- ახლა კალენდარზე 2020 წელი არ არის, 1919 წელია და სულ ცოტა დაგვრჩა 1921 წლამდე - ასეთ შეფასებას აკეთებენ მეცნიერები და მკვლევარები, რომლებიც საპატრიარქოში წლების მანძილზე მუშაობდნენ და კარგად იციან როდის და რის გამო მწვავდებოდა გარეჯის საკითხი. ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ეს არის რუსული სცენარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ხელით სრულდება, - აღნიშნულია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში.
„მნიშვნელოვანია რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესი, მითუმეტეს დღეს არსებული ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე, რომლის გადაწყვეტილების მექანიზმზეც ჯერ არაფერი ვიცით და პროგნოზირებაც ძალიან ძნელია, ახლა ჩვენი ომი გვაქვს მოსაგები, ეს ომი არის არჩევნები, რათა ამით შევინარჩუნოთ თვითმყოფადობა და ბოლოს და ბოლოს საბჭოთა კავშირი გავიყვანოთ ამ ქვეყნიდან“, - თქვა მკვლევარმა ლელა ჯეჯელავამ.
მკვლევარი თამარ მესხი ამბობს, რომ ხელისუფლებამ 1921 წლის სცენარი არ უნდა გაიმეოროს.
„შემთხვევითი არ არის, რომ ეს ამბავი დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ომი, ეს ომი არ გეგონოთ, რომ ძალიან შორს არის, ძალიან ადვილად შეიძლება ცეცხლის ალმა გადმოიწიოს საქართველოს ტერიტორიაზე. გამოიყენეს კირიონი, ამჯერად ჩანს, რომ თავდაცვის მინისტრმა“, - თქვა მკვლევარმა, თამარ მესხმა.
„მთავარი არხის“ ინფორმაციით, თავად მეუფე კირიონი არ პასუხობს კითხვას, რატომ წამოიწია გარეჯის საქმემ მაინც და მაინც ახლა. მისი თქმით, კითხვები ჟურნალისტებმა ხელისუფლებას უნდა დაუსვან.
რაც შეეხება პოლიტოლოგებს, ისინი ამბობენ, რომ ეს მხოლოდ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი სცენარი არაა და დარწმუნებულები არიან, რომ გარეჯის ირგვლივ მიმდინარე საკითხში მთავარ როლს რუსეთი თამაშობს, რომელიც წლებია ცდილობს საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა გააფუჭოს.
„რა თქმა უნდა, რუსეთის შემოგდებული სცენარია, ის პიროვნება ვინც მოიტანა ეს რუკა არის ჩვეულებრივი რუსეთის სპეცსამსახურთან კავშირზე მყოფი ადამიანი. ხელისუფლება საკუთარი ვიწრო და არაშორსმხედველი წინასაარჩევნო ინტერესის გამო აზიანებს ეროვნულ ინტერესს“, - თქვა სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმამ ნოდარ ხარშილაძემ.
„ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე ამტკიცებენ, რომ აზერბაიჯანთან ტერიტორიულ დავას ამ საქმის საფუძველზე არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ კარტოგრაფები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიება 8 ოქტომბერს შეუფარდა“, - ნათქვამია „მთავარი არხის“ ინფორმაციაში.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაპატიმრებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა არ ცხრება.
დავით ზურაბიშვილი, ანალიტიკოსი:
„ერთი წუთით დავუშვათ, რომ აზრზე არა ხარ დავით გარეჯის ამბავზე, არც სადემარკაციო კომისიის მუშაობის სპეციფიკაზე გაქვს თუნდაც მიახლოებითი წარმოდგენა, ნაცებს ვერ იტან და საერთოდაც ქართული ოცნების ისეთი ერთგული მხარდამჭერი ხარ, კობახიძეც კი არ გიშლის მაინცდამაინც ნერვებს.
ჰოდა, მიუხედავად ამისა მაინც, როცა გეტყვიან, რომ თურმე ნაცებს ასე ცამეტი წლის წინ აზერბაიჯანისთვის მიუციათ (სავარაუდოდ მიუყიდიათ) დავით გარეჯი და სხვა ქართული მიწები და ამ ბრალდებით დაპატიმრებულია სადემარკაციო კომისიის ორი ექსპერტი, თუ პირველივე რეაქცია არ არის სრულიად ინსტინქტური „ამათ ... ხომ არა აქვთ“, ესე იგი შენი საქმე არის ძალიან მძიმედ და ყველანაირ ...ობას დაიჯერებ ცხოვრებაში.
P. S. კი არ მიყვარს ცუდი სიტყვები, მაგრამ თავად ეს კარტოგრაფების საქმეა ისეთი, მინიმალურ რაოდენობას მაინც მოითხოვს დახასიათების ამბავში“, - წერს დავით ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე.
ამირან სალუქვაძე, ექსპერტი:
„მინდა გაგაფრთხილოთ ყველა: დავით გარეჯი არის ის თემა, რომელიც ყელში გაეჩხირება, რომელიც შერაცხვენს პოლიტიკოსებს, ექსპერტებს, ჟურნალისტებს, სხვებს, ყველას, რომლებიც ამ საკითხში არაკეთილსინდისიერ და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო პოზიციას დაიკავებენ!
ეს ეხება გადაცემების მიკერძოებულად წაყვანასაც, როცა არ ასაუბრებენ რესპოდენტს მთავარი სათქმელის გადაფარვის მიზნით, როცა სვამენ გულუბრყვილო კითხვებს, თითქოს არ არიან სპეციალისტები და ვერ შევლენ სიღრმეში.
ამ დროს საუბარია მარტივ რამეზე: გეუბნებიან, რომ ნორმალური რუკის ნაცვლად იყენებდნენ კალკას, რომლის გამოყენება არ შეიძლება. იმის ნაცვლად, რომ ეს კარგად გააგებინონ მაყურებელს, პირიქით გადაფარვას ცდილობენ.
ასევე იკატუნებენ თავს და ცდილობენ არ გააგებინონ მოსახლეობას, რომ გარკვეულ მონაკვეთზე კომისიების შეთანხმება იძლევა საფუძველს დაიკავონ ის კონკრეტული მონაკვეთი. მესაზღვრეები ხომ სსრკ-ს დაშლიდან დღემდე სომხეთის და რუსეთის მთლიან და აზერბაიჯანის საზღვრის 1/3-ზე დემარკაცია-დელიმიტაციის გარეშე დგანან, ისევე როგორც აზერბაიჯანის 2/3-ზე მხოლოდ კომისიების შეთანხმება არსებობს.
ყველა ყველაფერს ხედავს, ხოლო ინტერნეტი ყველაფერს ინახავს“, - წერს ამირან სალუქვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.