„ასეთი იდეა მინდა გაგიზიაროთ. სანამ ივერის და ნატალიას ვიხსნით უსამართლო პატიმრობიდან, შეგვიძლია ციხეში გავამხნევოთ.
პირველი დღეები ციხეში ყველაზე მძიმეა. ბევრი ადამიანი ფბ-ზე წუხს ამ უსამართლობაზე, მათ მდგომარეობაზე.
ეს ემოცია ვაქციოთ სასარგებლოდ და დღეიდან დავიწყოთ მათთან წერილების გაგზავნა. გავამხნევოთ, გავუზიაროთ ჩვენი ემოცია.
დარწმუნებული ვარ უცხო ადამიანებისგან მიღებული წერილები მათ ძალიან გააძლიერებს.
წერილის გაგზავნა ხდება ნებისმიერი ფოსტიდან ამ მისამართებზე:
ივერი მელაშვილი, №8 დაწესებულება (ქ. თბილისი, გლდანის მე-7 მ/რ, მე-2 კმ) - პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
ნატალია ილიჩოვა, №5 დაწესებულება (გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მთისძირი) - ქალთა სპეციალური დაწესებულება.
თუ დრო არ გაქვთ, გამომიგზავნეთ მე ტექსტი, სახელი გვარი და ტექნიკურად მე მოვაგვარებ გავაგზავნი თქვენი სახელით“, - წერს „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია "ფეისბუქის" გვერდზე.
ზურაბ ჯაფარიძე, გირჩი:
„ეგრეთ წოდებული "კარტოგრაფების" საქმეზე: სულ რომ უვარგისი იყოს მთელი ოპოზიცია, იმას მაინც მივაღწევ რომ ეს ... საბჭოთა სასამართლო და პროკურატურა დავაშლევინო აგურ-აგურ“.
გია ნოდია, ექსპერტი:
„ამ მთავრობის ხელწერაა - ცივსისხლიანად ჩასვას ციხეში პოლიტიკას სრულიად დაშორებული ადამიანები უბრალოდ იმიტომ, რომ ამ წუთში ასე აწყობს.
მაგალითად, ასე, „ყოველი შემთხვევისთვის“, აყურყუტეს ციხეში სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა ან ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრები (ახლაც სხედან? არც ვიცი).
ახლა ამ ადამიანების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ჯერია.
ლაპარაკი მათ დანაშაულზე და უდანაშაულობაზე მთვრობისთვის ბავშვური გულუბრყვილობაა: კარგი, რა ომში ვართ, ომში კი ყველაფერი მოსულა.
სანამ ესენი იქნებიან, ასე გაგრძელდება. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც უბრალოდ პატიოსნად აკეთებს თავის საქმეს, დაცული ვერ იქნება“.