მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
თუ ამომრჩეველი სათანადო რაოდენობით გამოცხადდება, პირველსავე ტურში ჩვენს გამარჯვებას ვერაფერი დაუდგება წინ - ირაკლი კობახიძე - 09 ოქტომბერი 2020

თუ ამომრჩეველი სათანადო რაოდენობით გამოცხადდება საარჩევნო ყუთთან, პირველსავე ტურში ჩვენს გამარჯვებას ვერაფერი დაუდგება წინ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მიმართვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოზიციები ყველგან ძალიან ძლიერია.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოწოდება. ჩვენთვის მთავარი მოწოდებაა თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა. ხედავთ, რომ „ქართული ოცნების“ პოზიციები ყველგან ძალიან ძლიერია. ამ ვითარებაში ჩვენი ერთადერთი ამოცანაა მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება.

იყო რამდენიმე ინციდენტი, ძირითადად ქვემო ქართლში და სამართალდამცავი ორგანოების, ასევე ჩვენი ჩარევის შემდეგ, თქვენ ნახეთ, რომ ვითარება შეიცვალა. ჩვენს აქტივთან მუდმივი კონსულტაციები გვქონდა. დღეს შენარჩუნებულია მშვიდი გარემო. ჩვენი მიზანიც ეს არის.

ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ყველა ოლქში პირველსავე ტურში მოვიგოთ. ამისათვის საჭიროა მობილიზაცია. თუ ამომრჩეველი სათანადო რაოდენობით გამოცხადდება საარჩევნო ყუთთან, პირველსავე ტურში ჩვენს გამარჯვებას ვერაფერი დაუდგება წინ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება ოპოზიციის მხრიდან მწვავე განცხადებების მიზეზი გახდა.  ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ძალადობის დაგმობის შესახებ საუბრობს ის პარტია, რომელიც თავად იყენებს ძალადობას წინასაარჩევნოდ. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე მყარი პოზიციების შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ოცნება ისევ ისეთი რეიტინგებით ხელმძღვანელობს, როგორც 2018 წელს კომპანია "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული კვლევა იყო.

"ვინ ვის მოუწოდებს ძალადობა არ იყოსო, ვინ ვის ეუბნება ძალადობას არ აჰყვეთო?! ვის აქვს ძალადობა "ქართული ოცნების" გარდა, რომელიც არის სადამსჯელო ორგანიზაცია, მას პოლიტიკასთან საერთოდ კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება მის მყარ რეიტინგებს, როგორც "ტოჩნი ზურაბას" რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა. 31 ოქტომბერს გასცემს ქართველი ხალხი პასუხს ამ ქურდების და ბანდიტების ხელისუფლებას," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ივანიშვილის განცხადებას უტიფარი თვითკმაყოფილების მაგალითს უწოდებს:

"კიდევ ერთი მაგალითი ამ უტიფარი თვითკმაყოფილების ივანიშვილის მხრიდან და ხალხისთვის იმის თქმის, რომ ყველაფერი კარგადაა, კმაყოფილები არიან და უბრალოდ, ვერ აფასებს მათი ოპონენტების ნაწილი, თორემ ქვეყანა მიდის სწორი მიმართულებით. არაფრის შეცვლას ეს კაცი არ აპირებს, ძალადობას აბრალებს ოპონენტებს მხოლოდ, არც კი აღიარებს იმას, რომ ეს მთავრობის პასუხისმგებლობაა," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებას მომხრეების წასახალისებლად გამიზნულს უწოდებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე:

"ეს განცხადებები, რომელიც კეთდება, არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით, რომ იქნებ როგორმე წაახალისონ თავიანთი მომხრეები და არ დაკარგონ მათ ბრძოლისუნარიანობა. რეალურად, "ქართული ოცნება" უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ გადააბაროს ხელისუფლება ახლადარჩეულ პოლიტიკურ ძალას. "ლელო" იქნება ერთ-ერთი წამყვანი კოალიციურ მთავრობაში არჩევნების შემდეგ," - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

გუშინ გავრცელებულ მიმართვაში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი 54-დან 60 პროცენტამდე მერყეობს, რიგ შემთხვევებში კი 63 პროცენტსაც აჭარბებს. ამასთან, მან მხარდამჭერებს მოუწოდა, არ აყვნენ პროვოკაციებს. მისივე განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია სამი კვირა. ეჭვგარეშეა, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული წინსვლისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო კამპანიამ ჩაიაროს მშვიდ გარემოში, თავსმოხვეული აგრესიისა და მღელვარების გარეშე. მე ვგმობ ყველანაირ ძალადობას, რაც ზიანს აყენებს წინასაარჩევნო პროცესს და დემოკრატიის ხარისხს ქვეყანაში. ფაქტია, რომ რადიკალურმა ოპოზიციურმა ჯგუფებმა ძალადობა წინასაარჩევნო კამპანიების თანმდევ მოვლენად აქციეს. უკანასკნელ პერიოდში მათი მხრიდან გახშირდა პროვოკაციები, რასაც, რიგ შემთხვევებში, ჩემდა სამწუხაროდ, წამოეგნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. არის საფრთხე, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ასეთი ხასიათის ძალადობრივი დაპირისპირებები უფრო გახშირდეს.

როდესაც კონფლიქტი ხდება, ძნელია იმის გარჩევა, ვინ არის ინიციატორი და ვინ – პროვოკაციის მსხვერპლი. ეს განსაკუთრებით ძნელია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ვინც არჩევნებს აკვირდება და ვისი შეფასებებიც საარჩევნო პროცესის თაობაზე ქვეყნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. მინდა, მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს – ნუ აყვებით პროვოკაციებს, ნუ მივცემთ რადიკალურ ჯგუფებს იმის საშუალებას, რომ დააზიანონ საარჩევნო გარემო და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია. ძალადობა და ქვის სროლა მათი ხელწერაა, სწორედ ასე მოვიდნენ ისინი თავის დროზე ხელისუფლებაში და დღესაც ასე სურთ გადაფარონ საკუთარი უპერსპექტივობა და გარდაუვალი მარცხი მოახლოებულ არჩევნებში.

ჩვენ ყოველთვის ვემიჯნებოდით ძალადობას. ესაა „ქართული ოცნების“ ხელწერა და სწორედ ეს გამოგვარჩევს ჩვენ მათგან. უდავო ფაქტია, რომ ჩვენ ამჟამად ძალზე მყარი პოზიციები გვაქვს. „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს ამ არჩევნებში. ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ქართული საზოგადოების უპრეცედენტო მხარდაჭერის ფონზე, ჩვენი საპროგნოზო მაჩვენებელი 54-დან 60 პროცენტამდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63 პროცენტსაც კი აჭარბებს.

შესაბამისად, დღეს ჩვენ ყველანაირი ძალისხმევა უნდა მივმართოთ არა დამატებითი ხმების მობილიზებისთვის, რაც ერთ ან ორ პროცენტში თუ ნახავს გამოხატულებას და არჩევნების შედეგებზე პრინციპულ გავლენას ვერ მოახდენს, არამედ ყველაფერი უნდა გაავაკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნები მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს და მის შედეგებში ეჭვის შეტანა ვერავინ შეძლოს.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო საზოგადოებას, განსაკუთრებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, ნუ ავყვებით პროვოკაციებს, გამოვიჩინოთ მაქსიმალური თავშეკავება, მოვთოკოთ ემოციები, რომ მშვიდად მივიდეთ არჩევნებამდე და მშვიდად გავაგრძელოთ ცხოვრება საქართველოს წარმატებისთვის“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.

მომზადებულია "პირველი არხისა" და "რუსთავი 2-ის" მიხედვით.

 

 

 

 

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2025 ყველა უფლება დაცულია