი ამბავი აქვს სრულიად საქოცეთს სადემარკაციო კომისიის წევრების დაპატიმრებაზე ატეხილი, იმდენი ოფიციალური პირი და არაოფიციალური ქოცია თავგამოდებული, რომ ფაქტობრივად ადასტურებენ, მთელი ეს ამბავი მოდის პირადად ბიძინა ივანიშვილისგან. ასეთი ქოცმობილიზაცია სხვა შემთხვევაში არ ხდება.
ბიძინას საერთოდ ახასიათებს ასეთი მიდგომა: რაღაცაზე ჩათვლის, რომ სერიოზული კომპრომატი უნდა იყოს. მერე გამოდებს ამ კომპრომატს და თუ უკუგება ისეთი არაა რასაც ელოდა, მთელ სახელმწიფოს რთავს პროპაგანდაში, რათა უზრუნველყოს საზოგადოების ის რეაქციაა, რომელსაც თავად მიიჩნევს სწორად. და თუ მაინც არ გამოდის, მაშინ რომელიღაც ქვეშევრდომზე გადატეხავს ჯოხს და იმას დააბრალებს ყველაფერს.
აქაც იგივეა: მოუვიდა იდეა ასავალ-დასავალის საუკეთესო ტრადიციებში, რომ ნაცებმა გაყიდეს ქართული მიწა. თვითონ მოუვიდა ეს აზრი თუ ვინმემ მიაწოდა, არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ფაქტია, რომ მოეწონა და ჩათვალა მაგარ კომპრომატად. მერე შეარჩია მომენტი და დააჭერინა კომისიის ორი წევრი, რასაც მისი აზრით უნდა გამოეწვია საზოგადოების აღშფოთება ნაცების მიმართ, მაგრამ არათუ სათავისო რეაქცია ვერ მიიღო, პირიქით, პროტესტი გამოიწვია (მონებს და ტროლებს სათვალავში არ თვლის). ახლა მეორე ეტაპზეა და და გაპრავების რიგში დააყენა მთელი სახელმწიფო სიმძლავრეები. თუ ესეც არ გაუვიდა (ეჭვი მაქვს, არ გაუვა), მესამე ეტაპი ის იქნება, რომ რომელიმე თავისიანზე გაბრაზდება და მერე იმან იკითხოს.
#ჩავაანალიზე
* * *
ესე იგი ქოცტროლინდუსტრიამ დაამონტაჟა ფრაგმენტები წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა ინტერვიუებიდან, როგორც დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, თუ როგორ გაყიდეს ნაცებმა დავით-გარეჯი. ცხადია, ამ შეკოწიწებული ფრაგმენტებიდან ყველა ის ადამიანი, ვისაც კი აზროვნების ორგანო წელსზევით აქვს, ვერანაირად მსგავს დასკვნას ვერ გამოიტანს, მაგრამ ქოცები ასეთ წვრილმანებს არას დაგიდევენ: მიმდგარია ტროლების და ბოტების ლაშქარი და იგინებიან, იწყევლებიან, ითხოვენ ნაცების გასამართლებას და დახვრეტას, თან ვიდეოს სტოპკადრში ნინო კალანდაძე ჩანს, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ცალკე მას აგინებენ, მოკლედ ტიპიური ქოცური რეპერტუარია და ამ დროს ერთი, სავარაუდოდ არატროლი, არაბოტი და რეალურად გზააბნეული ქოცი სვამს მომაკვდინებელ შეკითხვას: "ras ambobs?"
აი თუ რამე გამაცინებდა გულიანად იმ სიძულვილის ნიაღვარში, არ მეგონა.
#ქოცისგულიისეთიავითმორევიშავიზღვისა“, - წერს დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ეკა გიგაური, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო:
„სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილება, ორი ექსპერტი პატიმრობაში დატოვა! თითქოს გარეთ რომ გამოეშვა ორი კარტოგრაფი, ისინი, ამ პოლიტიკურად მოტივირებულ და სავარაუდოდ რუსეთის დავალებით დაწყებულ გამოძიებას, ხელს შეუშლიდნენ. ადვოკატებს სულ ორი საათი ჰქონდათ, რომ გაცნობოდნენ საქმეს. ეს სასამართლო და მოსამართლე (კერზაიას საქმეშიც ფიგურირებს) პარტიის ინტერესებს ემსახურება და ეს საქმეც ამას ადასტურებს. როგორ გძინავთ ღამე მათ ვინც პოლიტიკური მიზნების გამო უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ყრით. სირცხვილია!“
ბუბა კუდავა, ისტორიკოსი:
„ხანდახან სურვილი მიჩნდება ფეხზე წამოვუდგე და ტაში დავუკრა ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს და მის ქართველ ხელისბიჭებს.
იმაზე ასჯერ უკეთ გყოლივართ შესწავლილები, ვიდრე წარმომედგინა.
გადასარევად იცით, როდის ჩუყდება საშუალო სტატისტიკური ქართველი, რაზე ვარდება ფინთი გოიმივით, როდის კუშტავს მჯიღს, რაზე ქაჩავს წარბებს, როდის ებღალება მეობა, რაზე იგეშება მყისიერად, დროის რომელ მონაკვეთებში ახსენდება ქართველობა, როდის ეთუთქება გულმკერდი, როდის უწევს საღათას ძილის ჟამი და როდის - გამოფხიზლების ჩქამი.
- ბრავო მეზობლებო, ბრავო!“
„საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში“ ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დავით კურტანიძემ გამოაცხადა.