„ჩემი თანაკურსელი, ზაზა ხომერიკი გვიყვებოდა, თუ როგორ დახვრიტეს 1937 წელს ბაბუამისი.
შეშას ხერხავდა თურმე ეზოში, უთქვამს ალალად, ძველი ხერხი უკეთესად ხერხავდაო.
მეზობელს დაუბეზღებია, ასე ამბობს, მეფის რუსეთის დროინდელი ხერხი სჯობია საბჭოთა დროისასო.
მიახვრიტეს ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის.
ამ დონის აბსურდია „კარტოგრაფების საქმე“.
ეს შავ ლაქად დარჩება ქართული ოცნების ისედაც გაშავებულ მმართველობას“, - წერს პარლამენტის წევრი (ენმ) რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.